წახები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წახები, წახურებიდაღესტნის მაღალმთიანეთის (მდინარე სამურის ზემო წელის) მკვიდრი მოსახლეობაა. დღევანდელი ადმინისტრაციული დაყოფით, ისინი რუთულის რაიონის დასავლეთ ნაწილის მკვიდრნი არიან. ამ ტერიტორიას წარსულში რუთულის მაგალი ეწოდებოდა. დაღესტანში წახურების რაოდენობა 5,2 ათასი კაცია (რუსეთის ფედერაციაში 6,5 ათასი კაცი). მაგრამ წახურების უმეტესობა თავისი ისტორიული სამშობლოს გარეთ არის განსახლებული დღევანდელი აზერბაიჯანის სახელმწიფოს ტერიტორიაზე (13,6 ათასი კაცი). აზერბაიჯანში კი ისტორიული საქართველოს ტერიტორიაზე, აღმოსავლეთ კახეთში ანუ დღევანდელ საინგილოში ბინადრობენ, რომელიც ადმინისტრაციული დაყოფით ზაქათალას, კახისა და ბელაქნის რაიონებს მოიცავს. წახურების საერთო რაოდენობა 20,1 ათასი კაცია.

ლაპარაკობენ წახურ ენაზე, რომელიც განეკუთვნება ნახურ-დაღესტნური ენების ლეზგიურ ქვეჯგუფს. დაღესტანში წახების ლიტერატურული ენაა რუსული, აზერბაიჯანში — აზერბაიჯანული. სუნიტი მუსლიმანები არიან. ძირითადი საქმიანობაა მესაქონლეობა (ძირითადად მეცხვარეობა), აგრეთვე მიწათმოქმედება. განვითარებულია მატყლის დამუშავება და ფეიქრობა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეთნონიმი წახი (თვითსახელწოდებაა იიხბი) წახურელთა მთავარი სოფლის სახელიდან წახური მომდინარეობს. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ VII საუკუნის სომხურ გეოგრაფიაში მოხსენიებული ცახაიკამები დღევანდელი წახურების წინაპრები არიან. საისტორიო ლიტერატურაში ისიც აღნიშნულია, რომ წახურები კავკასიის ალბანეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში შედიოდნენ. ეპიგრაფიკული ძეგლების მიხედვით, მათ ისლამი X-XI საუკუნეში მიიღეს. XI-XIII საუკუნეებში წახურში არსებობდა მედრესი, სადაც სწავლა არაბულ ენაზე მიმდინარეობდა. XV საუკუნეში წახურული საზოგადოებების გაერთიანებას სათავეში ედგა წახურის სულთანი. წახურელების აღმოსავლეთ კახეთში ჯგუფური გადასახლების გამო, XVIII საუკუნეში წახურის სულთანმა რეზიდენცია სოფელ ელის უში გადაიტანა, რასაც ხშირად ელი სუს სასულთნოსაც უწოდებდნენ.

სამეურნეო საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წახურების ტრადიციული საქმიანობა იყო სახვნელი მიწათმოქმედება და მესაქონლეობა. XVI-XVII საუკუნეებში აღმოსავლეთ კახეთში გადმოსახლების შემდეგ, წახურელებმა სამეურნეო-კულტურული წყობა (ზონალური სპეციალიზაციით) შექმნეს. ერთი თემი ერთი დასახელებით წახურშიც ცხოვრობდა და საინგილოშიც. საინგილოში დასახლებულ ნათესავთა ერთი ნაწილი ზამთრისათვის საქონლის საკვებს ამზადებდა, მიწათმოქმედებას მისდევდა, მეორე, მთაში დარჩენილ ნაწილს, საქონელი საზაფხულო საძოვრებზე ჰყავდა და მეცხოველეობის პროდუქტებს ამზადებდა. მთაში სახვნელი მიწის სიმცირისა და სათიბების ნაკლებობის გამო, მრავალი ოჯახი ზამთარში მომთაბარეობდა ისტორიულ აღმოსავლეთ კახეთში, ზაფხულში კი მთიან მაგალში ბრუნდებოდნენ. შეიქმნა გარესამუშაობზე გასვლის თავისებური ფორმა. როგორც წახურში, ისე საინგილოში სახვნელი მიწები კერძო საკუთრებაში იყო, სათიბი, საძოვარი და ტყე კი სათემო საკუთრებას წარმოადგენდა. არსებობდა საკუთრების მესამე ფორმაც სავაკუფო. ეს იყო მეჩეთებისათვის მორწმუნეთა მიერ შეწირული მიწები. არ შეიძლებოდა ვაკუფის გაყოფა და გასხვისება. წახურში მთის მიწათმოქმედება ურწყველი იყო. საინგილოში განვითარებული იყო სარწყავი მიწათმოქმედება. მესაქონლეობაში უპირატესობას მეცხვარეობას ანიჭებდნენ. ჰყავდათ ბევრი ცხენი. მთაში ერთადერთი საჭაპანო და საჯდომი ტრანსპორტი ცხენი იყო.

დღესასწაულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღესასწაულობდნენ საზამთრო საძოვრებიდან საქონლის დაბრუნებას. ამ დროს ერთმანეთს უმასპინძლდებოდნენ, აწყობდნენ მარულას, ძაღლების ბრძოლას, ჭიდაობას, ცეკვავდნენ, საქონელს წირავდნენ და ხორცს არიგებდნენ. ძალიან პოპულარული იყო ძველი წარმართული დღესასწაული ეირანი, რომელსაც თან ახლდა მდიდარი რელიგიურ-მაგიური ქმედებები და სპორტულ-გასართობი თამაშობები. ეს დღესასწაული ზაფხულში თიბვის და პურეულის მოსავლის აღების წინ წმინდა მთის ველობში იმართებოდა; გრძელდებოდა სამი დღე. წარსულში, შარიათის დანერგვამდე, ამ დღესასწაულში ქალებიც ღებულობდნენ მონაწილეობას, რომლებიც აქ ცხენოსნობის მაღალ ხელოვნებას აჩვენებდნენ. ზაფხულში იცოდნენ მზისა და წვიმის გამოწვევის რიტუალების შესრულება. მკაცრად იცავდნენ ურთიერთდახმარების, სტუმართმოყვარეობის წეს-ჩვეულებებს. წახურებს შორის ძლიერი იყო შიდათუხუმური სოლიდარობა. თუხუმები უფრო პატარა სანათესაო ჯგუფებადაც (ნასილი) იყოფოდნენ. წახურები სიმღერებს, წახურულ ენასთან ერთად აზერბაიჯანულ ენაზეც ასრულებდნენ; ფოლკლორი კი მხოლოდ მშობლიურ ენაზე ჰქონდათ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]