ვარლამ ჩერქეზიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჩერქეზიშვილი, ვარლამ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჩერქეზიშვილი.
ვარლამ ჩერქეზიშვილი
დაბადების თარიღი 15 სექტემბერი, 1846
თბილისი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 18 აგვისტო, 1925 (78 წლის)
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი
საქმიანობა რევოლუციონერი
მეუღლე(ები) ფრიდა რუპერტუსი

ვარლამ ნიკოლოზის ძე ჩერქეზიშვილი (დ. 15 სექტემბერი, 1846, სოფ. თოხლიაური, საგარეჯოს რაიონი — გ. 18 აგვისტო, 1925, ლონდონი) — ქართველი რევოლუციონერი, რუსეთისა და საქართველოს რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე ანარქისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1866 წელს პირველად დააპატიმრეს, რუსეთის იმპერიის ხელისუფლების წინააღმდეგ ორგანიზაციაში მონაწილებისათვის. 1871 წელს მეორედ დააპატიმრეს, გაასამართლეს და ციმბირში გადაასახლეს. 1875 წელს გადასახლებიდან ევროპაში გაიქცა. 1876-78 წლებში თაბამშრომლობდა რუსულ ემიგრანტულ ჟურნალში: „ვპერიოდ“ (ლონდონი) და „ობშჩინა“ (ჟენევა). 1877 წელს შევიდა ანარქისტული ინტერნაციონალურ იურის ფედერაციაში (შვეიცარია). 1877-80 წლებში დაუახლოვდა და დაუმეგობრდა ევროპული ანარქისტული მოძრაობის თავკაცს ჯეიმზ გილიობს, ელისე რეკლიუს, პეტრე კროპოტკინს და სხვებს.

ქართული ანარქისტული პარტიის წევრები: (მარცხნიდან მარჯვნივ) სანდრო გაბუნია, კომანდო გოგელია, ვარლამ ჩერქეზიშვილი; სხედან: არჩილ ჯორჯაძე, მიხეილ წერეთელი, შუაში - გიორგი დეკანოზიშვილი, ფოტოგრაფი დიმიტრი ერმაკოვი.

რუსეთის იმპერატორისაგან დევნილი და საკუთარი იდეალებისთვის მებრძოლი, არასოდეს ივიწყებდა თავის სამშობლოს და მისთვის სამსახური უმაღლეს პოსტულატედ მიაჩნდა. იგი არალეგალურად ჩამოდიოდა საქართველოში. დიდად მფარველობდა უცხოეთში მოხვედრილ ქართველებს. ევროპულ ჟურნალ-გაზეთებში განუწყვეტლად წერდა საქართველოს, მისი პოლიტიკური ყოფის შესახებ.

1894 წლიდან ილია ჭავჭავაძემ თავის სახელგანთქმულ „ივერიაში“ დაიწყო მისი წერილების და კორესპონდეციების ბეჭდვა, „ვაზიანის“ ფსევდონიმით. მან გააცნო ილიას და ქართველ საზოგადოებას მარჯორი უორდროპი. 1904 წელს მონაწილეობდა საქართველოს ეროვნულ პოლიტიკური პარტიების და ფრაქციების გამაერთიანებელ ჟენევის კონფერეციის მუშაობაში, რომელმაც მიზნად დაისახა ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის ბრძოლა. 1903 წელს მისი დახმარებით, არჩილ ჯორჯაძემ და მისმა თანამოაზროვნეებმა პარიზული გამოცემის პირველი ქართული ეროვნულ-რევოლუციური გაზეთი „საქართველო“ და მისი ფრანგული დამატება „La George“. 1905 წელს მისი დახმარებით ქართველმა სოციალისტ-ფედერალისტებმა ევროპიდან მიიღო იარაღის დიდი პარტია და ჰოლანდიელი ანარქისტებისგან, ხოლო ეკიპაჟს მეთაურობდა მისივე მეგობარი, ცნობილი ჰოლანდიელი ანარქისტი ქრისტიან კორნელისი. 1907 წელს მისივე დიდი ძალისხმევით წარუდგინა ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალს რამდენიმე ათასი კაცის მიერ ხელმოწერილი „საქართველოს ხალხის კანონიერი უფლება – აღედგინა ეროვნული სახელმწიფოებრიობა“. 1910 წელს მონაწილეობდა ლონდონში გამართულ მსოფლიო ჩაგრულ-დაპყრობილ ხალხთა საერთაშორისო კონფერენციაზე და იცავდა საქართველოს უფლებებს. კონფერენციის მდივანი იყო მისი ფრანგი მეუღლე – ფრიდა.

უკვე 72 წლის მოხუცი 1918 წელს ჩამოვიდა თავისუფალ საქართველოში, 40 წელზე მეტი ხნის განდევნილობიდან. 1921 წლის თებერვალში, როცა ბოლშევიკური რუსეთის საოკუპაციო დამოუკიდებელი საქართველოს უტევდა, ის თოფით ხელში დაადგა კოჯრის გზას, დასაკარგად განწირული თავისუფლების დასაცავად. 1921 წელს საბოლოოდ გაიხიზნა.

1925 წლის 18 აგვისტოს გარდაიცვალა და დაკრძალეს ლონდონში (კარლ მარქსის საფლავის სიახლოვეს).

გრიგოლ რობაქიძე წერდა მასზე:

ვიკიციტატა
„იყო ერთი ქართველი თავადი, ანარქისტი და თავდადებული მამულიშვილი ვარლამ ჩერქეზიშვილი. ქართული მას არ ემარჯვებოდა. საქართველოს ბავშვობიდანვე იყო მოწყვეტილი. იცოდა რუსული, ფრანგული და ინგლისური. სიკვდილის წლებში, როდესაც ადამიანის მთელი არსი შეირხევა საუკუნიდან მოწყვეტილი ფესვები, უეცრად რუსულიც დაავიწყდა, ფრანგულიც და ინგლისურიც და მომაკვდავმა ქართულად დაიწყო წერა.“

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვარლამ ჩერქეზიშვილი მეუღლესთან ერთად.

რაც შეეხება მის შემოქმედებას, ის ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც გააკრტიკა მარქსიზმი, მისი მიმდევრები და თავად მარქსი. XIX საუკუნის 80-90-იან წლებში, ევროპაში გამოქვეყნებული ნაშრომებში, ქართველი ანარქისტი ვარლამ ჩერქეზიშვილი ბრალს სდებს მარქსიზმის ფუძემდებლებს და მათ მიმდევრებს – პლაგიატში, დასავლელი მოაზროვნეების ნააზრევის მითვისებაში. რაც მთავარია, ამისთვის მას ჰქონდა სათანადო არგუმენტები და მტკიცებები.

მისი კრიტიკის ობიექტი იყო: მარქსიზმის კლასიკოსებში, მიმდევრებში – ხელფასის კანონი და კლასთა ბრძოლის პრინციპის აღმოჩენა, ენგელსის ნაშრომებში – ბეკონისა და ლოკის მატერიალიზმი. მისი მტკიცებულებით, მარქსმა მიითვისა – მორგანის არაერთი გამოგონება და აღმოჩენა, ენგელსმა მიითვისა – ბიურეს ფუნდამენტური შრომის კომფისკაცია, მარქსმა და ენგელსმა – “კომუნისტური პარტიის მანიფესტი”, რომელიც სინამდვილეში ეკუთვნის ვ. კონსიდერანს. ასევე, მარქსმა სრულიად უსამართლოდ მიისაკუთრა I ინტერნაციონალის დაარსება,რომელიც მარქსის მიმდევრების თქმით შეიქმნა 1864 წელს, სინამდვილეში კი 1842 წელს არის შექმნილი. ამის დასამტკიცებლად ის იმოწმებს ისტორიულ წყაროებს. უფრო მეტიც, მარქსმა მიწერა ენგელსს, რომ მას არ სურდა მასში გაწევრიანება, მაგრამ მას შემდეგ დათანხმდა, რაც იუნგისგან მიიღო მოწვევა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დ. შველიძე - მარქსიზმის კრიტიკა, ვარლამ ჩერქეზიშვილის ნაშრომებში.
  • დ. შველიძე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 495-496.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]