დევისპირა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ძაღლიპირა)
დევისპირა

Antirrhinum majus
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ბებრისკონკასნაირნი
ოჯახი:  მრავალძარღვასებრნი
გვარი:  დევისპირა
ლათინური სახელი
Antirrhinum

დევისპირა (ლათ. Antirrhinum) — დეკორატიულ მცენარეთა გვარი მრავალძარღვასებრთა ოჯახისა. წარსულში მიეკუთვნებოდა შავწამალასებრთა ოჯახს.[1]

მოიცავს 21 სახეობას.[2] ძირითადად გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ამერიკაში. დევისპირა მრავალწლოვანი ბალახოვანი ან ნახევრადბუჩქოვანი მცენარეა მრგვალი, მწვანე ღეროთი. ღერო სწორია, დატოტვილი, 15-დან 100 სმ-მდე სიმაღლით, რომელიც ქმნის პირამიდისებურ ბუჩქებს. ყვავილი მსხვილი აქვს, არასწორი, მარტივი ან ბუთხუზა. ყვავილების შეფერილობა: თეთრი, ვარდისფერი, ყვითელი ან ორფეროვანი.

შეიცავს ლიმონის, ჭიანჭველას, ვაშლისა და ძმრის მჟავებს, გლიკოზიდებს — ლინარინს, საპონინს, ლინარიზინს, კაროტინს, ვიტამინ C-ს, პექტინურ, მთრიმლავ და სხვა ნივთიერებებს, ალკალოიდებს. სამკურნალოდ მხოლოდ ხალხურ მედიცინაში იყენებენ. მის წყალში ნაყენს ხმარობენ თვალის ანთების დროს. სვამენ ღვიძლისა და სწორი ნაწლავის, თირკმლების, სიყვითლის, სუნთქვის გახშირებისა და თავის ტკივილის სამკურნალოდ. იყენებენ აგრეთვე კანის დაავადებების მოსარჩენად.[3]

საქართველოში კულტივირებულია სამხრეთევროპული ძაღლიპირა, რომელიც მებაღეობაში ცნობილია ანტირინუმის სახელით. ანტირინუმი ერთწლოვანია, დიდი ღია მეწამული, თეთრი, ვარდისფერი ან ყვითელი ყვავილები შეკრებილი აქვს მტევნისებრ ყვავილედად. ყვავილობს ივლის-აგვისტოში. იზრდება კლუმბებზე ბაღ-პარკებში. გენეტიკაში საკვლევ ობიექტად იყენებენ.[1]

დევისპირას ქართლური სახელწოდებაა ძაღლიპირა, კახური — ლომის ყბა, შაშვისპირა, შაშვის ყბა, ხოლო მეგრული — ჯოღორიში დუდი.[4][5]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 265.
  2. Antirrhinum — The Plant List. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-05. ციტირების თარიღი: 2018-05-03.
  3. მცენარე დევისპირა — ცნობები[მკვდარი ბმული]
  4. ალექსანდრე მაყაშვილი, ბოტანიკური ლექსიკონი, გვ. 23, თბ., 1991.
  5. დევისპირა — ბოტანიკური ლექსიკონი