შუახმელეთის ხალხები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან შუამიწეთის ხალხები)

აქ მოცემულია იმ ხალხთა სია, რომლებიც აღწერილია ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის ლეგენდარიუმში.

თავისუფალი ხალხები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აინურნი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აინურნი ანგელოზებისმაგვარი სულები არიან, რომლებიც ერუ ილუვატარმა შექმნა. მან აინურებს თემა მისცა და დაავალა ამ თემაზე სიმღერის შეთხზვა, მაგრამ ერთ-ერთმა მათგანმა, მელკორმა, საკუთარი თემის შექმნა განიზრახა და აინურების სიმღერის ჰარმონია დაარღვია, დისონანსი ილუვატარმა გამოასწორა და აინურებს ბევრად მშვენიერი თემა მისცა, მელკორმა და მისმა მომხრეებმა ისიც დაარღვიეს, მაშინ ილუვატარმა მესამე თემა მისცა აინურებს, ხოლო როდესაც ისიც დაირღვა, ილუვატარმა შეაჩერა ისინი და დაანახვა ის, რაც მათმა დისონანსმა გამოიწვია. მან დაანახვა მათ მსოფლიო, არდა, რომელიც მათი მუსიკის შედეგად შეიქმნა, და სამყარო, ეა, რომელიც არდისთვის შექმნა, ცენტრში ანთებული საიდუმლო ცეცხლით. ილუვატარმა აინურებს განუცხადა, რომ ეა მათი აზრების ხორცშესხმა იყო, იგი მას არსებულს ხდიდა და მათ უფლება მისცა ეაში შესულიყვნენ და იგი სათანადოდ მოემზადებინათ მისი შვილებისათვის. მაგრამ ეაში შესულ აინურებს აღარ შეეძლოთ ილუვატართან დაბრუნება, ისინი სამყაროს აღსასრულამდე იქ უნდა ყოფილიყვნენ. აინურთა უმრავლესობა ილუვატართან დარჩა, თხუთმეტი მათგანი კი ეაში შევიდა და მათ ეწოდათ ვალარები, სამყაროს სულები.

ვალარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვალარები ეწოდებოდათ აინურებს, რომლებიც ეაში შევიდნენ და მისი ნაწილნი გახდნენ. სულ თხუთმეტი ვალა არსებობდა: მანუე, მელკორი (მორგოთი), ულმო, აულე, ორომე, მანდოსი (ნამო), ლორიენი (ირმო), ტულკასი, ვარდა, იავანა, ნიენა, ესტა, ვაირე, ვანა და ნესა. მოგვიანებით, მელკორმა მოისურვა არდის მბრძანებლობა, რის გამოც ვალარებმა იგი განდევნეს და იგი ვალად აღარ იწოდებოდა. არდის მომზადების შემდეგ ვალარები თავდაპირველად კუნძულ ალმარენზე ცხოვრობდნენ, მაგრამ მელკორის მიერ დიადი ლამპრების დანგრევის შედეგად ალმარენი განადგურდა და ისინი კონტინენტ ამანზე გადასახლდნენ. ვალარები არდის მცველები და განმგებლები უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ შუახმელეთში მელკორის მბრძანებლობის გამო მათი ძალაუფლება იქ არცთუ ისე დიდი იყო, ვალართა მთავარი დავალება მაინც ის იყო, რომ ილუვატარის პირველი შვილები, ელფები, ბოროტებისგან უსაფრთხოდ ჰყოლოდათ, ამიტომაც შეუშვეს ელფები ამანში, მაგრამ არ მისცეს ამის უფლება მოკვდავ ადამიანებს.

ვალარები არდის განმგებლები მეორე ეპოქის მიწურულამდე იყვნენ, როდესაც ნუმენორის მეფე არ–ფარაზონმა ამანს შეუტია, ვალარებმა არ ისურვეს ხელი ადამიანებზე აღემართათ, მათ ილუვატარის წინაშე თავიანთი მოვალეობა დათმეს და ამანი არდის საზღვრებს გასცდა, რითაც იგი მოკვდავთათვის ხელმიუწვდომელი გახდა, ბრტყელი არდა კი დამრგვალდა. იმ დღიდან ამანში მოხვედრა შეიძლებოდა მხოლოდ ელფური ხომალდებით, ვალარები კი არდის ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ჩაერივნენ — როდესაც საურონის წინააღმდეგ საბრძოლველად ისტარები გაგზავნეს.

არწივები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როდესაც ვალარებმა შეიტყვეს აულეს მიერ ჯუჯების შექმნის შესახებ, მის მეუღლეს, ნიენას, შეეშინდა, რომ ილუვატარის შვილები მის მიერ შექმნილ ტყეებს დიდ ზიანს მიაყენებდნენ და რჩევა მანუეს ჰკითხა. მანუეს ილუვატარმა გაუცხადა, რომ არდა მისი შვილების განმგებლობაში იქნებოდა, მაგრამ ყოველთვის იცხოვრებდნენ მეთვალყურე სულები, რომლებიც ტყეებს უსამართლო ზიანისგან დაიცავდნენ, მანუეს კი თავისი მაცნეები ეყოლებოდა არდაში მომხდარი ამბების შესახებ. ეს არსებები ელფებთან ერთად გაჩდნენ: ტყეებში ენტები ჩასახლდნენ, ცაში კი არწივები გაბატონდნენ, ისინი მანუეს მაცნეები გახდნენ, ეს არწივები ჩვეულებრივებზე ბევრად დიდები იყვნენ, უშუალოდ მანუეს ემორჩილებოდნენ და მეტყველებაც შეეძლოთ, ხოლო შუახმელეთში მორგოთს ყველგან უთვალთვალებდნენ.

პირველ ეპოქაში არწივებს მეთაურობდა მათ შორის უდიდესი, თორონდორი, ისინი კრისაეგრიმის მთებში ბუდობდნენ და ბელერიანდის ომის დროს ელფებს და ადამიანებს სხვადასხვა ცნობებს აწვდიდნენ მორგოთის ჯარების შესახებ (მათი ნაწილი კი გონდოლინს იცავდა). მეორე ეპოქაში მათი უმრავლესობა ამანში გადასახლდა და ვალარების ელჩობას ეწეოდნენ, ხოლო მესამეში მათი ნაწილი გვაიჰირის მეთაურობით ნისლიან მთებში დასახლდნენ.

ზუსტად უცნობია, ეს არსებები გონიერი ცხოველები არიან თუ განსხეულებული მაიარები.

ჯუჯები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯუჯების შექმნის ისტორია საინტერესოა: მჭედელ ვალა აულეს იმდენად სურდა ილუვატარის შვილების დანახვა, რომ ვერ მოითმინა და ქვისგან შექმნა ჯუჯების შვიდი მამამთავარი, საკუთარი არსებები, რომლებსაც არ შეეძლოთ თავისუფლად ფიქრი, მათ სიცოცხლე მხოლოდ მაშინ შეეძლოთ, როდესაც აულე მათზე ფიქრს იწყებდა. აულემ ჯუჯები შუახმელეთში შექმნა და როდესაც მათი შექმნა დაასრულა, მას გამოეცხადა ილუვატარი, რომელმაც შეაგნებინა, რომ მხოლოდ მას შეეძლო გონიერი სიცოცხლის შექმნა, სასოწარკვეთილმა აულემ ჯუჯების გასანადგურებლად თავისი ურო აღმართა, რომ მოულოდნელად ჯუჯები უროსგან მოშორებით დადგნენ, დაიჩოქეს და შენდობა ითხოვეს, ამის შემყურე ილუვატარმა აულეს განუცხადა, რომ მიიღებდა ჯუჯებს თავის შვილებად, მაგრამ მათ უნდა სძინებოდათ პირველი შვილების, ელფების გაღვიძებამდე. გახარებულმა აულემ ჯუჯები დააცალკევა და შვიდ სხვადასხვა მთაგრეხილის გამოქვაბულებში დამალა. ყველა მათგანმა ელფებთან ერთად გამოიღვიძა.

აულემ ჯუჯები დაბლები, მშრომელები, მტკიცეები და გაუტეხლები შექმნა, რომ მათ გაეძლოთ მელკორისთვის, რომელიც მათი შექმნის პერიოდში მძლავრობდა შუახმელეთში. მათ, თავიანთი შემქმნელის მსგავსად, ქვასთან და ლითონთან მუშაობა უყვარდათ, ხოლო გამოქვაბულებში დიდი რაოდენობით განძეულს აგროვებდნენ. ჯუჯებს სხვა არსებებთან ცვალებადი ურთიერთობა ჰქონდათ: ყოველთვის მტრობდნენ მორგოთთან (თუმცა, უკანასკნელი კავშირის დროს ზოგი მათგანი საურონის მხარეზე იბრძოდა), დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ ადამიანებთან (ამ უკანასკნლებს მათი განძეულის შურდათ) და განსაკუთრებით, ელფებთან (პირველ ეპოქაში ნოგროდმა დორიათი დაარბია, ხოლო მესამე ეპოქაში განსაკუთრებით ემტერებოდნენ ერთმანეთს).

ჯუჯათა შვიდმა მამამთავარმა შვიდი კლანი დააარსა: გრძელწვერიანები, ცეცხლწვერიანები, გრძელკოჭიანები, რკინისმუშტიანები, მაგარწვერიანები, შავკულულიანები და ქვისტერფიანები. მათგან ყველაზე მეტი ცნობილი არის დურინის ხალხზე, გრძელწვერიანებზე, რომელიც კჰაზად-დუმის გამოქვაბულებში ცხოვრობდა, ეს ხალხი სხვა კლანებს შორის ყველაზე მრავალრიცხოვანი და დიადი გახდა. გრძელწვერიანების კლანი უმთავრესად ითვლებოდა და მათი სამეფოც ცენტრალურ ჯუჯურ სამეფოდ ითვლებოდა. პირველ, მეორე და მესამე ეპოქის დასაწყისში გრძელწვერიანთა სამეფო იყო კჰაზად-დუმი, როდესაც იგი ბალროგის გამო დაიცალა, ცენტრალური სამეფოს როლი მარტოსულ მთაში დააარსებულმა ერებორის სამეფომ იკისრა, მაგრამ, რამდენიმე წლის შემდეგ, დრაკონმა სმაუგმა ერებორი დაარბია, მორიგი ცენტრალური სამეფო კი რკინის გორებში დააარსებული სამეფო გახდა. მეოთხე ეპოქაში ცენტრალური სამეფოს როლი კვლავ აღდგენილმა კჰაზად-დუმის სამეფომ იკისრა.

ჯუჯების მშობლიური ენა ქუზდულაა, რომელსაც ჯუჯები მხოლოდ ერთმანეთთან საუბრისას იყენებენ. ქუზდულა ჯუჯის გარდა სხვას არავის მოუსმენია, რადგან მის შესახებ ჯუჯები არავის უმხელენ, ჯუჯები თავიანთ სახელებსაც კი ქუზდულაზე არავის უმხელენ, სახელები, რომლებითაც ისინი შუახმელეთში არიან ცნობილნი, მხოლოდ სხვა არსებებთან ურთერთობისთვისაა შერქმეული ადამიანურ ენაზე (ძირითადად, დასავლურზე).

ელფები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელფები უკვდავი არსებები არიან, ილუვატარის პირველი შვილები, რომლებიც არდაში პირველად გამოჩნდნენ. ელფები გაჩდნენ ვალინორის ხეების ხანაში, მაგრამ საუკუნეების განმავლობაში ისინი მხოლოდ ღამის ვარსკვლავების სინათლის ქვეშ ცხოვრობდნენ. ელფების სამშობლო შუახმელეთის შორეულ აღმოსავლეთში მდებარე ყურე ქუივიენენის მიდამოებშია. სამწუხაროდ, ელფები პირველად მელკორმა აღმოაჩინა და მრავალი მათგანი შეიპყრო (სწორედ მათგან გამოიყვანა მან ორკები), ელფებში დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა თქმულება, რომ დაკარგულ ელფებს შავი მხედარი იტაცებდა. პირველი ვალა, რომელმაც ელფები ნახა, იყო ორომე, რომელიც შუახმელეთში მელკორის ურჩხულებზე ნადირობდა. ორომე ელფებმა თავიანთ მფარველად მიიჩნიეს, ამიტომაც მას ყველა ვალარზე მეტად ენდობოდნენ. როდესაც ვალარებმა ელფების ამანში გადაყვანა გადაწყვიტეს, ელფები მხოლოდ ორომეს გაჰყვნენ. ელფებისთვის უსაფრთხო გზა რომ შეექმნათ, ვალარები თავს დაესხნენ მელკორს, დაანგრიეს მისი ციხესიმაგრე უტუმნო და თავად მელკორი შეიპყრეს, ელფებმა ამ ომზე არაფერი იცოდნენ, ისინი მხოლოდ ჩრდილოეთში არსებულ ნათებებს ხედავდნენ, მაგრამ მათ ნაწილს ეშინოდა, რადგან არ იცოდნენ ამანის შესახებ, ამიტომაც მათ დარჩენა არჩიეს, ასე დაიყო ელფების რასა: ქუივიენენში დარჩენილებს ავარები (უარმყოფები) ეწოდათ, ხოლო წასულებს — ელდარები (ვარსკვლავური ხალხი) (თავად ელფები საკუთარ თავს კვენდის უწოდებდნენ).

ერთ-ერთი აღსანიშნავი ელფია ეოლი - ბნელი ელფი, რომელიც ტელერი იყო, ფეანორის გარდა - ყველა დროის უდიდესი ელფი მჭედელი[1][2].

ავარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავარები ეწოდებოდათ ელფებს, რომლებმაც არ ისურვეს ვალარებს გაჰყოლოდნენ, მათ შესახებ სხვა არაფერია ცნობილი.

ელდარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელდარები მრავალწლიან მოგზაურობაში გაჰყვნენ ორომეს, რომელსაც ყველა ვალარზე მეტად ენდობოდნენ. ორომეს მრავალი საქმე ჰქონდა, ასე რომ, ის მათ ხშირად მარტოს ტოვებდა, უცნობი სამყაროთი შეშინებული ელფები კი მის მოსვლამდე არსად მიდიოდნენ, რის გამოც მოგზაურობა ძლიერ გაჭიანურდა. ელფებზე ძლიერ იმოქმედა ნისლიან მთებთან მიახლოებამ, მათი სიმაღლით შეშინებული ბევრი ელფი გაიქცა ან ჩამორჩა, ამის გამო, შუახმელეთის დასავლეთში ბევრად ცოტანი და სხვადასხვა დროს მივიდნენ: სულ პირველად დიდი ზღვის სანაპიროსთან მივიდნენ ვანიარები (მშვენიერნი) ინგვეს მეთაურობით, შემდეგნი იყვნენ ნოლდორები (ბრძენნი) ფინუეს მეთაურობით და ბოლოს მივიდნენ ტელერები (უკანასკნელნი). ტელერები გზაში რამდენიმე ტომად დაიყვნენ: ფალმარებად (ზღვის ელფები) (ამანში წავიდნენ ოლვეს მეთაურობით), ფალატრიმებად (ყურის ელფები) (კირდანის მეთაურობით ბრიტომბარის და ეგლარესტის ნავსადგურებში დასახლდნენ) და ნანდორებად (უკან დაბრუნებულები, ასევე ცნობილნი არიან როგორც ტყის ელფები) (ლენვეს მეთაურობით ანდუინის ტყეებში დასახლდნენ). მოგვიანებით ფალატრიმებს და ბელერიანდში მცხოვრებ სხვა ელფებს სინდარებირუხი ელფები ეწოდათ.

ვანიარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვანიარები პირველი ელფები იყვნენ, რომლებიც ამანისკენ მიმავალ გზას გაუდგნენ და პირველები მივიდნენ იქ, ისინი თავდაპირველად ქალაქ ტირიონში ცხოვრობდნენ, შემდეგ კი მთა ტანიქვეტილზე გადასახლდნენ. ვანიარები ამანიდან მხოლოდ ერთხელ — მრისხანე ომში საბრძოლველად — წავიდნენ. მათი მმართველი, ინგვე, ელფების უზენაესი ხელმწიფეა. ვანიარები ვალარებიდან უშუალოდ მანუეს და ვარდას ემორჩილებიან.

ნოლდორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნოლდორები ელფების მეორე და ყველაზე მრავალრიცხოვანი ხალხი იყო, რომლებიც ვალინორში მივიდნენ. ნოლდორები ყველაზე განსწავლულნი იყვნენ, სწორედ მათ გამოიგონეს პირველი ელფური ანბანი, ნოლდორებმა პირველებმა იპოვეს ძვირფასი ქვები ვალინორში და მათ თავიანთი ქალაქების ასაშენებლად იყენებდნენ. ისინი უშუალოდ აულეს ემორჩილებიან, ძვირფასი ქვების დამუშავების ხელოვნებაც მისგან ისწავლეს.

დიდი ხნის განმავლობაში ნოლდორთა ხელმწიფე იყო ფინუე, რომელსაც სამი შვილი ჰყავდა: ფეანორი, ფინგოლფინი და ფინარფინი. სწორედ ფეანორმა შექმნა სილმარილები. მოგვიანებით, როდესაც მელკორი გაათავისუფლეს, მან ფინუეს შვილებს და ვალარებს შორის უთანხმოების ჩამოგდება დაიწყო, რასაც მიაღწია და როდესაც მან ფინუე მოკლა და სილმარილები გაიტაცა, ფეანორი და მისი ძმები უკან დაედევნენ (სწორედ ფეანორმა უწოდა მას მოროგთიმსოფლიოს ბნელი მტერი). ვალარებმა გაუნცხადეს, რომ მორგოთის დევნაში ხელს არ შეუშლიდნენ, მაგრამ, არც დაეხმარებოდნენ. ტელერების პორტ ალკვალონდეში მისულ ფეანორის ხალხს ტელერებმა შუახმელეთამდე მისასვლელი გემების მიცემაზე უარი განუცხადეს, ამის გამო განრისხებულმა ფეანორმა თავის ხალხს გემების ძალით დაუფლება უბრძანა, მალე ალკვალონდეში ჯერ ფინგოლფინის, შემდეგ კი ფინარფინის ხალხებიც მივიდნენ, მათ ეგონათ, რომ ბრძოლა ტელერებმა დაიწყეს და ფეანორს შეუერთდნენ, ასე მოხდა ჟლეტა ალკვალონდეში. ნოლდორებმა მრავალი გემი ჩაიგდეს ხელში და შუახმელეთისკენ გაცურეს, მაგრამ ზღვაში ამოვარდნილმა ქარიშხალმა რამდენიმე გემი დაამსხვრია, გადარჩენილები ამანის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე არამანში გადასხდნენ. იქ მათ გამოეცხადა მანდოსი, რომელმაც ჟლეტის გამო დაწყევლა ყველა ნოლდორი და სხვა ელფი, რომელიც ფეანორს გაჰყვებოდა, ამას მოგვიანებით ნოლდორთა წილი ეწოდა. ფინარფინი და მისი ხალხი უკან გაბრუნდა, ხოლო ჰელქარაქსეში (შუახმელეთის ტუნდრა ჩრდილო-დასავლეთით) დარჩენილი გემები არ იყო საკმარისი ფეანორის და ფინგოლფინის ხალხის გადასაყვანად, გადაწყდა, რომ ჯერ ფეანორის ხალხი გადავიდოდა, მაგრამ შუახმელეთში გადასვლისთანავე ფეანორმა გემების დაწვა ბრძანა, დამწვარი გემების კვამლი ფინგოლფინმა დაინახა და მიხვდა, რომ უღალატეს, მაგრამ გადაწყვიტა ნებისმიერ ფასად წასულიყო შუახმელეთში, სწორედ იმ დღეს პირველად ამოვიდა მთვარე და მის შუქზე ფინგოლფინის ხალხი გაყინული ჰელქარაქსეს გავლით შუახმელეთისკენ მიდიოდა.

ფეანორი რამდენიმე კვირაში ბალროგების მიერ მოწყობილ ალყაში დაიღუპა, ნოლდორთა მეფე კი დაბრუნებული ფინგოლფინი გახდა.

ნოლდორები ბელერიანდში დასახლდნენ და იქ სინდარების მეზობლად თავიანთი სამეფოები შექმნეს. ისინი ბელერიანდის თითქმის ყველა ბრძოლაში მონაწილეობდნენ. მათ მწარე დამარცხება იგემეს დაგორ ბრაგოლახის და ნირნაეთ არნოედიადის ბრძოლებში. ეარენდილის წყალობით, ომში ვალარები ჩაერთვნენ და გაიმარჯვეს, ამის შემდეგ ვალარებმა ნოლდორებს ამანში დაბრუნების უფლება მისცეს, ნოლდორთა უმრავლესობა კუნძულ ტოლ-ერესეაზე დასახლდა, მაგრამ მათი ნაწილი გილ-გალადის და გალადრიელის მეთაურობით შუახმელეთში დარჩა (გილ-გალადი ნოლდორთა უზენაესი ხელმწიფე იყო, მაგრამ ლოთლორიენში დასახლებული გალადრიელის მორჩილნი, ე.წ. გალადრიმები, გალადრიელს ემორჩილებოდნენ), გილ-გალადი უკანასკნელი კავშირის დროს საურონმა მოკლა, მაგრამ ტახტის მემკვიდრემ, ელრონდმა, თავის ტიტულზე უარი განაცხადა და მხოლოდ შუაველის სამეფოს განმგებლობა იკისრა.

მესამე ეპოქაში შუახმელეთში სიტყვა „ნოლდო“ („ნოლდორების“ მხოლობითი ფორმა) აღარ გამოიყენებოდა, მათ უკვე საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ეძახდნენ.

ნანდორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნანდორები, ანუ უკან გაბრუნებულები, ტელერთა ნაწილი იყო, რომლებსაც ნისლიანი მთების გადალახვის შეეშინდათ და ლენვეს მეთაურობით მდინარე ანდუინის ტყეებში დასახლდნენ (სწორედ მათგან წარმოიშვნენ ბნელტევრის და ლორიენის ელფები), ნანდორებმა ყველა სხვა ელფზე კარგად იცოდნენ ცხოველთა და ფრინველთა ენები და მდინარისპირა ტყეებში ცხოვრება ერჩივნათ. მოგვიანებით, ნანდორთა ნაწილი დენეთორის მეთაურობით ნისლიანი მთების გადაღმა გადავიდა და ბელერიანდში დასახლდა, მათ ლაიკვენდი — მწვანე ელფები, ეწოდათ.

ბელერიანდის პირველი ბრძოლის დროს ლაიკვენდიმ იმდენად დიდი დარტყმა მიიღეს, რომ ისინი მორგოთს ღიად აღარასოდეს დაპირისპირებიან, თუმცა, ორკთა მზვერავ რაზმებს ხშირად ესხმოდნენ თავს. ფაქტია, რომ როდესაც ნოგორდის არმიამ დორიათი გაძარცვა, მწვანე ელფები ბერენის მეთაურობით გზაში ჩაუსაფრდნენ და ენტების დახმარებით ყველა მათგანი გაანადგურეს.

სინდარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სინდარები ეწოდათ ელფებს, რომლებიც ბელერიანდში დარჩნენ და ამანში არ წავიდნენ. მათი უმრავლესობა ბელერიანდის დასავლეთში და სამხრეთში სახლობდა (ანგბანდიდან მოშორებით), სინდარებს შეადგენდნენ ფალატრიმები, დორიათის მაცხოვრებლები და ტელერები, რომლებიც მთელ ბელერიანდში იყვნენ გაფანტულები. ისინი ბელერიანდში ყველაზე მრავალრიცხოვან ხალხს წარმოადგენდნენ.

პირველი ეპოქის დასრულებისას მრავალი სინდა ამანში გაემართა, დარჩენილები ლინდონში და ერეგიონში დასახლდნენ.

ტელერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტელერები შეადგენდნენ ელფების მესამე და ყველაზე დიდ ჯგუფს, რომელიც ქუივიენენიდან გამოვიდა, მათ მოგზაურობაში ყველაზე მეტი სირთულე შეხვდათ: ნისლიანი მთების სიახლოვეს ტელერთა ნაწილს მათი გადალახვის შეეშინდა და მდინარე ანდუინის სიახლოვეს დასახლდა, მათ ნანდორები ეწოდათ; ბელერიანდში შესვლისას ტელერთა წინამძღოლი ელვე ნან ელმოთის ტყეში უკვალოდ გაუჩინარდა და ტელერებმა მის უშედეგო ძებნაში ვერ მოასწრეს ზღვამდე მისვლა და ვალინორში ვანიარებთან და ნოლდორებთან ერთად წასვლა, მათი ნაწილი ელვეს ძმის, ოლვეს, მეთაურობით რამდენიმე წლის შემდეგ ულმომ კუნძულ ტოლ-ერესეათი ამანში გადაიყვანა, ბელერიანდში დარჩენილები კი ორად გაიყვნენ — ფალატრიმები კირდანის მეთაურობით ბრიტომბარის და ეგლარესტის ნავსადგურებში დასახლდნენ, დანარჩენები კი დაბრუნებულ ელვესთან (რომელმაც თინგოლი დაირქვა) და მის მეუღლესთან, მაია მელიანთან ერთად, დორიათში დასახლდნენ, მათ სინდარები ეწოდათ.

ამანში ტელერებმა ქალაქ-ნავსადგური ალკვალონდე დააარსეს, ისინი საუკეთესო ზღვამსვლელები და გემთმშენებლები გახდნენ, მათი ულამაზესი გემები ამანის გარშემო წყლებში თავისუფლად დაცურავდნენ. როდესაც მორგოთმა უნგოლიანტთან ერთად სილმარილები გაიტაცა, მას ნოლდორები დაედევნენ. ნოლდორებმა გადაწყვიტეს შუახმელეთში წასასვლელად გემები ტელერებისთვის ეთხოვათ, მაგრამ ვინაიდან ვალარებს მათთვის წასვლის ნება არ დაერთოთ, ტელერებმა უარი უპასუხეს, ამან ნოლდორთა წინამძღოლი, ფეანორი, განარისხა, მან გემების ძალით დაუფლება ბრძანა. ბრძოლაში ტელერთა უმრავლესობა უმოწყალოდ გაიჟლიტა (ამანში აბჯარ-იარაღს მხოლოდ ნოლდორები ამზადებდნენ, ტელერებს კი მხოლოდ უხარისხო მშვილდები ჰქონდათ), ნოლდორთა მიერ მითვისებული გემების ნაწილი ზღვაში ტელერთა მფარველი მაიარების, ოსეს და უინენის მრისხანებისგან ამოვარდნილმა ქარიშხალმა ჩაძირა. ხოლო როდესაც მანდოსმა ნოლდორები მათივე თვალწინ დაწყევლა, მათი ნაწილი ფინარფინის მეთაურობით ვალინორში დაბრუნდა და პატიება მიიღო, დანარჩენები შუახმელეთში წავიდნენ.

ტელერები მთელი პირველი ეპოქის განმავლობაში წყნარად ცხოვრობდნენ, როდესაც ამანში შუახმელეთიდან ეარენდილი ვალართა დახმარების სათხოვნელად მივიდა, ტელერებმა ვალართა არმიას შუახმელეთში გადასასვლელად გემები გადასცეს, მაგრამ თავად მრისხანე ომში მონაწილეობა არ მიუღიათ.

ენტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ენტები მცენარეების მცველები არიან, ერთ-ერთი უძველესი რასა, რომელიც ჯერ კიდევ ვალინორის ხეების ხანაში გაჩნდა, ისინი გაჩდნენ ერუსადმი ვალა იავანას თხოვნით, რომ მცენარეები განადგურებისგან დაეცვათ. ენტები ადამიანის და ხისმაგვარი არსებები არიან, ისინი მცენარეებს უსამართლო მოპყრობისგან ჯერ კიდევ მზის ამოსვლამდე იცავდნენ. თავდაპირველად მათ მეტყველება არ შეეძლოთ, მის ცოდნას ენტები ელფებს უმადლიან (ყველაზე მეტად ქვენია მოსწონთ), ისინი ათასწლეულების განმავლობაში ცოცხლობენ, მაგრამ ელფებისგან განსხვავებით უკვდავები არ არიან, დროთა განმავლობაში ენტები მოძრაობას წყვეტენ და მეტყველების უნარსაც კარგავენ, ისინი ამას „გახევებას“ ეძახიან და ამტკიცებენ, რომ ეს სიკვდილი არ არიან. სხვადასხვა ენტი სხვადასხვა მცენარეს უვლის და გარეგნულადაც იმ მცენარეს ჰგავს (მაგალითად, ენტი რტოსხარტა ცირცლებს უვლიდა და გარეგნულადაც ცირცელს ჰგავდა).

მამრი ენტები ხეებს უვლიდნენ, ხოლო მათი ცოლები — ბუჩქებს და სამიწათმოქმედო კულტურებს, ენტების ცოლებს საკმაოდ დიდი ბაღები ჰქონდათ გაშენებული, მაგრამ, როდესაც მეორე ეპოქაში საურონმა ბაღები გაანადგურა, ისინი უკვალოდ გაუჩინარდნენ.

ენტების სამფლობელო მეორე ეპოქაში მთელ ერიადორში მოფენილი უზარმაზარი ტყე იყო, რომელიც საურონსა და ელფებს შორის ატეხილ ომში განადგურდა, გადარჩა მხოლოდ ნისლიანი მთების სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ფანგორნის ტყე, რომელშიც ძალიან ცოტა ენტი ცხოვრობდა (სავარაუდოდ, იზენგარდის დაცემაში ყველა სიცოცხლისუნარიანი ენტი მონაწილეობდა, მათი რაოდენობა კი ასს არ აღემატებოდა). ფანგორნის ტყის ფაქტობრივი მმართველი იყო ენტი ხისწვერა (სინდარულად მისი სახელი ჟღერს როგორც ფანგორნი). დროთა განმავლობაში უხუცესი ენტების ნაწილი გახევდა, ამან კი მათი რაოდენობა უფრო შეამცირა. მეოთხე ეპოქის დასაწყისისთვის გადაშენების პირას მყოფი ენტები მხოლოდ ფანგორნის ტყეში სახლობდნენ.

გოლიათები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტოლკინთან გოლიათები მხოლოდ რამდენიმეჯერ არის ნახსენები და ამის გამო მრავალი მკითხველი კამათობს, ნამდვილად არსებობდნენ ისინი თუ უბრალოდ ბუნების ძალების მეტაფორულ გადმოცემას წარმოადგენდნენ. ნისლიანი მთების გოლიათები ნახსენებია რომანში „ჰობიტი“. იქ ისინი ერთმანეთს ეთამაშებოდნენ - ისროდნენ და იჭერდნენ უზარმაზარ ლოდებს, შემდეგ კი უფსკრულში გადაუძახებდნენ და ამსხვრევდნენ.

ფილმში „ჰობიტი: მოულოდნელი მოგზაურობა“ გათამაშებულია სცენა რომანიდან. გოლიათები მასში წარმოდგენილები არიან, როგორც ქვის გიგანტური არსებები და ერთმანეთს ებრძვიან.

ჰობიტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰობიტები თითქმის ორჯერ დაბალ ადამიანებს განეკუთვნებიან, მიუხედავად იმისა, რომ მათზე ყველაზე კარგად მხოლოდ ბრიში მაცხოვრებელმა ადამიანებმა და არნორელმა დუნედაინებმა იციან. ჰობიტები მხიარული, წყნარი, დღესასწაულების მოყვარული ხალხია, ცხოვრობენ მიწისქვეშა სოროებში. მათთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა მათი ქვეყნის, შაირის გარეთ რა ხდებოდა.

შაირში მაცხოვრებლები, ფაქტობრივად, გარესამყაროს მოწყვეტილები იყვნენ, მათ არაფერი იცოდნენ ელფების, ვალარების ან კიდევ, აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე მაშინ, როდესაც ბრიში მაცხოვრებელმა ჰობიტებმა კარგად უწყოდნენ აღმოსავლეთიდან მომავალი საფრთხის შესახებ, ვინაიდან აღმოსავლეთიდან დასავლეთში მრავალი გაქცეული სწორედ ამ ქალაქში ისვენებდა.

სარუმანისგან გათავისუფლებული შაირის მაცხოვრებლებმა მალე დაიწყეს გარესამყაროსთან დაკავშირება და თავიანთი წარსულის გამოკვლევა დაიწყეს. მერიადოკ ბრენდიბაკის ჩანაწერებში ცხადდებოდა, რომ ჰობიტები როვანიონიდან იყვნენ (ანუ ჩრდილოელებს განეკუთვნებოდნენ) და ყველაზე მეტად ისინი როჰანელებს ენათესავებოდნენ, ვინაიდან მათი ენებს ბევრი საერთო ჰქონდათ. ამ მოსაზრებას ამყარებდა ისიც, რომ როჰანელთა სიტყვა „ჰოლბიტლა“ „სოროს მაცხოვრებელს“ ნიშნავს.

ჰუორნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გონიერ ხეებს, რომლებსაც შეეძლოთ საუბარი და მოძრაობა, ენტები შემოკლებით ჰუორნებს ეძახდნენ.

სავარაუდოდ, ჰუორნები ენტებთან ერთად გაჩნდნენ პირველ ეპოქაში, მაგრამ მათ შესახებ არაფერია ცნობილი ბელერიანდის ომების პერიოდში. როგორც აღმოჩნდა, ჰუორნები და ენტები ტყეებს ერთად დარაჯობდნენ, მაგრამ, დროთა განმავლობაში, ხეების აურაცხელი რაოდენობით ჭრის გამო, ჰუორნებმა ყოველი ცოცხალი არსება, განსაკუთრებით კი, ჯუჯები და ორკები, შეიძულეს. ამიტომაც, ენტებმა ჰუორნების მეთვალყურეობა დაიწყეს, რომ მათგან სხვები დაეცვათ. მესამე ეპოქაში ჰუორნები ენტებთან ერთად მხოლოდ ფანგორნის ტყეში სახლობდნენ (თუმცა სავარაუდოდ, უძველეს ტყეში არსებული ხეების ნაწილი, მათ შორის ბებერი ტირიფი, ჰუორნები არიან), ენტებისგან განსხვავებით, რომლებიც ამ დროისთვის გადაშენების პირას იყვნენ, ჰუორნების რაოდენობა ფანგორნის სიღრმეში რამდენიმე ათასს აღწევდა.

ჰუორნები ძირითადად ღამით გადაადგილდებოდნენ, თავიანთი მოძრაობის შესანიღბად ისინი ქმნიდნენ წყვდიადის საფარველს, საიდანაც მხოლოდ მათი ხმა ისმოდა. ჰორნბურგის ბრძოლაში მათ შეუცვლელი როლი ითამაშეს: ჰელმის ხეობის შესასვლელში ჩადგნენ და ყველა გაქცეული ურუკი გაანადგურეს.

ადამიანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მესამე ეპოქაში შუახმელეთში ადამიანები ბევრ ადგილზე სახლობდნენ. მათი დიდი ნაწილი ცხოვრობდა გონდორისა და როჰანის ტერიტორიებზე. ადამიანები ცხოვრობდნენ ბრიშიც, ესგაროთშიც, დრუადანთა ტყეშიც და ფოროხელის ყინულოვან რეგიონებშიც. იყვნენ აგრეთვე ადამიანები, რომლებიც ემსახურებოდნენ საურონსა თუ სარუმანს - დუნლანდელები, რუნის, ჰარადისა და უმბარის მაცხოვრებლები.

მდინარის ასულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბუნების სულები, რომლებიც მდინარეებსა და წყლისპირთან ცხოვრობენ. ტოლკინს მხოლოდ ორი ჰყავს ნახსენები: ოქროკენკრა, ტომ ბომბადილის ცოლი და მისი დედა, მდინარის-ქალბატონი. უცნობია, რამდენად უნიკალური არსებები იყვნენ ისინი და წარმოადგენდნენ თუ არა დიდი ხალხის ნაწილს ან მაიარები იყვნენ.

ტომ ბომბადილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უცნობი არსება, რომელიც ცხოვრობს შაირთან არსებულ უძველეს ტყეში. ტომ ბომბადილი არდაში გაჩენილ ყოველ არსებაზე ხნიერია, ის, როგორც ჩანს, არდასთან ერთად გაჩნდა, არ არის არც აინუ, არც მაია, არც ელფი და მით უმეტეს, არც ადამიანი. ის უკვდავია, გამუდმებით კარგ ხასიათზე არის, არ ანაღვლებს გარესამყაროში მიმდინარე მოვლენები (თუმცა, მელკორზე და საურონზე საკმაოდ ბევრი იცის) და იცის ბევრი ლეგენდა და მითი. ტომ ბომბადილზე არ მოქმედებს არანაირი მაგია, მთავარი ბეჭდისაც კი (როდესაც ბეჭედი გაიკეთა, არ გაუჩინარდა, გაუჩინარებული ფროდოს დანახვა კი შეძლო).

ტომ ბომბადილი უძველესი ტყის შუაგულში, ბორცვზე ცხოვრობს თავის ცოლთან, ოქროკენკრასთან, ერთად. იგი ტყეში განუსაზღვრელი უფლებებით სარგებლობს, თუმცა, მხოლოდ წესრიგის დამცველია. მიუხედავად იმისა, რომ გარესამყაროში მიმდინარე მოვლენები არ აინტერესებს, გარკვეული კავშირები აქვს ჰობიტ ფერმერ მეგოტთან (ჰობიტებთან საუბრისას ახსენება მისი სახელი), ამათანავე, მასზე იციან დუნედაინებმა (არაგორნმა თქვა, რომ ჰობიტები „ბომბადილის ტყიდან“ გამოსვლისას დაინახა), რაც იმაზე მეტყველებს, რომ გარესამყაროსთან კავშირი არ აქვს გაწყვეტილი.

სავარაუდოდ, ტომ ბომბადილი უძველეს ტყეში თვით დაგორ დაგორათამდე იცხოვრებს.

დრუადანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეთრი მთების აღმოსავლეთით არსებულ დრუადანის ტყეში ცხოვრობდა პირველყოფილი ტყის ხალხი, რომლებსაც გონდორელებთან ნეიტრალური დამოკიდებულება ჰქონდათ, მაგრამ სძულდათ ორკები, რომლებიც ხის რესურსს საწვავად იყენებდნენ. ბეჭდის ომის დროს ამ ხალხმა როჰირიმები ჩუმად გაატარა გონდორელების მიერ გაკეთებული გვირაბებით, რითაც შეუცვლელი დახმარება გაუწია გონდორს. ბეჭდის ომი შემდეგ გაერთიანებული სამეფოს მეფე ელესარმა დრუადანის ტყე ადგილობრივების საკუთრებად გამოაცხადა.

დამპყრობელი „ხალხები“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბალროგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველა მაია ვალარების მხარეზე არ გადასულა. დიადი ლამპრების დანგრევის შემდეგ მაიარების ნაწილი მელკორის მხარეზე გადავიდა და მასთან ერთად შუახმელეთში დასახლდა. როდესაც ვალარების მსგავსად მათაც ხილული სახე მიიღეს, მელკორის მაიარების ნაწილმა ცეცხლოვანი არსებების სახე მიიღო, მათ ბალროგები ეწოდათ. ბალროგები მელკორის არმიის მეომრები გახდნენ, ხოლო ელფების გამოჩენის შემდეგ, როდესაც მელკორმა მათგან ორკები გამოიყვანა, ბალროგები არმიის ელიტური დანაყოფების წევრები გახდნენ. ვალარებსა და მელკორს შორის მომხდარი მეორე ომის დროს ვალარებმა მრავალი ბალროგი გაანადგურეს, გადარჩენილები ნახევრად დანგრეული ანგბანდის ჯურღმულებში დაიმალნენ და იქ თითქმის სამი საუკუნის განმავლობაში ცხოვრობდნენ, მბრძანებლის დაბრუნების მოლოდინში კი ციხესიმაგრე თანდათან აღადგინეს. თითქმის სამი საუკუნის შემდეგ ანგბანდში მორგოთის ყვირილი გაიგონეს და ბალროგებიც მის მოსაძებნად გაემართნენ. მათ ბეწვზე მიუსწრეს უნგოლიანტის წყვდიადის აბლაბუდაში შეპყრობილ მორგოთს, ბალროგებმა თავიანთი ცეცხლოვანი მათრახებით უნგოლიანტის მტკიცე აბლაბუდა გაწყვიტეს, თავად უნგოლიანტი კი გააგდეს. ანგბანდში დაბრუნების შემდეგ მორგოთმა თავისი არმია აღადგინა და შუახმელეთის დასაპყრობად ომი წამოიწყო. ბალროგები არმიის უმთავრესი წევრები გახდნენ უძლიერესი მათგანის, გოთმოგის, მეთაურობით. მრისხანე ომის შემდეგ გადარჩენილ ბალროგებს ვალარებმა მიწის ზედაპირზე ამოსვლა აუკრძალეს და ისინიც მთელ შუახმელეთში გაიფანტნენ. ერთ-ერთი მათგანი ნისლიანი მთების უღრმეს გამოქვაბულებში დაიმალა, სადაც თითქმის ხუთი ათასი წლის შემდეგ იგი კჰაზად-დუმის ჯუჯებმა გამოაღვიძეს, მან ჯუჯები იქიდან გაყარა და გამოქვაბულებში თავად დასახლდა, თითქმის ათას ასი წლის შემდეგ კი ბალროგი მაია განდალფთან შეტაკებისას დაიღუპა.

ბალროგები ცეცხლოვანი არსებები იყვნენ, ტანი ადამიანისას მიუგავდათ, თავი დემონის მსგავსი ჰქონდათ, ჰქონდათ ფრთები და, სავარაუდოდ, კუდიც. ისინი შეიარაღებულები იყვნენ მრავალგვარი იარღით, მათ შორის, ცეცხლოვანი ხმლით და ცეცხლოვანი მრავალშოლტიანი მათრახით (გონდოლინზე შეტევისას ზოგი ბალროგი შურდულებითაც იყო შეიარაღებული), მაგრამ, მათი უმთავრესი იარაღი მაინც მათი შემზარავობა იყო. ბალროგის სხეულს წყვდიადის კვამლის ფარდა ფარავდა, ხოლო ცეცხლთან მიახლოებისას კვამლს ალი ეკიდებოდა და ისიც ხილული ხდებოდა.

მეოთხე ეპოქაში ცოცხალ ბალროგებზე ცნობები აღარ არსებობდა.

ყორ­ღა­ნების აჩრდილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბნელი სულები, რომლებიც ანგმარის გრძნეულმა მეფემ დუნადანთა ძველ მეფეთა გასაცოცხლებლად გააგზავნა. ცხოვრობდნენ ბრისთან, ყორღანების დაბლობებზე.

დრაკონები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დრაკონების შექმნის ისტორია საკმაოდ საინტერესოა: დაგორ აგლარების შემდეგ ნოლდორთა ხელმწიფის, ფინგოლფინის მეთაურობით, ბელერიანდის ელფებმა დაიწყეს ანგბანდის ალყა, რომელიც თითქმის ოთხი საუკუნე გრძელდებოდა. მორგოთის ნებისმიერი ალყის გარღვევის მცდელობა კრახით სრულდებოდა, შედეგად, მან გადაწყვიტა თავისი არმიისთვის ახალი მეომრები შეემატებინა და დაიწყო დრაკონების, უზარმაზარი ქვეწარმავლების, შექმნა, რომლებიც შეძლებდნენ ელფური იარაღით მიყენებული ტკივილის ატანას, რომ გზა გაეხსნათ ძირითადი ჯარისთვის, რომელიც ალყას გახსნიდა და მოკავშირეებს გაანადგურებდა. მორგოთის ჩანაფიქრი დრაკონების მიმართ ნაწილობრივ გამართლდა: ისინი საკმაოდ ძლიერები და გამძლეები იყვნენ, შეეძლოთ ცეცხლის გამოფრქვევაც, მაგრამ პირველ დრაკონებს ფრთები არ ჰქონდათ და ნელა იზრდებოდნენ. პირველი ეპოქის მზის ხანის 260 წელს ალყის გარღვევა სცადა პირველმა დრაკონმა, გლაურუნგმა, მან მოალყეების გაფანტვა მოახერხა, მაგრამ იგი ჯერ კიდევ პატარა იყო, მისი ჯავშანი კი არც ისე მტკიცე, რომ ისრების მრავალი დარტყმისთვის გაეძლო და ფინგოლფინის შვილმა, ფინგონმა მოისარი მხედრების დახმარებით გლაურუნგი შეაშინა და ანგბანდში გააბრუნა. ამან მორგოთი დაარწმუნა, რომ დრაკონების გამოყენება ალყის მოსახსნელად საუკეთესო საშუალება იყო, მაგრამ, მათ გასაზრდელად დრო იყო საჭირო.

პირველ დრაკონებს ფრთები არ ჰქონდათ, ფრთოსანი დრაკონები მორგოთმა მოგვიანებით შექმნა, ისინი პირველად გონდოლინის ალყის დროს გამოჩნდნენ, ისინი ზომით და ძალით ბევრად აღემატებოდნენ პირველ დრაკონებს. დრაკონების მთავარ იარღს ცეცხლი წარმოადგენდა, პირველი დრაკონების ცეცხლი ძალიან მხურვალე იყო (ჯუჯების შვიდი ბეჭდიდან ოთხი დრაკონების ცეცხლს ემსხვერპლა), მაგრამ, დროთა განმავლობაში ამ ცხოველებმა დაკნინება განიცადეს, რაც მათი ზომების და ძალების შემცირებაში გამოჩნდა, თუმცა, დრაკონებს შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც ცეცხლის გამოფრქვევა არ შეეძლოთ.

დრაკონებს შეეძლოთ მეტყველება, მათ ასევე ჰქონდათ ჰიპნოზის უნარი (ნებისმიერი არსება, რომელიც დრაკონს თვალებში შეხედავდა, შეიძლებოდა მისი გავლენის ქვეშ მოქცეულიყო), დრაკონები დაჰიპნოზებულ მსხვერპლს იშვიათად კლავდნენ (გლაურუნგმა ტურინსა და მის დას, ნიენორს, მეხსიერება წაუშალა, მაგრამ არ დახოცა), მაგრამ მათი ჰიპნოზი მათშიც აღწევდა, რომლებსაც ვერ ხედავდნენ (ბილბოს ბეჭედი ეკეთა, მაგრამ სმაუგის თვალებში შეხედვისთანავე მასთან საუბრის სურვილი გაუჩნდა). დრაკონებს ძალიან უყვარდათ განძეულობა, რის გამოც ხშირად თავს ესხმოდნენ ჯუჯებს, მათმა თავდასხმებმა არაერთი ჯუჯური სახელმწიფო გაანადგურა (მაგალითად, ერებორი). თავიანთი შემქმნელისგან განსხვავებით, დრაკონებს განადგურებისგან მიდრეკილება არ ჰქონიათ, მათ მხოლოდ სურდათ, რომ არ შეეწუხებინათ (სმაუგი ესგაროთს მხოლოდ მაშინ დაესხა თავს, როდესაც იეჭვა, რომ ბილბო მათი გამოგზავნილი ქურდი იყო), მიუხედავად იმისა, რომ შემწუხებელს სასტიკად უსწორდებოდნენ.

პირველ ეპოქაში დრაკონები ანგბანდში ცხოვრობდნენ, მაგრამ, მრისხანე ომის შემდეგ ვალარებს ცოტა მათგანი გადაურჩა, ამიტომაც მეორე ეპოქაში მათზე შუახმელეთში თითქმის არ სმენიათ, მესამე ეპოქაში კი გამრავლებულებმა რუხი მთების ჩრდილოეთიდან შემოიჭრნენ და ჯუჯების განძზე ნადირობა დაიწყეს, მეოთხე ეპოქის დასაწყისში გადარჩენილი დრაკონები რუხი მთების ჩრდილოეთ ტერიტორიაზე, ე.წ. გადაბუგულ ტრამალებზე ცხოვრობდნენ.

ადამიანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღმოსავლელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიტყვა „აღმოსავლელს“ ელფები თავდაპირველად ზოგადად „ადამიანის“ სინონიმად იყენებდნენ, მოგვიანებით ასე ეწოდათ მორგოთის მხარეზე გადასულ ადამიანებს. აღმოსავლელები პირველ ეპოქაში მორგოთის არმიის შემადგენლობაში იყვნენ, თუმცა, მრისხანე ომის დასრულების შემდეგ, ვალარების რისხვას მრავალი მათგანი შუახმელეთის სამხრეთში და აღმოსავლეთში გაექცა, მათგან მომდინარეობენ ჰარადის და რუნის მოსახლეები, რომლებიც წლების განმავლობაში მტრობდნენ დასავლელ ადამიანებთან, კერძოდ კი — გონდორელებთან.

მეორე და მესამე ეპოქებში „აღმოსავლელი“ რუნის მიწებზე მომთაბარე ხალხის სინონიმად იქცა, ეს ხალხი ორი ეპოქის მანძილზე სამხრეთელებთან (ჰარადრიმებთან) ერთად ებრძოდა ჯერ შუახმელეთში მოსახლე ნუმენორელებს, ხოლო შემდეგ კი მათ შთამომავლებს, გონდორელებს. ბეჭდის ომში ათასობით აღმოსავლელი საურონის ბრძანებით მორდორში შეიკრიბა, მათი ნაწილი ძირითად ჯართან ერთად ითილიენის გავლით მინას ტირითისკენ დაიძრა, ნაწილი კი ჩრდილოეთის არმიასთან ერთად ველის და ერებორის დასამორჩილებლად გაემართა, რომ საურონს გზა გახსნოდა რუხი მთების გავლით ერიადორში ანგმარის მხრიდან შესაჭრელად. საბოლოოდ, საურონის ორივე არმია განადგურდა, მორანონის ბრძოლის შემდეგ კი ისინი რუნის მიწებზე გაიფანტნენ.

მეოთხე ეპოქაში გაერთიანებული სამეფოს მეფე ელესარმა არაერთი ლაშქრობა მოაწყო რუნის მიწებზე სამეფოს გავლენის გასაზრდელად.

დუნლანდელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დუნლანდი ველურ მთიელთა ტერიტორია იყო ნისლიანი მთების სამხრეთ კიდის დასავლეთით. დუნლანდელები ცხოვრების წესით ჰგვანან თეთრი მთების აღმოსავლეთ კიდეზე არსებული დრუადანის ტყის მაცხოვრებლებს, მაგრამ, მათგან განსხვავებით, მესამე ეპოქაში სარუმანის მხარეზე გადავიდნენ როჰანის მიმართ არსებული სიძულვილის გამო: დუნლანდელებს სჯეროდათ, რომ კალენარდონის მიწები, სადაც როჰირიმები გონდორის მოურავი კირიონის ნებართვით დასახლდნენ, მათ წინაპრებს ეკუთვნოდათ და როჰირიმების იქ დასახლება უსამართლობა იყო. მესამე ეპოქის 2758 წელს დუნლანდელები როჰანს მოულოდნელად დაესხნენ თავს და მოსახლეობა აიძულეს მთებში გახიზნულიყო, სადაც იმ წელს საკმაოდ მკაცრი ზამთრის გამო მრავალი ადამიანი შიმშილით და ყინვით დაიღუპა (მათ შორის მეფეც და მისი შვილებიც), გაზაფხულზე მეფის დისშვილმა ფრეალაფმა დუნლანდელებს მოულოდნელად შეუტია და აიძულა კვლავ დუნლანდში დაბრუნებულიყვნენ. დუნლანდელებმა როჰანზე დაივიწყეს, მაგრამ, ბეჭდის ომში, სარუმანმა მათ კვლავ გაუღვივა როჰირიმების მიმართ არსებული სიძულვილი და იზენგარდის არმიაში მონაწილეობა შესთავაზა. დუნლანდელები იზენგარდელი ურუკების მხარეზე იზენის ფონებთან მომხდარ ორივე ბრძოლაში და ჰორნბურგის ბრძოლაში მონაწილეობდნენ. იზენგარდის დაცემის შემდეგ ენტებმა და როჰირიმებმა ყველა დატყვევებული დუნლანდელი გაათავისუფლეს და დუნლანდში დაბრუნების საშუალება მისცეს.

უმბარელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უმბარი ნუმენორის უმთავრესი ნავსადგური იყო მეორე ეპოქაში. ნუმენორის განადგურების შემდეგ უმბარი „მეფის ხალხით“ იყო დასახლებული, რომლებსაც მესამე ეპოქაში „შავ ნუმენორელებს“ ეძახდნენ. ასწლეულების შემდეგ შავ ნუმენორელთა სისხლი ადგილობრივი ხალხის სისხლში აირია და მათი საგვარეულოც გაქრა, მათი შთამომავლები კი საურონის მორჩილ მეკობრეებად იქცნენ, რომლებიც გონდორის სანაპირო დასახლებებს ძარცვავდნენ. გონდორის ფლოტის არარსებობის გამო კი ისინი ელფებისთვისაც წარმოადგენდნენ საფრთხეს (ელფებს ეშინოდათ, რომ მეკობრეები რუხ ნავსადგურამდე მიაღწევდნენ და გაანადგურებდნენ მას, რითაც ელფებს ვალინორში გასაქცევ გზას მოუჭრიდნენ). უმბარელები ბეჭდის ომშიც მონაწილეობდნენ: მათ პელარგირის გარნიზონი უნდა გაენადგურებინათ და შემდეგ ჰარადრიმებთან ერთად ანდუინს აჰყოლოდნენ ოსგილიათამდე მინას ტირითის ალყის გასაძლიერებლად. მაგრამ, მეკობრეების და ჰარადრიმების ჯარი არაგორნის ბრძანებით დუნჰარგელი აჩრდილების ლაშქარმა გაანადგურა, გადარჩენილები კი სამხრეთში გაიქცნენ. მეოთხე ეპოქაში უმბარი გაერთიანებულმა სამეფომ დაიპყრო, მეკობრეები კი, ან სამხრეთით განდევნეს, ან გაანადგურეს.

შავი ნუმენორელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შავი ნუმენორელები ეწოდებოდათ ნუმენორის განადგურების შემდეგ შუახმელეთის დასავლეთ სანაპიროებზე არსებული კოლონიების მოსახლეობას, რომლებიც ე.წ. „მეფის ხალხს“ შეადგენდნენ. ეს ხალხი უწყვეტ წინააღმდეგობას უწევდა „ერთგულების“ მიერ დააარსებულ გონდორს და არნორს. შავ ნუმენორელთა შთამომავლები ჰარადის და უმბარის მხარდაჭერით არაერთხელ ლაშქრობდნენ გონდორის წინააღმდეგ (კომპიუტერული თამაში ბეჭდების მბრძანებელი: ბრძოლა შუახმელეთისთვის II: გრძნეული ხელმწიფის აღზევების მიხედვით შავი ნუმენორელები არნორის წინააღმდეგ ანგმარის ჯარებშიც იბრძოდნენ). შავი ნუმენორელები „ერთგულების“ შთამომავლებზე მცირედნი იყვნენ და მათი სისხლის ადგილობრივებთან შერევის გამო ეს ხალხი თითქმის ათას წელიწადში გადაშენდა, მათი შთამომავლები კი საურონის სახელით შუახმელეთის თავისუფალი ხალხის წინააღმდეგ მრავალ ომში მონაწილეობდნენ მეოთხე ეპოქამდე. მეოთხე ეპოქაში შავ ნუმენორელთა შთამომავლების მიწები გაერთიანებულმა სამეფომ დაიპყრო.

ჰარადრიმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გონდორის და მორდორის სამხრეთით არსებული ჰარადის მიწებზე სახლობდა ხალხი, რომელთა წინაპრებიც პირველ ეპოქაში მორგოთს ემსახურებოდნენ და მრისხანე ომის შემდეგ ბელერიანდიდან სამხრეთ შუახმელეთში გაიქცა. ჰარადი იყო მომთაბარე ტომებით დასახლებული მიწების საერთო დასახელება, ცნობილია, რომ ჩრდილოეთ და დასავლეთ ჰარადში გარკვეული სამეფოებიც არსებობდა, სამხრეთში კი ჯუნგლებით დაფარული ტერიტორია იყო, სადაც შავკანიანი ხალხი ცხოვრობდა. ჩრდილოეთ და დასავლეთ ჰარადის მოსახლეობა მორდორს ემორჩილებოდა, მაგრამ სამხრეთის მოსახლეობა შუახმელეთში მომხდარ არცერთ ომში არ მონაწილეობდა.

ჰარადრიმები მთელი მესამე ეპოქის განმავლობაში ეომებოდნენ გონდორს, თავისი დიდების ხანაში გონდორი მთელ ჩრდილოეთ და ჩრდილო-დასავლეთ ჰარადს აკონტროლებდა, მაგრამ დაკნინების პერიოდში დიდი ტერიტორია დაკარგა, ხოლო მესამე ეპოქის მიწურულს მორდორისკენ ჰარადრიმები გონდორის ერთ-ერთი უმთავრესი ტერიტორიის, ითილიენის, გავლით მიდიოდნენ. ბეჭდის ომში ჰარადრიმები თავიანთ მიწებზე მობინადრე უზარმაზარი სპილოსმაგვარი ცხოველებით, მუმაკებით, იბრძოდნენ. მუმაკები მათი არმიის უძლიერეს ნაწილებს შეადგენდნენ, ამ ცხოველების დახოცვა საკმაოდ ძნელი იყო, რაც ბრძოლაში ჰარადრიმების წარმატების საწინდარი ხდებოდა. მეოთხე ეპოქაში გაერთიანებულმა სამეფომ ჰარადში არაერთი სამხედრო კამპანია წამოიწყო და მათ შედეგად მან გონდორის დიდებისდროინდელი მიწები დაიბრუნა.

ორკები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველ ეპოქამდე მელკორის არმიას შეადგენდნენ მხოლოდ ბალროგები და სხვადასხვა ცხოველებისგან შექმნილი ურჩხულები (მათ შორის, მაქციები, ვარგები და ვამპირები). როდესაც მელკორმა ელფები აღმოაჩინა, მან გადაწყვიტა მათი გამოყენება ახალი არსებების შესაქმნელად. მელკორის ჯაშუშები ქუივიენენს დაშორებულ ელფებს იტაცებდნენ და მიჰყავდათ უტუმნოში, სადაც მელკორმა მათგან დროთა განმავლობაში გამოიყვანა ელფებისგან ძლიერ სახეშეცვლილი, გაველურებული, ვანდალური, დამახინჯებული არსებები, ორკები. ორკებს თავიანთი აღნაგობის წყალობით სწრაფად შეეძლოთ გადაადგილება ხეების სინათლეს მოშორებულ შუახმელეთში. ორკები მელკორის არმიის უმთავრესი შემადენელი ძალა გახდა. ანგბანდში და უტუმნოში ორკების რაოდენობა თანდათან იზრდებოდა, სანამ ელფების დასაცავად მელკორს ვალარები არ დაესხნენ თავს, უტუმნო და ანგბანდი დაინგრა, ორკების უმრავლესობა განადგურდა, გადარჩენილები კი ანგბანდის ჯურღმულებში დაიმალნენ მელკორის სხვა არსებებთან ერთად. როდესაც ანგბანდში მორგოთი დაბრუნდა, ორკები უკვე იმდენად იყვნენ გამრავლებულები, რომ მორგოთის თავდაპირველ არმიას მრავალჯერ აღემატებოდნენ რაოდენობით. დაბრუნებისთანავე მორგოთმა გადაწყვიტა მოულოდნელი თავდასხმით გაენადგურებინა ჯერ ბელერიანდის, ხოლო შემდეგ კი მელი შუახმელეთის ყველა ელფი, მაგრამ, ბელერიანდის პირველ ბრძოლაში ფალატრიმებმა და დორიათმა გაძლეს, დაგორ-ნუინ-გილიათში კი ნოლდორები ჩაერივნენ, მაგრამ ყველასთვის მოულოდნელი იყო მზის გამოჩენა, მზის სინათლე იმდენად ძლიერი იყო, რომ ორკები მას ვერ იტანდნენ, ეს კი დღისით ორკების საბრძოლველად გამოყვანას შეუძლებელს ხდიდა.

პირველი ეპოქის შემდეგ ორკების უმრავლესობა გროვდებოდა მორდორში მორგოთის ყოფილი მთავარსარდლის, საურონის, მბრძანებლობის ქვეშ. საურონმა ორკებისგან შექმნა მათთან შედარებით ძლიერი და დისციპლინური ურუკები, მაგრამ მზის სინათლეს ვერც ისინი ვერ იტანდნენ, საურონმა არაერთხელ სცადა მათი ამ ნაკლის გამოსწორება, მაგრამ ამ საქმეში სრულყოფილ წარმატებას მიაღწია საურონის დამორჩილებულმა მაიამ, ისტარმა სარუმანმა.

მესამე ეპოქის შემდეგ ორკები მიუვალ ადგილებში გაიფანტნენ და, სავარაუდოდ, გადაშენდნენ.

ნახევარორკები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნახევარორკები გაჩნდნენ საურონის მიერ მზისადმი გამძლე ორკების შექმნის მცდელობისას. ამისთვის მან გადაწყვიტა შეერთებინა ორკები და ადამიანები, მიღებული არსებები ორკებზე შედარებით მაღლები აღმოჩნდნენ, მაგრამ მათი კანი არაბუნებრივად შავი ფერის გამოვიდა, თვალის ჭრილები კი — ძალზე წვრილი. ვინაიდან ნახევარორკების რაოდენობა ძალზე მცირე იყო, მათზე ბევრი არ იყო ცნობილი, მხოლოდ ის, რომ ისინი ბეჭდის ომში მორდორის მხარეზე იბრძოდნენ.

ურუკები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ურუკებს თავდაპირველად უწოდებდნენ მორდორის დიდი ზომის ორკებს, რამდენიმე წლის შემდეგ კი სარუმანმა იზენგარდში შექმნა სინათლისადმი გამძლე ორკების ახალი სახეობა, რომლებსაც ურუკები უწოდეს. იზენგარდელი ურუკები ბევრად ძლიერები, გამძლეები, მაღლები და დისციპლინურები იყვნენ ჩვეულებრივ ორკებთან შედარებით, დროთა განმავლობაში იზენგარდის არმიის უდიდესი ნაწილი ურუკებმა შეადგინეს. ურუკები ბრძანებებს უსიტყვოდ და ზედმიწევნით ასრულებდნენ (როდესაც უგლუკის რაზმს დატყვევებული ჰობიტები იზენგარდში მიჰყავდა, მორდორელი და მორიელი ორკები მათ დახოცვას მოითხოვდნენ, მაგრამ ურუკები სარუმანის ბრძანების — ჰობიტების იზენგარდში უვნებლად მიყვანის — დარღვევას არ აპირებდნენ. ყველა იზენგარდელი ურუკი ჰორნბურგის ბრძოლაში და იზენგარდის დაცემისას განადგურდა, გადარჩენილები კი ბრძოლის ველს გარშემორტყმულმა ჰუორნებმა დახოცეს, ის ურუკები კი, რომლებიც იზენგარდიდან მორდორში გაგზავნეს, ან შავი კარიბჭის ბრძოლაში დაიხოცნენ, ან მიუვალ ადგილებში დაიმალნენ და დროთა განმავლობაში გადაშენდნენ.

ტროლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტროლები მელკორმა ქვისგან შექმნა, როგორც თავისი არმიის „ენტები“. ტროლები ზონზროხა, უტვინო და შტერი გოლიათები იყვნენ, ჰქონდათ მტკიცე ტყავი და შავი სისხლი, ტროლები გამოირჩეოდნენ თავიანთი ღონით და გამძლეობით, უყვარდათ მოსახლეობის აწიოკება და ძარცვა, ნაძარცვ ოქროს კი თავიანთ გამოქვაბულებში აგროვებდნენ. ტროლებს ორკების მსგავსად მზის ატანა არ შეეძლოთ, მაგრამ მათზე მზის სინათლეს ბევრად ძლიერი ეფექტი ჰქონდა — მზის სინათლეზე ისინი ქვავდებოდნენ. ისინი ტროლები მონაწილეობდნენ შუახმელეთის თითქმის ყველა ომში მელკორის და საურონის მხარეზე, მეოთხე ეპოქაში ტროლები მიუვალ ადგილებში გადაიკარგნენ და დროთა განმავლობაში გადაშენდნენ. ტროლების მრავალი ერთმანეთისგან განსხვავებული სახეობა არსებობდა, ისინი ქვემოთ არიან მოცემულები:

გამოქვაბულის ტროლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოქვაბულის ტროლები ცხოვრობდნენ ნისლიანი და რუხი მთების მიწისქვეშა გამოქვაბულებში ცხოვრობდნენ მთის ორკეთან ერთად. გამოქვაბულის ტროლები შედარებით დაბლები იყვნენ (ორი-სამი ადამიანის სიმაღლის), ჰქონდათ კოჟრებიანი კანი და უთითებო ფეხები, მათი ნაწილი ბეჭდის ომისთვის მორიის გამოქვაბულებში ცხოვრობდნენ.

მთის ტროლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მორდორში არსებული გორგოროთის მთების ტროლები მორდორის არმიის ერთ-ერთი ძლიერი ნაწილის შემადგენლობაში იყვნენ. ისინი იყვნენ საკმაოდ ზორბები, ჰქონდათ მტკიცე, ჯავშნიანი კანი, იყვნენ საკმაოდ აგრესიულები და ძლიერები. ბეჭდის ომში მორდორის არმიაში იბრძოდნენ.

ნახევარტროლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნახევარტროლები საურონის პირველი მცდელობა იყო, შეექმნა მზის სინათლისადმი გამძლე ტროლები. ეს არსებები ჩვეულებრივ ტროლებზე ბევრად სუსტები და დაბლები იყვნენ, მაგრამ, მათი უმრავლესობისგან განსხვავებით, ნაჭედი იარაღის ხმარება შეეძლოთ. ისინი ბეჭდის ომში საურონის მხარეზე იბრძოდნენ.

ოლოგ-ჰაი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტროლების ყველაზე ახალგაზრდა სახეობა, ოლოგ-ჰაი საურონმა მესამე ეპოქის მიწურულს შექმნა, ეს არსებები ძალზე განსხვავებოდნენ სხვა ტროლებისგან: ძალიან მაღლები იყვნენ (4-5 ადამიანის სიმაღლის), ბევრად ძლიერები, საკმაოდ ჭკვიანები, რომ ენები შეესწავლათ და მათზე ელაპარაკათ, იყვნენ ცბიერები, გამძლეები, შეეძლოთ სხვადასხვა, მათ შორის, ნაჭედი იარაღის გამოყენება და აბჯრის ტარება, მაგრამ მათი უმთავრესი პლუსი მზის სინათლისადმი გამძლეობა იყო, შედეგად, საურონმა შეძლო შეექმნა ტროლების სახეობა, რომელიც დღისით ბრძოლასაც შეძლებდა, მაგრამ მთავარი ბეჭდის განადგურებასთან ერთად საურონის აღსასრულიც დადგა, მისი მეომრები კი მიუვალ ადგილებში გაიფანტნენ და გადაშენდნენ.

ქვის ტროლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვის ტროლების უმრავლესობა მესამე ეპოქაში ცხოვრობდა ერიადორის ჩრდილოეთ მიდამოებში, ნისლიან მთებთან. ქვის ტროლები შედარებით დაბლები იყვნენ (დაახლ. 3 ადამიანის სიმაღლის), ცხოვრობდნენ გამოქვაბულებში და იქვე აგროვებდნენ ნაძარცვ განძეულობას. ტროლები, რომლებსაც თორინ მუხისფარის ექსპედიცია გადაეყარა, სწორედ ქვის ტროლებს წარმოადგენდნენ.

სხვები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომპიუტერულ თამაშში ბეჭდების მბრძანებელი: ბრძოლა შუახმელეთისთვის II: გრძნეული ხელმწიფის აღზევება აღწერილია ორი სახის ტროლი, რომლებიც ანგმარში და მის ჩრდილოეთ მიდამოებში ცხოვრობდნენ: პატარა, თეთრი ხშირი ბეწვით დაფარული და სწრაფი თოვლის ტროლები და მწვანე ტყავის მქონე ძლიერი, მაგრამ ზანტი მთის ტროლები. ამასთანავე, ამ თამაშში ნაჩვენებია როგაში, ტროლი გუნდაბადის მთიდან და ჩრდილოელი ტროლების წინამძღოლი, რომელიც არცერთ ზემოთჩამოთვლილ ტროლს არ ჰგავს (თოვლის ტროლისთვის საკმაოდ დიდია, მთის ტროლისთვის კი — ბეწვიანი და მოქნილი).

ვამპირები და ღამურები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვამპირებს ტოლკინი უწოდებდა ჩვეულებრივთან შედარებით დიდი ზომის ღამურებს, რომლებიც მორგოთმა ჩვეულებრივი ღამურებისგან შექმნა. მათზე ძალზე ცოტაა ნახსენები, ცნობილია მხოლოდ ერთი მათგანი — თურინგვეთილი, რომლის სახეც ლუთიენმა მიიღო, რათა ანგბანდამდე შეუმჩნევლად მიეღწია.

ღამურები ტოლკინთან არიან ღამის მფრინავი არსებები, რომლებიც ცხოვრობდნენ გამოქვაბულებში ან ბნელ ტყეებში.

ღამურები, როგორც ჩანს, შუახმელეთის ჩრდილოეთით უფრო მეტი იყო. როდესაც ბილბო ბეგინსი დადიოდა ნისლიანი მთების გვირაბებში, მას ისე ხშირად ესმოდა ღამურების ხმა, რომ ეშინოდა. როდესაც ბილბო და ჯუჯები ბნელტევრში იყვნენ, ღამით ცეცხლი დაანთეს, როდესაც იხილეს ათასობით პეპელა, რომლებსაც მოჰყვებოდნენ ღამურები. კიდევ ერთი ღამურა ბილბოს შეხვდა სმაუგის სამფლობელოში. ამან ჰობიტი შეაშინა. მას ჩირაღდანი გაუვარდა. სხვა ჯუჯები მის დასახმარებლად მოვიდნენ. ღამურები ხუთი ლაშქრის ბრძოლაშიც მონაწილეობდნენ - მათ იმდენად დაფარეს ცა, რომ ყველაფერი დაბნელდა.

გნომურად, რომელიც ტოლკინთან ელფური ენის ერთ-ერთი ადრეული კონცეფცია იყო, ღამურის ანალოგი არის cwildred.

„როვერანდომში“ წყვდიადის ღამურები ნახსენებია მთვარეზე მცხოვრებ არსებებთან ერთად.

ვარგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მორგოთის მიერ შექმნილი მგლები, რომლებსაც ორკები ასამხედრებლად ჯერ კიდევ პირველ ეპოქაში იყენებდნენ. ვარგებს თავიანთი ენა აქვთ და შუახმელეთის ომებში ყოველთვის ბოროტების მხარეს იბრძოდნენ, ვარგები ყოველთვის ორკებთან ერთად იბრძვიან, ისინი ორკებს სწრაფად გადაადგილებაში ეხმარებიან, სანაცვლოდ კი საკვებს იღებენ. მიუხედავად ამისა, ჰორნბურგის ბრძოლის დროს მონაწილე დუნლანდელები ვარგებზე იყვნენ ამხედრებულები. ბეჭდის ომის შემდეგ ვარგები მიუვალ ადგილებში გადაიკარგნენ.

მაქციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაქციებს ტოლკინი უწოდებდა ჩვეულებრივთან დიდი ზომის მგლებს, რომლებიც მორგოთმა ჩვეულებრივი მგლებისგან გამოიყვანა. მათზე ძალზე ცოტაა ნახსენები, ცნობილია მხოლოდ ორი მათგანი — დრაუგლუინი, რომლის ტყავიც ბერენმა ანგბანდამდე შეუმჩნევლად მისასვლელად გადაიცვა, და მისი შვილი, ანფაუგლირი, რომელიც მორგოთმა ანგბანდის კარიბჭის მცველად გაზარდა.

სხვა არსებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ჰობიტში“ აღწერილია ნისლიან მთებში მობინადრე ქვის გოლიათები, რომლებიც ჯუჯებს ქვებს ესროდნენ, მათზე აბსოლუტურად არაფერია ცნობილი, თუმცა, კომპიუტერულ თამაშებში ბეჭდების მბრძანებელი: ბრძოლა შუახმელეთისთვის II და მის დამატება გრძნეული ხელმწიფის აღზევება არსებობენ მთის გოლიათები, რომლებიც გობლინების (ანუ ნისლიანი მთების ორკების) არმიის შემადგენლობაში არიან. პიტერ ჯექსონის ფილმში „ჰობიტი: მოულოდნელი მოგზაურობა“ ნაჩვენებია ქვის გოლიათები, რომლებიც ერთმანეთს ებრძვიან.

ცნობილია, რომ შუახმელეთში ცხოვრობდნენ ამოუცნობი არსებები, რომლების შესახებ საურონმაც კი არ იცოდა, ასეთი არსებების უმრავლესობა მიწისქვეშ ცხოვრობდა, სწორედ მათ მიერ იყო გაყვანილი მორიისქვეშა გვირაბები, რომლებშიც განდალფი და ბალროგი ერთმანეთს ებრძოდნენ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]