ძველი ბერძნული მუსიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ძველი ბერძნული მუსიკა ძვ. წ. II ათასწლეულიდან იღებს სათავეს. იგი ბერძენთა ცხოვრების განუყრელი ნაწილი იყო და მას აღმზრდელობითი მნიშვნელობაც ჰქონდა. მუსიკა შედგა ნადიმის, ქორწინების, ომების, დასაფლავების, რელიგიური დღესასწაულებისა და თეატრალური წარმოდგენების დროს. ძველ საბერძნეთში უამრავი საკულტო-რელიგიური დღესასწაული იმართებოდა, რომელიც სხვადასხვა ღმერთებს ეძღვნებოდა. დღესასწაულები მლოცველთა სვლებით, საზეიმო საგუნდო გალობით ტარდებოდა. თანდათან ეს საკულტო ზეიმები დიდ საერთო-სახალხო დღესასწაულებად იქცა. ასეთები იყო – დიონისეები, პითიური, ისტიმური ზეიმები, ოლიმპიური თამაშობანი და სხვა. ისტიმური დღესასწაულები ზღვის ღმერთს პოსეიდონს ეძღვნებოდა და კორინთოს მახლობლად, პოსეიდონის ტაძარში იმართებოდა. პითიური ზემები კი ქალაქ დელფოს აპოლონის მიერ ურჩხულზე გამარჯვების აღსანიშნავად ეწყობოდა. ძველი ბერძნული მითოლოგია, პოეზია და ლიტერატურა, სახვითი ხელოვნების ნიმუშები მოწმობენ, რომ ძველ საბერძნეთში მუსიკალური ხელოვნება მაღალი დონის იყო, თავად მუსიკის ნიმუშები ჩვენამდე მცირე რაოდენობითაა მოღწეული. მუსიკის ჩასაწერად ბერძნები იყენებდნენ ბერძნული და ფინიკიური ანბანის ასოებს. აღმოჩენილი და, ნაწილობრივ, გაშიფრულია ძველი ბერძნული მუსიკის რამდენიმე ფრაგმენტი. მათგან აღსანიშნავია მუსიკა ევრიპიდეს ტრაგედიიდან „ორესტე“, სამგლოვიარო და ლირიკური სიმღერები, აპოლონის სადიდებელი ჰიმნები... დღემდე მოაღწია ფლეიტასა და არფაზე შემსრულებელთა ქანდაკებებმა, ლარნაკებმა, რომლებზეც გამოსახულია ლირასა და ავლოსზე დაკვრის სცენები. ამის გარდა ცნობები ძველი ბერძნული მუსიკის შესახებ გვხვდება ჰომეროსის ცნობილ პოემებში. მის „ილიადასა“ და „ოდისეაში“ აღწერილია შრომის სცენები, რელიგიური ცერემონიალები და ა.შ. ძველ საბერძნეთში გავრცელებული იყო ერთხმიანობა, როგორც სოლო, ასევე საგუნდო შესრულება. ბერძნულ სიმიან ლირასთან, რომლის თანხლებითაც სრულდებოდა მელოდიები ტეტრაქორდის ფარგლებში. ტეტრაქორდებს აგებდნენ სხვადასხვა ბგერებიდან და სხვადასხვა კილოებს ქმნიდნენ. ცნობილია – დორიული, ფრიგიული, ლიდიური და სხვა კილოები. საბერძნეთში მთავარი საკრავები ლირა და კითარა იყო. ძველი ბერძნული ლირა მარტივი აგებულებისაა – ხის ფიგურულ ჩარჩოზე ჰორიზონტალურად გადაჭიმულია 4 სიმი. კითარა ლირას ჰგავს, მაგრამ აღემატება ზომითა და სიმების რაოდენობით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Thomas J. Mathiesen. Apollo’s Lyre. Greek Music and Music Theory in Antiquity and the Middle Ages. Lincoln & London, 1999.