წმინდა კლეონიკე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წმინდა კლეონიკე ამასიელი

წმინდა კლეონიკე - მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 3 მარტი, ახალი სტილით - 16 მარტი. იგი წმინდანად აღიარებულია თვის ძმასთნ ევტროპისთან ერთად, რომლებიც ამასიაში 308 წლის 3 მარტს ჯვარს აცვეს.

წმინდა მოწამე კლეონიკე დიდმოწამე თეოდორე ტირონის გარდაცვალების შემდეგ ციხეში გამოკეტეს თავის ძმასთან და მეგობარ ვასილისკოსთან ერთად, სადაც მრავალი პატიმარი მოაქციეს ქრისტეს სჯულზე.

ამასიის ახალმა მმართველმა ასკლიპიოდოტმა თავისთან დაიბარა ქრისტეს ერთგული აღმსარებლები. მისი ბრძანებით მორწმუნენი სასტიკად სცემეს. წამების დროს წმინდა ევტროპი ხმამაღლა ლოცულობდა, ლოცვის პასუხად წმინდა მოწამეებს თვით უფალი გამოეცხადა ანგელოზებთან და დიდმოწამე თეოდორე ტირონთან ერთად და დახმარება აღუთქვა.

ეს გამოცხადება იხილეს წმინდა მოწამეებთან მყოფმა ჯარისკაცებმა და ასკლეპიოდოტს წამების შეწყვეტა სთხოვეს. მმართველი შეშინდა და ქრისტიანთა გაყვანა ბრძანა, შემდეგ ევტროპი მოიხმო და ურჩია, წარმართული ღმერთებისათვის სახალხოდ შეეწირა მსხვერპლი, გულში კი ქრისტიანად დარჩენილიყო, წმინდანმა უარი განაცხადა.

მეორე დღეს წმინდა მოწამენი წარმართულ ტაძართან მიიყვანეს და მოსთხოვეს, კერპთმსახურება აღესრულებინათ. ევტროპიმ ლოცვა აღავლინა მაცხოვრის მიმართ: „უფალო, იყავნ ჩვენთან, წარმართთა სიცოფე განაქარვე, რათა ქრისტიანებმა შესწირონ უსისხლო მსხვერპლი შენდა, ჭეშმარიტი ღვთის მიმართ“. ლოცვის დამთავრებისთანავე მიწა იძრა, ტაძრის კერპი დაიმსხვრა, ზეციდან კი გაისმა: „თქვენი ლოცვები შესმენილ იქნა. აქ აშენდება ტაძარი ქრისტიანთა სალოცავად“.

მიწისძვრის დამთავრების შემდეგ ასკლეპიოდიტმა ბრძანა, მიწაში სარები ჩაესოთ, მასზე მიებათ წმინდანები და ადუღებული ფისი გადაესხათ. წმინდანებმა ლოცვა დაიწყეს, ევტროპიმ კი მტანჯველებს გასძახა: „უფალმან მოაქციოს საქმენი თქვენნი თქვენდა“. ადუღებული ფისი მოწამეთა სხეულმა სასწაულებრივად აისხლიტა და ჯალათები დაწვა. ამის მნახველებს თავზარი დაეცათ, გამძვინვარებულმა მმართველმა კი ბრძანა, რკინის მარწუხებით დაეგლიჯათ წმიდანთა სხეულები და მარილიანი და ძმრიანი მდოგვი დაეყარათ წყლულებზე. წმინდანებმა ეს ტანჯვაც გასაოცარი სიმშვიდით აიტანეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.