ვასილ წერეთელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან წერეთელი, ვასილ)
ვასილ წერეთელი
დაბადების თარიღი 1862
დაბადების ადგილი ცხრუკვეთი
გარდაცვალების თარიღი 1937
განათლება კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტი

ვასილ წერეთელი (დ. 1862, ცხრუკვეთი — გ. 1937, თბილისი) — ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ექიმი და პუბლიცისტი, აკადემიკოს გიორგი წერეთლის (1904-1973) და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის თინათინ წერეთლის (1903-1980) მამა, გამოჩენილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის მიხაკო წერეთლის (1878-1965) უფროსი ძმა.

იგი იყო იმერეთის მეფის სოლომონ I-ის კარის მოძღვრის სვიმონ წერეთლის (მისგან იღებს სათავეს მოძღვრიშვილ-წერეთელთა ცნობილი საგვარეულო) და იმერეთის მეფის დავით II-ის ასულის ატატო ბაგრატიონის შთამომავალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვასილ წერეთელმა 1883 წელს დაასრულა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და 1884 წელს შევიდა ოდესის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. ხალხოსნურ მოძრაობაში აქტიური მონაწილეობისათვის (იგი იყო ვარლამ ჩერქეზიშვილის მიერ დაარსებული ცნობილი ორგანიზაციის „ნაროდნაია ვოლიას“ წევრი) 1887 წელს გარიცხეს უნივერსიტეტიდან. მოგვიანებით, 1898 წელს, დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი.

საექიმო, პუბლიცისტური და საზოგადოებრივი მოღვაწეობა 1887-1893 და 1898-1918 წლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოდესის უნივერსიტეტიდან გარიცხვის შემდეგ, 1887 წელს ვასილ წერეთელი დაბრუნდა სამშობლოში. თითქმის ხუთი წლის მანძილზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ბათუმში, იყო რუსულენოვანი გაზეთის „ჩერნომორსკი ვესტნიკის“ რედაქტორი.

კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, 1898-1900 წლებში იგი იყო ჭიათურის საავადმყოფოს გამგე. 1900-1908 წლებში საექიმო მოღვაწეობას ეწეოდა თბილისსა და თიანეთში. 1908 წლიდან მოღვაწეობდა ქუთაისში - იყო ქუთაისის ამბულატორიის გამგე და ქუთაისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიის ჰიგიენის მასწავლებელი.

ზემოთ აღნიშნულ წლებში ვასილ წერეთელი ეწეოდა აქტიურ პუბლიცისტურ მოღვაწეობას. მისი წერილები ხშირად ქვეყნდებოდა გაზეთებში „დროება“,„ივერია“, „ცნობის ფურცელი“, „იმერეთი“, „საქართველო“. 1912 წელს იგი იყო გაზეთ „იმერეთის“ ერთ-ერთი ფუძემდებელი, შემდეგ კი - რედაქტორი. 1916-1917 წლებში რედაქტორობდა ქუთაისში გამომავალ პოპულარულ გაზეთებს „სამშობლო“ და „ჩვენი ქვეყანა“. აღსანიშნავია, რომ მან შეადგინა და გამოსცა „სამეცნიერო-საფილოსოფიო ტერმინოლოგია“, რომელიც წარმოადგენდა ამ ხასიათის პირველ გამოცემას ქართულ ენაზე.

იმავე წლებში ვასილ წერეთელი აქტიურად იღვწოდა პოლიტიკურ სარბიელზეც. 1900-იანი წლების დამდეგიდან იგი იყო ქართველ სოციალ-ფედერალისტთა პარტიის წევრი, ხოლო 1917 წელს მისი უშუალო მონაწილეობით დაარსდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, რასაც საფუძვლად დაედო ილია ჭავჭავაძის მიერ 1905 წელს შედგენილი პროგრამა. წერეთელი იყო ამ პარტიის ერთ-ერთი უთვალსაჩინოესი მოღვაწე.

1890-იანი წლების დამლევს ვასილ წერეთელი გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი.

ვასილ წერეთელი 1918-1921 წლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1917 წელს საქართველოს ეროვნულმა ყრილობამ ვასილ წერეთელი აირჩია ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის 26 მაისს სწორედ საქართველოს ეროვნული საბჭოს საგანგებო სხდომაზე იქნა მიღებული საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი, რომელსაც ამშვენებს ვასილ წერეთლის ხელმოწერაც. 1919-1921 წლებში იგი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული პარლამენტის, - დამფუძნებელი კრების, წევრი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან.

1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკური რუსეთის წითელმა არმიამ მოახდინა საქართველოს ოკუპაცია. ამის შემდეგ ვასილ წერეთელი ჩამოსცილდა აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას.

1921-1937[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1921-1926 წლებში ვასილ წერეთელი საექიმო მოღვაწეობას ეწეოდა ქუთაისში. 1926 წლის დამდეგიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისში. 1926-1930 წლებში იგი იყო ქართული სამედიცინო ჟურნალის „ჯანსახკომის მოამბე“ რედაქტორი.

გარდაიცვალა 75 წლის ასაკში. დაკრძალეს თბილისში, ვერეს სასაფლაოზე. 1980-იანი წლების დამდეგს, სასაფლაოს მახლობლად კორპუსების მშენებლობასთან დაკავშირებით, სასაფლაოს ჩამოაჭრეს მოზრდილი ნაწილი. ამ ბარბაროსულ ქმედებას შეეწირა ვასილ წერეთლის საფლავიც.

2012 წლის 18-20 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის და ჭიათურის მუნიციპალიტეტის ეგიდით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სააქტო დარბაზში და ქ. ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის თეატრში, ჩატარდა ვასილ წერეთლის დაბადებიდან 150-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია. ამ თარიღთან დაკავშირებით, ვასილ და მიხაკო წერეთლების სახელი მიენიჭა ქუჩას ჭიათურაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სიდამონიძე უ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 306-307.
  • ღვალაძე თ., ვასილ წერეთელი. — გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 9 სექტ. 1988.
  • ბიწაძე ლ., არდავიწყება მოყვრისა, ქუთაისი, 2004, გვ. 155-156.
  • ჭუმბურიძე დ., ისტორიული პორტრეტები, თბ., 2008, გვ. 154-176
  • ჯანელიძე ო., ნარკვევები საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ისტორიიდან, თბ., 2002.
  • ვასილ წერეთლის (1862-1937) დაბადებიდან 150-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია (თბილისი-ჭიათურა, 2012 წლის 18-20 ოქტომბერი). პროგრამა და მასალების კრებული. პ/მგ. რედაქტორი ლევან ზ. ურუშაძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გამოცემა, თბილისი-ჭიათურა, 2012, 86 გვ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]