ცხოვრება მეფეთ მეფისა დავითისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

„ცხოვრება მეფეთ მეფისა დავითისი“საქართველოს მეფის დავით IV აღმაშენებლის (1089-1125 წწ.) ისტორიკოსის თხზულება. დაწერილია დაახლოებით 1130-იან წლებში. შესულია „ქართლის ცხოვრების“ კრებულში. სავარაუდო ავტორია არსენ ბერი (ს.კაკაბაძე, კ.კეკელიძე, კ. გრიგოლია, ჯ. ოდიშელი). თხზულებაში ასახულია 1080-1125 წლების პერიოდი, როდესაც საქართველო წინა აზიის ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა. ობიექტურადაა აღწერილი დავითის პროგრესული სამხედრო-პოლიტიკური ხასიათის ღონისძიებები; ნაჩვენებია მის მიერ ეკლესიის დემოკრატიზაციისათვის, ქვეყნის საშინაო და საგარეო ძლიერების ამაღლებისათვის გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები, საქართველოში ყივჩაყთა გადმოსახლების საკმაოდ რთული, გონივრულად განხორციელებული, მრავალი ასპექტის მქონე პროცესი.

ცხოვრება მეფეთ მეფისა დავითისი პოლემიკური ნაწარმოებია — ავტორი დავითის პოლიტიკის არა მარტო აღმწერი, არამედ აქტიური დამცველი და თანამდგომია. თხზულება დაწერილია დიდად განათლებული, ნიჭიერი სახელმწიფო და სასულიერო მოღვაწის მიერ, ისტორიული პროცესის ახსნისას იგი პროვინდენციალიზმს ეყრდნობა, იყენებს ისტორიულ-შედარებით მეთოდსაც; წინა პლანზე სწევს ქრისტიანული მორალის ძირითად დოგმებს. ნაწარმოებში ვხვდებით რემინესცენციებს სასულიერო წიგნებიდან. ბიზანტიური სამყაროს გავლენით, საქართველოს სახელმწიფოს და მისი მესვეურის გაძლიერების შესაბამისად, აქ პირველად არის აღიარებული მეფის ღვთისსწორობის იდეა (იზოთეოსი) — დავითი „მესიის ხმალია“, მისი სახლით ღმერთი მოქმედებს.

განსაკუთრებით ნათლად რომ წარმოაჩინოს დავით აღმაშენებლის როლი, ისტორიკოსი ძველი აღმოსავლეთისა და ანტიკური სამყაროს ისტორიის კარგი ცოდნის საფუძველზე საინტერესო პარალელებს ავლებს ერთი მხრივ, დავითსა, და მეორე მხრივ, ალექსანდრე მაკედონელსა და ტროის ომის გმირ აქილევსს შორის. იგი ხაზს უსვამს რომ ალექსანდრე მაკედონელის დიდი სახელი მისი ქვეყნის სიძლიერემ განსაზღვრა მსოფლიო-ისტორიულ პროცესში და რომ პირადი ღირსებებით დავითი ალექსანდრეს სრულიად არ ჩამოუვარდებოდა.

თხზულება დაწერილია დახვეწილი სტილით, მდიდარი ქართულით. იკითხება პოეტური პროზის დონეზე. ავტორმა დიდი ოსტატობით წარმოსახა დავითის მშფოთვარე ეპოქის სული, ნათლად უჩვენა სოციალურად დაპირისპირებული ძალების პოლიტიკური ჭიდილი. ნაწარმოები მდიდარია როგორც ისტორიულ-გეოგრაფიული, ისე ქრონოლოგიური მასალით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ოდიშელი ჯ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 256.
  • კაკაბაძე ს., დავით აღმაშენებლის მემატიანის ვინაობა, ტფ., 1913

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]