წისქვილი (თანამედროვე)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წისქვილი (თანამედროვე) — სხვადასხვა მასალის დაწვრილმანებისათვის განკუთვნილი მანქანა ან აპარატი. წისქვილი ორგვარია: აეროდინამიკური ანუ ჭავლიანი და მექანიკური. პირველი მასალას აწვრილმანებს მმსხვრეველების გამოუყენებლად, მექანიკური კი — მმსხვრეველების საშუალებით. მექანიკური წისქვილი შეიძლება იყოს დოლიანი, გორგოლაჭიანი, ჯამიანი (რბია) და დისკოებიანი. აეროდინამიკურ წისქვილში მასალა წვრილმანდება ჰაერის ჭავლით გატაცებული დიდი სიჩქარით მოძრავი მადნის ნატეხების ერთმანეთთან და მოძრაობის გზაზე აღმართულ ფართან შეჯახების შედეგად. მექანიკურ წისქვილში — ბრუნვისას მმსხვრეველების დარტყმისა და მათ შორის მოხვედრილი მასალის გასრესის შედეგად. მუშა ორგანოს ფორმისა და სახეობის მიხედვით წისქვილები პირობითად შეიძლება დაიყოს 5 ჯგუფად (იხ. ცხრილი: წისქვილების კლასიფიკაცია).

წისქვილის ჯგუფები წისქვილის სახეობა მუშა ორგანოს სახეობა
  1. ა)
  2. ბ)
  3. გ)
  4. დ)
  5. ე)
  1. დოლური, მათ შორის: ბურთულებიანი, ღეროებიანი, თვითდაწვრილმანებისა
  2. გორგოლაჭიანი, მათ შორის: გლინებიანი, რგოლური, რბიებიანი
  3. ჩაქუჩებიანი და თითებიანი (დეზინტეგრატორი)
  4. ვიბრაციული
  5. ჭავლური
  1. ბურთულები, ღეროები
  2. გორგოლაჭები, გლინები, რგოლები, რბიები
  3. ჩაქუჩები, შოლტები, ბიტები
  4. ბურთულები
  5. ჰაერის ჭავლი

სასარგებლო წიაღისეულის გასამდიდრებლად, ცემენტის წარმოებაში, ენერგეტიკაში (ქვანახშირის მტვრის დასამზადებლად), ქიმიურ და მეტალურგიულ მრეწველობაში ფართოდ იყენებენ დოლურ წისქვილებს. დოლის ფორმის მიხედვით წისქვილი არის ცილინდრული, კონუსური და მილისებრი. დაფქვილი მასალის განტვირთვა შეიძლება იყოს ცენტრალური ან პერიფერიული. პირველ შემთხვევაში დაწვრილმანებული მასალა გამოდის განსატვირთი პოჭოჭიკიდან უშუალოდ, მეორე შემთხვევაში კი იგი გაივლის დიაფრაგმას ან გისოსს და დოლის ღია ტორსიდან ან ღრუ პოჭოჭიკიდან გამოედინება. ცენტრალური განტვირთვისას მასალა ღერძული მიმართულებით ნელა გადაადგილდება, ამიტომ შედარებით წვრილად იფქვება. პერიოდული ინტენსიური განტვირთვისას პროდუქცია მსხვილმარცვლიანი გამოდის. გრძელ ცილინდრში მასალის თავიდან ბოლოში გავლას მეტი დრო სჭირდება, ამიტომ მასალა წმინდად იფქვება. მრავალკამერიან მილისებურ წისქვილში მასალა კამერიდან კამერაში თანამიმდევრობით გადადის (დიაფრაგმების მეშვეობით). პირველ კამერაში მსხვილი ბურთულებია, უკანასკნელში კი — წვრილი. დოლიან წისქვილში მმსხვრეველებად იყენებენ ბუნებრივ კენჭს, ფოლადის ბურთულებს ან ღეროებს და დასაფქვავი მადნის მსხვილ ნატეხებს (300 მმ-მდე). თანამედროვე წისქვილის დოლის დიამეტრია 0,9 - 5 მეტრი, სიგრძე — 0,9 - 8 მეტრი (ცემენტის წარმოებაში, შესაბამისად, 4 მეტრი და 15 მეტრი).


ლიტერატურა[რედაქტირება]