წყარო (გეოგრაფია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მდინარე მისურის სათავე. უზარმაზარი დებიტის მქონე წყაროს გამოსავალი. წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბუნებრივ წყაროს
მდინარე ვიესენტის წყარო. წყაროს დებიტი განსაკუთრებით იზრდება მას შემდეგ, როდესაც იწყება ძლიერი თავსხმა წვიმები. (ბავარია, გერმანია)
თერმული წყარო

წყარომიწისქვეშა წყლის ბუნებრივი გამოსავალი დედამიწის ზედაპირზე. გამოსასვლელს პოულობს ხმელეთზე ან წყალქვეშ. წყაროების წარმოქმნას განაპირობებს წყლიანი ჰორიზონტის რელიეფის უარყოფითი ფორმებით (მდინარის ხეობა, ხევი, ქვაბული და სხვ.) გადაკვეთა, ადგილის გეოლოგიურ-სტრუქტურული თავისებურებები (ნაპრალები, ტექტონიკური რღვევები, მაგმური და დანალექი ქანების კონტაქტი), წყლიანი ჰორიზონტების ფილტრაციული არაერთგვაროვნება და სხვა.

კლასიფიკაცია სხვადასხვაგვარია. განსხვავებაა დებიტის მიხედვითაც. მაგ., არსებობს მუდმივი, სუსტად ცვალებადი, ცვალებადი წყაროები. გამოიყოფა მუდმივი, პერიოდული, სეზონური და სხვა ხასიათის წყაროები. ქიმიზმის მიხედვით განარჩევენ: მტკნარ, მინერალიზებულ და მარილიან წყაროებს; ტემპერატურის მიხედვით: მდუღარე, ცხელ, თბილ და ცივ წყაროებს. წყაროების ტემპერატურა დამოკიდებულია მისი მკვებავი მიწისქვეშა წყლის განლაგების სიღრმეზე, ამომყვანი არხის ხასიათზე, წყაროს გეოგრაფიულ და ჰიფსომეტრიულ მდებარეობაზე და მიწისქვეშა წყლების გარემომცველი გარემოს ტემპერატურულ რეჟიმზე.

საქართველოში 2000-მდე წყაროა, რომლებიც დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევიან. წყაროების ტერიტორიულ განლაგებაში შეიმჩნევა გარკვეული კანონზომიერება: კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ ფერდობებზე ძირითადად გვხვდება ცივი, ნახშირმჟავა ჰიდროკარბონატული წყაროები; მათი გამოსავლები უმეტესად ტექტონიკურ რღვევებთან არის დაკავშირებული. ამ რეგიონის მინერალურ წყალთაგან აღსანიშნავია: ავადჰარა, ბაგიათი, ვაჟას-წყარო, ლუგელა, სქური, უწერა, აგრეთვე ტყვარჩელისა და სხვა საბადოთა თერმული წყლები.

მთათაშორის ბარში მინერალური წყლების ბუნებრივი გამოსავალი მცირე რაოდენობითაა. მათი უმრავლესობა ნატრიუმქლორიანი ან ნატრიუმკალციუმიანია. მინერალური წყლების დიდი ნაწილი გამოვლენილია ჭაბურღილების საშუალებით. ამ რეგიონში აღსანიშნავია მენჯის, ცაიშის, განსაკუთრებით კი წყალტუბოს სამკურნალო წყლები.

საქართველოს ბელტისა და კავკასიონის შეხების ზოლშია ჯავის მინერალური წყარო, სამკურნალო ტალახის — ახტალის საბადო გურჯაანში. საქართველოს მინერალური წყლების რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილი თავმოყრილია აჭარა-თრიალეთის ნაოჭა მთათა სისტემის ფარგლებში. ამ წყლებში შემცველი ძირითადი აირია ნახშირორჟანგი. რეგიონის მინერალური წყლებიდან აღსანიშნავია: ბორჯომი, საირმე, ნაბეღლავი, ზვარე; თბილისის, ნუნისის და მახინჯაურის სამკურნალო წყლები. ცხელი წყაროების გამოსავლები საქართველოს დედაქალაქ თბილისშიცაა.

ზოგჯერ მიწისქვეშა ცხელი და ცივი წყაროები ღრმა ფენებში ხსნის კიროვან ქანებს და ამოაქვს ზედაპირზე, რომელიც მსუბუქი ფოროვანი ქანის სახით ილექება. მათ ტრავერტინებს უწოდებენ. ტრავერტინის დაგროვებით ზოგან მღვიმურ მდინარეთა კალაპოტებში ბუნებრივი კაშხლებია გაჩენილი. გვხვება კარსტულ მღვიმეებშიც. საქართველოში ტრავერტინი კარგადაა გამოხატული თრუსოს ხეობაში. ასევე ფართოდ ცნობილია ბრითათის ტრავერტინი. გვხვდება ასევე მდინარე პატარა ლიახვის სათავესა და მდინარე ლეხურას ხეობაში, ჯვრის უღელტეხილზე; დასავლეთ საქართველოში ტრავერტინი გვხვდება რაჭაში, იმერეთსა და სვანეთში.

მრავალწლოვანმზრალი ქანების გავრცელების არეებში იცის დაახლოებით 0 °C ტემპერატურის მქონე წყაროები, ხოლო ვულკანურ არეებში ცხელი, ხშირად პულსაციური რეჟიმის მქონე წყაროები.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Альтовский М. Е., Классификация родников, в сборнике: Вопросы гидрогеологии и инженерной геологии, Сб. 19, М., 1961;
  • Климентов П. П., Общая гидрогеология, 3 изд., М., 1971;
  • Овчинников А. М., Общая гидрогеология, 2 изд., М., 1954.
  • Геологический словарь, т 2, М-Я. Москва. 1955.