წყლის რეჟიმი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მდინარისპირა ტყე, რომელიც მჭიდროთაა დაკავშირებული წყლის ობიექტებთან

წყლის რეჟიმი — მდინარეთა წყლის ხარჯის, მდინარეები, ტბების, წყალსაცავებისა და ჭაობების დონეთა და მოცულობის ცვალებადობა დროში. წყლის რეჟიმი მჭიდროდ არის დაკავშირებული ჰავის სეზონურ ცვალებადობასთან.

თბილი ჰავის რაიონში წყლის რეჟიმზე ძირითად გავლენას ახდენს ატმოსფერული ნალექები და აორთქლება; ცივი და ზომიერი ჰავის რაიონში არსებითია ჰაერის ტემპერატურის როლი. მდინარის წყლის რეჟიმი ვლინდება დღე-ღამური, დეკადური, თვიური, სეზონური და მრავალწლოვანი ცვალებადობის სახით; შედგება დამახასიათებელი ფაზებისაგან, რომლებიც დამოკიდებულია მდინარის საზრდოობის პირობების სეზონურ ცვალებადობაზე.

განასხვავებენ წყლის რეჟიმის შემდეგ ფაზებს: წყალდიდობას, წყალმოვარდნასა და წყალმცირობას. მდინარის საზრდოობის რეჟიმი არათანაბარია წლის განმავლობაში ატმოსფერული ნალექების მოსვლის, თოვლისა და ყინულის დნობის და მათი წყლის მდინარეში ჩადენის უთანაბრობის შედეგად.

ტბის წყლის რეჟიმი განისაზღვრება ტბის ზედაპირზე მოსული ნალექების, აორთქლებული, ხმელეთის ზედაპირიდან და მიწისქვეშა გზით ტბაში ჩასული და ტბიდან გამოსული წყლის რაოდენობის შეფარდებით. ტბის დონის ცვალებადობა შეიძლება იყოს სეზონური, წლიური და მოკლევადიანი.

ჭაობის წყლის რეჟიმი განპირობებულია ადგილობრივი ჰავითა და ჰიდროლოგიური პირობებით, გარემოს რელიეფით, მცენარეულობის ხასიათით. სამეურნეო საქმიანობით ადამიანს სულ უფრო და უფრო დიდი ცვლილებები შეაქვს წყლის რეჟიმში.

ლიტერატურა[რედაქტირება]