ცისკარი (ჟურნალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ცისკარი.
ჟურნალის 1852 წლის გამოცემის გარეყდა.

ცისკარი — ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852–1853 და 1857–1875 წლებში. 1852–1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი. ჟურნალის მთავარი მიზანი იყო მხატვრული ლიტერატურის გზით ეროვნული თვითშეგნების გაღრმავება, საზოგადოების განათლებისა და მწერლობის ხელშეწყობა. „ცისკარმა“ ფართო საზოგადოებას გააცნო სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერთა სახით ვრცელდებოდა და მხოლოდ ერთეულებისათვის იყო ხელმისაწვდომი.

1857 წელს ჟურნალის გამოცემა განაახლა ივანე კერესელიძემ, რომელიც 19 წლის განმავლობაში უძღვებოდა მას. „ცისკარში“ თანამშრომლობდნენ როგორც ძველი, ისე ახალი თაობის წარმომადგენლები. აქ იბეჭდებოდა ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, დანიელ ჭონქაძის, ლავრენტი არდაზიანის ნაწარმოებები. „მოლაყბის“ ფელეტონები და ანტონ ფურცელაძის წერილები, ჟურნალის ფურცლებზე გაიშალა თაობათა პაექრობა, რომელმაც დასაბამი მისცა საზოგადოებრივი ცხოვრების ახალ ეტაპს.

1957 წელს განახლებულ „ცისკარს“ სათავეში ჩაუდგა ცნობილი მწერალი ვახტანგ ჭელიძე. სხვადასხვა დროს ჟურნალს რედაქტორობდნენ: კონსტანტინე ლორთქიფანიძე, ხუტა ბერულავა, ჯანსუღ ჩარკვიანი, გურამ ფანჯიკიძე, მორის ფოცხიშვილი, ჯანსუღ ღვინჯილია, იორამ ქემერტელაძე, თეიმურაზ დოიაშვილი, დავით მაღრაძე, 1992 წლიდან „ცისკრის“ მთავარი რედაქტორი ზაურ კალანდია იყო.[1] 90-იანი წლებიდან ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო ჟურნალ „ცისკარის“ გამოცემა მნიშვნელოვნად შეფერხდა, მოგვიანებით კი საერთოდ შეწყდა.[2]

2015 წელს თბილისის საკრებულოსა და მერიის ინიციატივით დაიწყო ლიტერატურულ-საზოგადოებრივი ჟურნალის, „ცისკარი 1852“-ის გამოცემა (რედ. ამირან გომართელი).[3]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „ცისკარი“ 155 / 'Tsiskari' 155
  2. „განათლებისა და კულტურის კომისიამ ჟურნალი “ცისკარი 1852” გამოცემის ხელშეწყობას დადებითი რეკომენდაცია მისცა“. ghn.ge. ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  3. „„ცისკარი 1852“ - ჟურნალი „ცისკარი“ კიდევ ერთხელ აღსდგა!“. reportiori.ge. 13 თებერვალი, 2015. ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)