წნევა სითხესა და აირში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სითხის იმ ზედაპირს, რომელიც არ ეხება ჭურჭლის კედლებს, სითხის თავისუფალი ზედაპირი ეწოდება. დენადობის გამო სითხე ყოველთვის ისეთ ფორმას იღებს, რომ მისი თავისუფალი ზედაპირი მასზე მოქმედი ძალის მართობულია. ამიტომ ჭურჭელში სიმძიმის ძალის მოქმედებით გაწონასწორებული წყლის ზედაპირი ჰორიზონტალურია. ამ თვისებას იყენებენ თარაზოში - ხელსაწყოში, რომლითაც შეიძლება დავადგინოთ, თარაზულია თუ არა ზედაპირი. ნებისმიერ ჰორიზონტალურ ზედაპირს დონე ეწოდება. ცდები ადასტურებს, რომ სითხეში წნევა ერთსა და იმავე დონეზე ყველა მიმართულებით ერთნაირია. სითხის თავისუფალი ზედაპირიდან სიღრმის გაზრდისას წნევა იზრდება. სიმძიმის ძალის მოქმედებით გამოწვეულ სითხის წნევას ჰიდროსტატიკური წნევა ეწოდება.