ცავოს კაციჭამია ლომები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ცავოს კაციჭამიები გამოფენილი ფილდის ბუნების ისტორიის მუზეუმში, ჩიკაგო, ილინოისი

ცავოს კაციჭამიები დაარქვეს წყვილ ხვად ლომს, რომელთაც 1898 წლის მარტიდან დეკემბრამდე კენია-უგანდის რკინიგზაზე მომუშავე ათობით მშენებელი მუშა იმსხვერპლეს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1898 წლის მარტში ბრიტანეთმა სარკინიგზო ხიდის მშენებლობა დაიწყო მდინარე ცავოზე, კენიაში. პროექტს ხელმძღვანელობდა უფროსი ლეიტენანტი ჯონ ჰენრი პატერსონი. მშენებლობის მომდევნო ცხრა თვის განმავლობაში მუშების ბანაკს ორი უფაფრო ხვადი ლომი შემოეჩვია. ღამ-ღამობით ისინი კარვებში მძინარე ინდოელ მუშებს ესხმოდნენ და ჭამდნენ. შეიარაღებული დარაჯებისა და სპეციალური დაცვის ჯგუფების მრავალგზის მცდელობის მიუხედავად, ლომების დაშინება ვერ მოხერხდა. ეკლიანი ღობის, თხრილებისა და ბანაკის პერიმეტრზე გაჩაღებული კოცონის მიუხედავად, ლომები კარვებში შეღწევას მაინც ახერხებდნენ. რამდენიმე განმეორებული თავდასხმის შემდეგ ასობით მუშა ცავოდან გაიქცა, რის გამოც ხიდის მშენებლობა შეჩერდა.

პატერსონმა ბანაკის ირგვლივ ხაფანგები მოაწყო და სცადა ღამით ლომებს ხიდან დასხმოდა თავს. რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, პირველი ლომი მან 1898 წლის 9 დეკემბერს მოკლა. სამი კვირის შემდეგ მეორე ლომიც მოიძებნა და მოიკლა. პირველი მოკლული ლომი ცხვირიდან კუდის ბოლომდე სიგრძით ცხრა ფუტი და რვა დიუმი (სულ 3 მეტრი) იყო. მისი კარკასის ბანაკში მოთრევას რვა კაცი დასჭირდა. მშენებელთა ჯგუფი ბანაკში დაბრუნდა და ხიდი 1899 წლის თებერვალში დაასრულა. ამ ლომების მიერ მოკლულ ადამიანთა ზუსტი რაოდენობა გაურკვეველია. პატერსონის ცნობით მსხვერპლის რაოდენობა 135 იყო.[1][2]

საკუთარ დღიურში პატერსონი წერს, რომ პირველი ლომი 0.303 კალიბრის მარტინი-ენფილდის კარაბინით მან ერთი ტყვიით დაჭრა. ეს ტყვია ლომს ქვედატანში მოხვდა, თუმცა მან გაქცევა მოახერხა. მოგვიანებით, იმავე ღამეს ლომი დაბრუნდა და პატერსონს დაესხა, როდესაც ეს უკანასკნელი მის მონადირებას ცდილობდა. პატერსონმა მას 0.303 კალიბრის ლი ენფილდით რამდენიმეჯერ ესროლა, მომდევნო დილას სისხლის ნაკვალევს მიჰყვა და ლომი მკვდარი იპოვა. მეორე ლომს პატერსონმა 0.303 კალიბრის ლი ენფილდით ხუთჯერ ესროლა, თუმცა მძიმედ დაჭრილმა ლომმა წამოდგომა მოახერხა და ერთი კამარით პატერსონზე თავდასხმა სცადა. ამ მომენტში პეტერსონმა ის კიდევ სამჯერ დაჭრა მარტინი-ჰენრის კარაბინით, ორჯერ მკერდში და ერთხელ თავში, რაც მომაკვდინებელი გამოდგა. მისი მტკიცებით ლომი სიკვდილამდე წაქცეული ხის ტოტს ებღაუჭებოდა და მასთან მიწვდომას ცდილობდა.[3]

პატერსონმა ლომები გაატყავა და საკუთარ ოფისში25 წლის განმავლობაში ნოხებად იყენებდა. 1924 წელს ტყავები ჩიკაგოს ფილდის მუზეუმს მიჰყიდეს $5,000-ად. ლომების ტყავები მუზეუმს მძიმედ დაზიანებულ მდგომარეობაში ჩაბარდა. ტყავები აღადგინეს და ამჟამად ისინი მუზეუმის მუდმივი ექსპოზიციის ნაწილია მათივე თავის ქალებთან ერთად.

პატერსონის დღიურები 1907 წელს გამოქვეყნდა წიგნში "ცავოს კაციჭამიები".

კაციჭამიობის სავარაუდო მიზეზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლომების "კაციჭამიობის" გამომწვევი მიზეზების თეორიები განხილული აქვთ კებრის პეტერჰანსსა და გნოსკეს (2001) და პატერსონს (2004). მათი განხილვა მოიცავს:

  • 1898 წელს რინდერპესტის დაავადების (მსხვილფეხა საქონლის ჭირი) გავრცელებამ ლომებს ჩვეული საკვები მოუსპო, რის გამოც ისინი იძულებული გახდნენ საკვების ახალი წყაროები მოეძებნათ.
  • ცავოს ლომები შესაძლოა მიჩვეული იყვნენ მდინარე ცავოს ფონზე ადამიანთა გვამების პოვნას. ზანზიბარისკენ მიმავალი მონების ქარავნები მდინარეს ამ ადგილას ხშირად კვეთდნენ.
  • "რიტუალური მოწვევა", ან ინდიუსტი რკინიგზის მუშების მიერ გარდაცვლილთა კრემაციის შემდგომ ნარჩენები ლომების საკვები ხდებოდა.

ალტერნატიული არგუმენტი მიუთითებს, რომ პირველ ლომს მძიმედ დაზიანებული კბილები ჰქონდა, რაც მის ნადირობას ბუნებრივ საკვებზე ართულებდა. ამის დამადასტურებელი საბუთები მოყვანილია ნეიბურგერისა და პატერსონის (2000, 2001, 2002) და ბრიუს პატერსონის (2004) წიგნებში. თუმცა ეს თეორია პირადად პატერსონმა გააქარწყლა, რომელმაც აღნიშნა, რომ კბილები მან თავისივე იარაღით დაუზიანა, როდესაც ის მას თავს დაესხა.

პოპულარობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პატერსონის წიგნზე დაყრდნობით გადაღებულ იქნა მხატვრული ფილმები "ბუანას ეშმაკი" (1952) და "აჩრდილი და ბნელეთი" (1996). ეს ინციდენტები ასევე გამოყენებულ იქნა 1959 წლის კინოფილმში "კილიმანჯაროს მკვლელები". სახელები "აჩრდილი" და "ბნელეთი" კაციჭამია ლომებს მუშებმა შეარქვეს.

რესურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. პატერსონი, ბრიუს დ. (2004). ცავოს ლომები: აფრიკის განთქმული კაციჭამიების ისტორიის ნარკვევი. McGraw-Hill. ISBN 0071363335. 
  2. გნოსკე, თომას და ჯულიან კერბის პატერჰანსი (2003). „Field Museum uncovers evidence behind man-eating; revises legend of its infamous man-eating lions“. Journal of East African Natural History.
  3. თავი IX, მეორე ლომის სიკვდილი, ცავოს კაციჭამიები და აღმოსავლეთ აფრიკის სხვა თავგადასავლები, უფროსი ლეიტენანტი ჯ.ჰ. პატერსონი