წითელი ბრიგადები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წითლი ბრიგადების დროშა

წითელი ბრიგადები (იტალ. Brigate Rosse) — იტალიური მემარცხენე ტერორისტული ორგანიზაცია. დაარსდა 1970 წელს და თითქმის 20 წელი იარსება. ამ ხნის განმავლობაში მის შემადგენლობაში ირიცხებოდა რამდენიმე ათასი ადამიანი. მის შექმნაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ტრენტონის უნივერსიტეტის სოციოლოგიურმა ფაკულტეტმა. ამ ფაკულტეტზე 1960–იანი წლების ბოლოს „წითელი ბრიგადების“ რამდენიმე ლიდერი სწავლობდა. ისინი მკვეთრად განსხვავდებოდნენ სხვა მეამბოხე ახალგაზრდებისგან, რომლებიც მარშირებდნენ იტალიის ქალაქის ქუჩებში და ანტისაომარ ლოზუნგებს გაიძახოდნენ. სადად ჩაცმულები, კოხტად შეკრეჭილები, ისინი სწავლისგან თავისუფალ დროს დისკუსიებსა და კითხვაში ატარებდნენ. მათი საყვარელი ავტორები იყვნენ კარლ მარქსი, კარლ კაუცკი, ჰერბერტ მარკუზე, მაო ძედუნი. „წითელი ბრიგადების“ თეორეტიკოსი იყო ანტონიო ნეგრი.

„წითელი ბრიგადები“ მოქმედების საწყის ეტაპზე[რედაქტირება]

1969 წლის 1 ნოემბერს კაივარის სასტუმრო „სტელა დელ მარეში“ გაიმართა მემარცხენე დაჯგუფების რამდენიმე ათეული აქტივისტის საიდუმლო შეხვედრა, სადაც განიხილეს მოქმედების ტაქტიკა და სადაც ამ ორგანიზაციის ბირთვი შეიქმნა. სემინარზე გამოსვლისას რენატო კურჩომ შეკრებილებს „შეიარაღებულ ბრძოლაზე“ გადასვლისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ეს იყო „კაპიტალის ბატონობისგან განთავისუფლების ერთადერთი გზა“. ერთი წლის შემდეგ, 1970 წლის 20 ოქტომბერს ერთ–ერთ მემარცხენე სააგიტაციო ფურცლებზე გაჩნდა „ოფიციალური“ შეტყობინება „წითელი ბრიგადების“ შექმნის შესახებ. ეს იყო პროლეტარული ორგანიზაცია, რომელიც აპირებდა ბრძოლას „ბატონებისა და იმ ხალხის წინააღმდეგ, ვინც მათ ემსახურებოდა“.

ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი რაიონი იყო მილანი–ტურინი–გენუას ზონა. მისი მებრძოლების პირველი ტერაქტი იყო საწყობების დაწვა, ფაბრიკებისა და ქარხნების გაფუჭება, აფეთქებები, მუქარით სავსე ფურცლების გავრცელება:„გეშინოდეთ პატრონების ჭუჭყიანო მსახურებო“. მალე ისინი ინდივიდუალური ტერაქტის ტაქტიკაზე გადავიდნენ. მათი მსხვერპლი ხდებიან „სისტემის მსახურები“:ინჟინრები, სასამართლოს მოხელეები, ადვოკატები, მოგვიანებით, პოლიტიკური მოღვაწეები. მოგვიანებით მათ ხელისუფლების წარმომადგენელთა გატაცების ოპერაციები დაიწყეს, ამ უკანასკნელებზე „სახალხო სასამართლოს“ ორგანიზების მიზნით. პირველი ასეთი სასამართლო პროცესი მათ 1974 წლის გაზაფხულზე გატაცებულ გენუის პროკურორს მარიო სოსსის მოუწყეს. სოსსი ბრალმდებლად გამოდიოდა ხოლმე პოლიტიკურ პროცესებზე. მათი თავისუფლებისათვის ტერორისტები ე.წ. 22 ნოემბრის დაჯგუფების 8 დაკავებული ხელმძღვანელის განთავისუფლებას ითხოვდნენ.

წითელი ბრიგადების წევრები დიდი ყურადღებას უთმობდა კონსპირაციას. სპეციალურ სახელმძღვანელოში ეწერა, რომ ორგანიზაციის წავრთა ბინა უნდა იყოს უბრალო. მეზობლებთან თავაზიანი უნდა იყვნენ. განსაზღვრული საათის შემდეგ არ ჩართონ რადიომიმღებები და არ უსმინონ მუსიკას. არ იყო რეკომენდებული საკუთარ რაიონში რაიმეს ყიდვა და კაფეში შესვლა.

წითელი ბრიგადების აქტიური წევრები იყო ბარბარა ბალტერანი. ლეგალურ ცხოვრებაში ის ერთ–ერთ მუნიციპალურ ოლქში წესიერ მოსამსახურედ მუშაობდა. არც ერთ მის თანამშრომელს ეჭვი არ გასჩენია, რომ ამ გოგონას იტალიის პოლიციის ნახევარი ეძებდა. ორი დღით საავადმყოფო ფურცლის აღების შემდეგ ბარბარა გაემგზავრა ტურინში, სადაც იქაურ ადვოკატთა კოლეგიის თავმჯდომარე მოკლა. მის ბინაში იარაღის არსენალი ინახებოდა. ბარბარა პირადად უკეთებდა ოპერაციებს დაჭრილ ბრიგადელებს, ხოლო თავისი დაწესებულების ბლანკებით ტერორისტებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა. ის იყო ერთადერთი ქალი, რომელიც წითელი ბრიგადების ხელმძღვანელობაში მოექცა.

მიუხედავად მკაცრი კონსპირაციისა, ეს ორგანიზაცია ღალატისგან დაცული მაინც ვერ აღმოჩნდა. მის რიგებში პროვოკატორებმა და სპეცსამსახურის ჯაშუშებმა შეაღწიეს. ერთ–ერთი ასეთი პროვოკატორი პოლიციელი ს.ჯიროტო იყო, რომელმაც ხელმძღვანელები პოლიციაში ჩაუშვა. 1974 წლის ბოლოს დააპატიმრეს ორგანიზაციის ლიდერები კურჩო, ფრანჩესკინი, ონინბე, მაურიციო და სხვ. თუმცა კურჩო თავისი ცოლის მ. კაგოლის დახმარებით, მალე ციხიდან გაიქცა. მოგვიანებით კაგოლი კარაბინერებმა მოკლეს ბრიგადელების ტყვეობიდან ვალერიანო განჩას განთავისუფლებისას. 1976 წელს კურჩო ისევ დააპატიმრეს და ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს.

ბრიგადელების საქმიანობის მეორე ეტაპი[რედაქტირება]

ძველი ხელმძღვანელების დაკავებას ორგანიზაციის დასუსტება არ მოჰყვა. პირიქით, მისი საქმიანობა უფრო მასშტაბური და ინტენსიური გახდა. მან ახალი ფორმა მიიღო. 1974–1975 წლებში „წითელი ბრიგადები“ გარდაიქმნა. შეიქმნა „სტრატეგიული სარდლობა,“ რომლის წევრები როგორც არალეგალები, ასევე ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ და „აღმასრულებელი სარდლობა“, რომელიც ოპერაციებს ხელმძღვანელობდა. „წითელი ბრიგადები“ შედგებოდა ტერორისტული იატაკქვეშა ჯგუფის, დაზვერვისა და ინფორმაციის სამსახურისგან, რომელიც სხვადასხვა სათავრობო უწყებასა თუ საწარმოში თავის ხალხს აგზავნიდა. „ბრიგადები“ სვეტების პრინციპით იყო ორგანიზებული– რომის, გენუის, ვენეციის და ტურინის. სვეტები 4–5 კაციან ბრიგადებად იყოფოდა. ყოველ ქვედანაყოფს თავისი საიდუმლო ბინა, იარაღი, ასაფეთქებელი მასალების, დოკუმენტების საიდუმლო საწყობი ჰქონდა. 1975 წლიდან ბრიგადელები შეიარაღებული ძალადობის, ტერორის, მკვლელობებისა და ბარბაროსული წამების ტაქტიკაზე გადავიდნენ. ჯგუფის საქმიანობის „პიკი“ 1976–1981 წლებზე მოდის. სავარაუდო იყო, რომ ბრიგადელების თანამზრახველები სახელისუფლო და სამართალდამცავ სტრუქტურებშიც ჰყავდათ. იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 1976–დან 1979 წლამდე მათ 8789 ტერაქტი განახორციელეს.გამოსასყიდის სახით 1977–1982 წლებში 430 გატაცებული ადამიანისგან „წითელმა ბრიგადებმა“ 200 მლნ დოლარი მიიღო. 1979 წლამდე ბრიგადელებს ჩავარდნა თითქმის არ ჰქონდათ, მაგრამ შემდეგ პოლიციამ და სპეცსამსახურებმა მათ დიდი დარტყმა მიაყენეს. ტერორისტთა ნაწილი შეტაკებებში დაიღუპა, სხვები გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ, ნაწილი საზღვარგარეთ გაიქცა.

მოროს ოპერაცია[რედაქტირება]

„წითელი ბრიგადების“ ერთ–ერთი გახმაურებული ტერაქტი იყო იტალიის გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწის, მმართველი ქრისტიანულ–დემოკრატიული პარტიის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის ალდო მოროს გატაცება. ის ტერორიზმის ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე უკეთ ორგანიზებული და ყველაზე უკეთ განხორციელებული აქტი. თავდაპირველად პრემიერ–მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის გატაცებაზე ფიქრობდნენ, მაგრამ ბოლოს მოროს კანდიდატურაზე შეჩერდნენ. ის გამოჩენილი ფიგურა იყო იტალიის ცხოვრებაში. ტრაგიკული მოვლენები 1978 წლის 16 მარტს დატრიალდა, როდესაც მორო გაიტაცეს. ვარაუდობდნენ, რომ გატაცებაში 60 კაცამდე მონაწილეობდა. ორი დღის შემდეგ გაზეთ მასაჯეროს რედაქციაში შეაგდეს პოლაროიდის აპარატით გადაღებული ფოტო, სადაც გამოსახული იყო მორო წითელი პიჯაკით, მაგრამ უჰალსტუხოდ, დროშის ფონზე, რომელზეც იყო წარწერა „წითელი ბრიგადები“. ფურცელზე იყო შეტყობინება, რომ მოროს „სახალხო პროცესზე გაასამართლებდნენ“. მისი განთავისუფლებისთვის ტერორისტები თავიანთი 13 მეგობრის განთავისუფლებას მოითხოვდნენ. გატაცების მიზანი იყო ხელისუფლების იძულება წასულიყო მოლაპარაკებაზე, ეღიარებინა „წითელი ბრიგადები“ პოლიტიკის სუბიექტად და ორგანიზაციად, რომელიც ყველა შეიარაღებულ დაჯგუფებას წარმოადგენდა. ცხრა დღის შემდეგ გამტაცებლებმა ერთდროულად რომში, მილანში, ტურინში, გენუაში გაავრცელეს ე.წ. „კომუნიკეები“, რომელშიც მოროს „პროცესის“ დაწყების შესახებ იტყობინებოდნენ. შემდეგ კვლავ პაუზა წარმოიშვა. 180 ათასი პოლიციელი ეძებდა დამნაშავეებს, მაგრამ ამაოდ. რომის პაპმა პავლე VI–მ თხოვნით მიმართა ტერორისტებს:„ხალხნო წითელი ბრიგადებიდან, მუხლმოდრეკილი გევედრებით გაანთავისუფლეთ უდანაშაულო ადამიანი“. ტერორისტები საზოგადოებრივ აზრზე წამრამტებით ზემოქმედებდნენ. ისინი აიძულებდნენ მოროს წერილებით მიემართა ხელისუფლების წარმომადგენელთათვის და შემდეგ ამ წერილების შინაარსს თავიანთი „კომუნიკეებით“ ავრცელებდნენ. მორო დაუყოვნებლივ დახმარებას ითხოვდა, ხელისუფლებას ტერორისტების წინადადების მიღებას თხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრებოდა, რომ სახელმწიფოს მაკომპრომიტირებელ ინფორმაციას გასცემდა. ხელისუფლება არ რეაგირებდა. 9 მაისს წითელი რენოს საბარგულში მოროს გვამი იპოვეს. ტერაქტის ორგანიზატორების დაკავება პოლიციამ მხოლოდ სამო წლის შემდეგ შეძლო. როდესაც პოლიციამ ტერორისტების მეთაურ მარიო მორეტის ალყა შემოარტყა, მან დაიყვირა:„მე მორეტი მაქვს. ჩემს თავს პოლიტიკურ პატიმრად ვაცხადებ!“ მორეტი იტალიაში „ყველაზე ძებნილ პიროვნებად“ იყო აღიარებული. ეს იყო ადამიანი–მოჩვენება, გარდასახვის ოსტატი. პოლიციას მისი არც სურათი ჰქონდა, არც თითების ანაბეჭდი. მის სინდისზე არაერთი ცნობილი ადამიანის მკვლელობა იყო. „წითელი ბრიგადების“ ერთ–ერთი ხელმძღვანელის დაკავება სერიოზული წარმატება იყო პოლიტიკური ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„წითელი ბრიგადები“ 1980–იან წლებში[რედაქტირება]

1979 წელს „წითელმა ბრიგადებმა“ გამოაცხადეს „ნადირობა კარაბინერებსა და პოლიცილელებზე“, მაგრამ მას უკვე აღარ ჰყოფნიდა პროფესიონალი კადრები, ტერორისტები. 1980 წელს გამოქვეყნდა 112 გვერდიანი „დეკლარაცია“, რომელშიც ტერორის გაგრძელებაზე იყო საუბარი, მათ შორის, კომუნისტების წინააღმდეგაც. იტალიელმა კანონმდებლებმა გარკვეული ზომები მიიღეს ტერორიზმის პროფილაქტიკისათვის. მაგალითად, კანონის მიხედვით, პოლიციასთან თანამშრომლობისთვის ტერორისტს სასჯელი უმსუბუქდებოდა. 1980 წელს მონანიებულმა ტერორისტებმა სენსაციური ჩვენებები მისცეს, რამაც პოლიციას მათი უმრავლესობის დაპატიმრების საშუალება მისცა. მთლიანად განადგურდა 5–დან 4 სვეტი (გარდა გენუისა). 1983 წელს იატაკქვეშეთში ათასზე მეტი „ბრიგადელი“ იმყოფებოდა. 400–მა მოინანია. ხელმძღვანელებმა აღიარეს, რომ იტალიელ ტერორისტებს კონტაქტი ჰქონდათ გერმანელ და ირლანდიელ ტერორისტებთან. მათგან მიიღეს იტალიელებმა შეიარაღება. 1984 წელს „წითელი ბრიგადები“ ორ ფრაქციად გაიხლიჩა: წითელი ბრიგადები–მებრძოლი კომუნისტური პარტია და წითელი ბრიგადები–მებრძოლი კომუნისტური კავშირი. პირველში სჭარბობდნენ „მოხუცები“. მათ აქცენტი გააკეთეს პოლიტიკურ პროპაგანდისტულ მუშაობაზე მასებში. თავიანთ მტრად ისინი საბჭოთა კავშირსა და აშშ–ს მიიჩნევდნენ, ბრძოლის საუკეთესო მეთოდად კი ტერორს. ამ პერიოდისათვის ცნობილი რჩებოდა პოლიციელისთვის ცნობილი 360 ტერორისტი. მათი ნაწილი მოკლეს,ნაწილი დააპატიმრეს. უმრავლესობამ აქტიურ საქმიანობას თავი დაანება. ტერაქტების რიცხვი საგრძნობლად შემცირდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ფრანგი და გერმანელი მემარცხენეებისგან განსხვავებით, რომლებმაც 1985 წლის დასაწყისში ხელი მოაწერეს შეთანხმებას ერთიანობის შესახებ, ბრიგადელები განზე გადგნენ. 1988 წელს მორიგი ტერაქტის მზადებისას„ წითელი ბრიგადების“ უკანასკნელი ხელმძღვანელი ა.ფოსა 21 ტერორისტთან ერთად დააკავეს. 1990–იან წლებში „წითელი ბრიგადების“ ნარჩენებმა (პოლიციის მონაცემებით, არაუმეტეს 60 კაცისა), რამდენიმე უმნიშვნელო ტერაქტი მოაწყვეს, რომლებსაც მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამით დასრულდა ამ ორგანიზაციის ისტორია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Giovanni Fasanella and Alberto Franceschini (with a postface from judge Rosario Priore, who investigated on Aldo Moro's death), Che cosa sono le BR I Miserabili ( "BRIGADES ROUGES. L'Histoire secrète des Red Brigades racontée par leur fondateur, Alberto Franceschini. Entretien avec Giovanni Fasanella." Editions Panama, 2005 a review by Le Monde and another review by L'Humanité
  • A Giovanni Fasanella's bibliography
  • Terrorist Group Profiles, Dudley Knox Library, Naval Postgraduate School.
  • Antonio Cerella, Il ritorno della violenza - Le BR dal ventennio rosso al XXI secolo, Roma: Il Filo, 2007.
  • Amedeo Benedetti, Il linguaggio delle nuove Brigate Rosse, Genova: Erga, 2002.
  • Yonah Alexander and Dennis A. Pluchinsky. Europe's Red Terrorists: The fighting Communist Organizations. Routledge, October 1992.