ჩერა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩერას სამეფოს რუკა
სამხრეთ ინდოეთი ძვ.წ. 300 წელს. ჩერა, ჩოლა და პანდია.

ჩერა (თამ.. சேரர்) — სახელმწიფო სამხრეთ ინდოეთში I-XII ს.ს, რომელსაც მართავდნენ ამავე გვარის მქონე დინასტიის მეფეები.ადრეულ პერიოდში ჩერას სამეფო ფლობდა კერალას, კონგუვანდას, სალემის ოლქს, დჰარმაპურს, ნაგაპატინამის და ტირუვარურის სამხრეთ ნაწილებს. დინასტიის დედაქალაქს წარმოადგენდა ქალაქი ვანჩიმუტური, თანამედროვე ქალაქი იდუკი ინდოეთის შტატის კერალას ოლქში. მე-II საუკუნეში დედაქალაქი გადატანილ იქნა კარურში (კარურვანჩი). ჩერას პირველი დინასტიის მმართველობის პერიოდი დასრულდა მე-III საუკუნის ბოლოს. მისი შემცვლელი მე-II დინასტია მოვიდა IX-XII საუკუნეებში. ამ პერიოდის დედაქალაქი გადატანილ იქნა საპორტო ქალაქ მუზირისში.

ჩერას მმართველები ხშირად ებრძოდნენ მეზობელი თამილური ქვეყნების პანდიას და ჩორას მეფეებს. დინასტიის მმართველობის პერიოდში აყვავებას მიაღწია სანელებლებით, სპილოს ძვლითა და ძვირფასი ქვებით ვაჭრობამ. გაცხოველებული ვაჭრობა ჰქონდათ შუამდინარეთთან, ეგვიპტესთან, საბერძნეთთან, რომთან, ფინიკიასთან და არაბეთთან. იმ პერიოდის არქეოლოგიური მტკიცებულებებია მალაბარის სანაპიროზე აღმოჩენილი ძველი ბერძნული, რომაული და არაბული მონეტები. მუზირისი მოიხსენება ძველ ბერძენ ავტორთა შრომებში, როგორც სამდინარო პორტი, დაახლოებით, თანამედროვე კოდუნგალურას რაიონში.

ჩერას დინასტიის მმართველები ეთაყვანებოდნენ ღმერთქალ კოტავას, ღვთაება დევის ანალოგი თანამედროვე ინდუიზმში. დინასტიის მმართველობის ხანაშივე გავრცელდა ამ რეგიონში ბუდიზმი და ჯაინიზმი. დაახლოებით 800-ან წლებში, ხელისუფლებაში კულაშეკჰარების მოსვლით, რომლებიც ქვეყანას მართავდნენ ქალაქ კოდუნგალურიდან, დადგა დინასტიის აღორძინების პერიოდი. ეს იყო ჩერას მე-II დინასტიის დასაწყისი. ამ პერიოდის ჩერას მმართველები იყვნენ ინდუიზმის მიმდევრები, ამიტომ, ქვეყანას მართავდნენ ბრაჰმანების სულიერი წინამძღოლობით. კერალას ბრაჰმანთა საზოგადოება იმ დროისათვის შეადგენდა 32 თემს. ჩერას სამეფო კარზე ყოველი ოთხი თემი ორი ბრაჰმანით იყო წარმოდგენილი. დინასტიამ არსებობა შეწყვიტა 1102 წელს, მას შემდეგ, რაც ჩოლას სამეფომ დაიპყრო და გაანადგურა ჩერას სახელმწიფო. კულაშეკჰარების უკანასკნელმა წარმომადგენელმა, რამა კულაშეკჰარმა სამეფოს დედაქალაქი გადაიტანა კოლამში და იქიდან მართავდა ქვეყანას. ის წარმატებით უტევდა ჩოლას მმართველებს, მაგრამ ბრაჰმანთა მხრიდან მტრული დამოკიდებულების გამო ვერ შეძლო ხელისუფლების შენარჩუნება. მისი მმართველობის ქვეშ აღმოჩნდა მხოლოდ კერალას სამხრეთი ნაწილი - პატარა სახელმწიფო, სახელად ვენანდი. ჩერას დინასტიის მემკვიდრეებმა საფუძველი ჩაუყარეს მომავალში ახალ დინასტიას - ტრავანკორებს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ჩერა&oldid=2689841“-დან