ცხვრის დოლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დოლი (მრავალმნიშვნელოვანი).

ცხვრის დოლი — ბატკნის მოგების დრო. იწყება ნერბვიდან 140-155 დღის შემდეგ. ძველად მეცხვარეები ზამთრისათვის საკვებს ვერ იმარაგებდნენ და ამიტომ დოლის დაწყების დრო ზამთრის ბინის მახლობელი საძოვრის ბალახის ვეგეტაციის დაწყებაზე იყო დამოკიდებული. ცხვრის დოლი ტარდებოდა უმეტესად ზამთრის მიწურულსა და გაზაფხულზე. განსაკუთრებით ხელსაყრელია გაზაფხულის (თებერვლის მეორე ნახევარი, მარტის დასაწყისი) დოლი; ადრე გაზაფხულის დოლის ბატკანი გაზაფხულის ბოლოს, მთაში გამგზავრებამდე, უკვე მოზრდილია და კარგადაა შეგუებული საძოვარზე ძოვებას, ამასთანავე კარგად იტანს მგზავრობას და ალპურ საძოვარზე ნაიალაღარი ზამთარსაც კარგად ხვდება. ზამთრის დოლისთვის საჭიროა ფართო ფარები (ერთი ნერბისათვის 1,5 მ² ფართობი) და უხეში წვნიანი და კონცენტრირებული საკვების წინასწარი მომარაგება.

საქართველოს მთიან რაიონებში (მესხეთ-ჯავახეთი-თრიალეთი, ნაწილობრივ ქართლი) ფარაში ერკმლებს შემოდგომის გიორგობის დღეს 10 ნოემბერი/23 ნოემბერში შეურევდნენ. ამიტომ დოლი ძველი სტილით აპრილის დასაწყისში „ოცობაში“ იწყებოდა. „ოცობა“ — ოცი კვირა — გიორგობიდან ოცი კვირის გასვლის შემდეგ დგება. ეთნოგრაფიული მონაცემებით, „ოცობა“ გაზაფხულის ბუნიობა („ოცობასა ორობასა, დღე და ღამე სწორობასა“). პირველ ბატკანს, რომელიც დოლის დაწყების დროს ჩნდებოდა, დოლის თავს უწოდებდნენ. იგი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთსა და ქსნის ხეობაში სამსხვერპლო პირუტყვად მიაჩნდათ და ანთროპომორფულ, მამაკაცური ბუნების მქონე ღვთაებებს სწირავდნენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მაკალათია. მ, დოლი, ქსე, ტ. 3, გვ. 609, თბ., 1978