აკაკი ჩხენკელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჩხენკელი, აკაკი)
აკაკი ჩხენკელი
დაბადების თარიღი 19 მაისი, 1874(1874-05-19)
დაბადების ადგილი ოქუმი
გარდაცვალების თარიღი 5 იანვარი, 1959(1959-01-05) (84 წლის)
გარდაცვალების ადგილი პარიზი
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
განათლება ლაიფციგის უნივერსიტეტი

აკაკი ჩხენკელი (დ. 19 მაისი, 1874, ოქუმი — გ. 5 იანვარი, 1959) — ქართველი პოლიტიკოსი და დიპლომატი, საქართვლოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, საქართველოს ელჩი საფრანგეთში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა სოხუმის ოკრუგის სოფელ ოქუმში, მღვდლის მრავალშვილიან ოჯახში. მისი მამა, ივანე ჩხენკელი წარმოშობით ხონიდან იყო და სოხუმის ოკრუგში იყო გამწესებული სამუშაოდ. დედა გვარად ბოჭორიშვილი იყო. ჰყავდა ორი ძმა და ორი და. აკაკი ჩხენკელი იყო ქართველი ენათმეცნიერის კიტა ჩხენკელის ძმა.

დაწყებითი განათლება მიიღო ხონის სასწავლელებში. 1891 წელს ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც ჩაება სემინარისტების არალეგალურ წრეებში და ეცნობოდა სოციალ-დემოკრატიულ იდეებს. 1893 წელს გარიცხეს სასწავლებლიდან გაფიცვაში მონაწილეობის გამო. 1894-1895 წლებში აგრძელებდა სოციალ-დემოკრატიის შესწავლას და ემზადებოდა უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად. 1896-1901 წლებში სწავლობდა კიევის, მოსკოვისა და პეტერბურგის უნივერსიტტებში იურიდიულ ფაკულტეტზე. იყო წევრი სტუდენტური სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციებისა. პარალელურად თანამშროლობდა ქართულ რესასთან, იყენებდა ფსევდონიმებს „პ. ოქუმელი“, „ა. ოქუმელი“, „ანჩინი“, „ანჩიკი“, „წინწყალი“ და სხვა. სტუდენტურ გამოსვლებში მონაწილეობის გამო სწავლა ვეღარ გააგრძელა და სამშობლოში დაბრუნდა.

1902-1904 წლებში მუშაობდა ადვოკატად სოხუმის ოკრუგში. აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, წერდა სტატიებს ქართულ და რუსულ პრესაში. ამავე პერიოდში ცოლად შეირთო მაკრინე სიმონის ასული თურქია. ეწინააღმდეგებოდა რუსეთის შოვინისტურ ანტიქართულ პოლიტიკას, რის გამოც კავკასიიდან გაასახლეს. 1905-1910 წლებში იმყოფებოდა საზღვარგარეთ. სამი წლის განმავლობაში ბერლინში სწავლობდა მუშათა მოძრაობის თეორიას და პრაქტიკას, ვენაში − ეროვნულ საკითხს, პარიზში − პოლიტიკურ მოძრაობას, ლონდონში − ინგლისისა და რუსეთის მეტოქეობის საკითხებს აზიაში. ამ პერიოდში განუწყვეტლივ თანამშრომლობდა ქართულ სოციალ-დემოკრატიულ პრესასთან, ესწრებოდა სოციალისტურ კონგრესებსა და კონფერენციებს. 1907 წელს დაასრულა ლაიფციგის უნივერსიტეტი და სწავლა განაგრძო ჟენევაში.

მოღვაწეობა სახელმწიფო დუმაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აკაკი ჩხენკელი რუსეთის დუმაში, 1913 წ.

1909 წელს ჩავიდა თბილისში, ხელმძღვანელობდა სოციალ-დემოკრატიულ გამოცემებს. 1910 წელს დააპატიმრა ჟანდარმერიამ და ჩასვეს ჯერ მეტეხის ციხეში, შემდეგ კი გადაასახლეს დონის როსტოვში. გადასახლებიდან გაიქცა და დაბრუნდა საქართველოში. ცხოვრობდა ბათუმში. 1912 წელს აირჩიეს მეოთხე მოწვევის რუსეთის იმპერიის სახელმწიფო დუმის დეპუტატად ბათუმის და ყარსის ოლქებიდან და სოხუმის ოკრუგიდან. შედიოდა სათათბიროს სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციაში. მისი საქმიანობის მთავარი მიიმართულება იყო საგარეო პოლიტიკის საკითხები, ხელმძღვანელობდა შეკითხვათა კომისიას.

1912 წელს სათათბიროს ტრიბუნიდან გააპროტესტა ქართველების უფლებების შელახვა და მოითხოვა ეროვნულ-კულტურული ავტონომია. გამოვიდა ტირიფონის ვაკეზე სამხედრო პოლიგონის მოწყობის წინააღმდეგ.[1] 1914 წელს ფრაქციის სახელით მხარი არ დაუჭირა სამხედრო ბიუჯეტს, რასაც მეფის ხელისუფლების მკაცრი რეაქცია მოჰყვა. 1914 წელს მონაწილეობდა ბრიუსელის თათბირში, რომელიც მოიწვია საერთაშორისო სოციალ-დემოკრატიულმა ბიურომ. 1916 წლის ივნისში სათათბიროს ტრიბუნიდან იცავდა ე.წ. მოღალატე აჭარლების უფლებებს. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისა და კავკასიის ფრონტის გახსნის შემდეგ რუსეთის იმპერია აპირებდა ფრონტისპირა ზოლში მცხოვრები აჭარლების მასობრივ აყრასა და გადასახლებას. ჩხენკელმა მოახერხა პროცესის შეჩერება, ბევრი ადამიანი გადაარჩინა გადასახლებას, დააარსა „აჭარლების დამხმარე კომიტეტი“, აგროვებდა შემოწირულობებს გადასახლებით დაზარალებულთათავის, რის გამოც აჭარაში დიდი პოპულარობა მოიპოვა.

მოღვაწეობა პირველ რესპუბლიკაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დროებით მთავრობის მიერ დაინიშნა ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის წევრად. აპრილიდან ნოემბრამდე იყო ეროვნული ინტერპარტიული საბჭოს თავმჯდომარე. 1917 წლის ნოემბრიდან იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის ამხანაგი. მანვე გახსნა საბჭოს პირველი ყრილობა. იყო ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი და 1918 წლის 8 თებერვალს თავმჯდომარეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნას. 1918 წლის თებერვლიდან იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი. ამავდროულად იყო ამიერკავკასიის კომისარიატის შემადგენლობაში, ჯერ იკავებდა შინაგან საქმეთა კომისრის, ხოლო შემდეგ საგარეო საქმეთა კომისრის თანამდებობას. 1918 წლის 22 აპრილიდან 26 მაისამდე იყო ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მეთაური და საგარეო საქმეთა მინისტრი. აპრილში ხელმძღვანელობდა ამიერკავკასიის დელეგაცია ს ტრაპიზონის სამშვიდობო კონფერენციაზე.

1918 წლის 26 მაისს, საქართვლოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ დაინიშნა რესპუბლიკის საგრეო საქმეთა მინისტრად. ივნისში ხელმძღვანელობდა გერმანიის იმპერიაში მივლენილ ქართულ დელეგაციას. 1919 წლის მარტში აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად. იმავე წელს დაინიშნა ევროპაში რესპუბლიკის საგანგებო წარმომადგენლად. ბევრი იმუშავა საქართველოს იურიდიული აღიარებისთვის, ერთა ლიგაში საქართველოს გაწევრიანებისთვის. 1920 წლის აპრილში გრიგოლ გიორგაძესთან ერთად მოიარა მესხეთი და აჭარა, სადაც ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო.[2]

ემიგრაციაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ მოღვწეობდა საფრანგეთში, სადაც იკავებდა საფრაგეთში საქართველოს ელჩის თანამდებობას. 1922 წლის აპრილში ხელმძღვანელობდა ქართულ დელეგაციას გენუის კონფერენციაზე და ცდილობდა, დაეყენებინა საქართველოს საკითხი. მოღვწეობდა საქართველოს ოკუპაციის საკითხის გაშუქებისთვის, ბოლშევიკური პროპაგანდის გასანეიტრლებლად და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მომხრეების მოსაპოვებლად. 1924 წლის სექტემბერში აგვისტოს აჯანყების ჩახშობის შემდეგ საქართველოს სსრ-ის ხელისუფლებამ მოახდინა მისი ქონების კონფისკაცია.[3] მისი დიპლომატიური მოღვაწეობდა გაგრძელდა 13 წლის განმავლობაში, 1934 წლამდე, საფრანგეთის მიერ საბჭოთა კავშირის აღიარებამდე. 1934 წელს ქართული საელჩოს გაუქმების შემდეგ დიპლომატიური სტატუსის გარეშე აგრძელებდა მუშაობას, თანამშრომლობდა ქართულ ემიგრანტულ გამოცემებში, გამოაქვეყნა რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომი. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ აქტიურად იყო ჩართული საერთაშორისო ანტიკომუნისტური გაერთიანების შექმნის პროცესში.

გარდაიცვალა ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ 1959 წლის 3 იანვარს, პარიზში, ბუსიკოს საავადმყოფოში. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჭუმბურიძე დ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 506-507.
  • ხვადაგიანი ი., „საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919“, თბილისი: „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“, 2016. — გვ. 434-437, ISBN 978-9941-0-9318-0.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]