შოტლანდიურ-გელური ენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შოტლანდიურად მოლაპარაკეთა გეოგრაფიული განაწილება, 2001 წლის მიხედვით

შოტლანდიური ენა ან შოტლანიურ-გელური (გაელური) ენა (საკუთარი წოდება Gàidhlig; ინგლ. Gaelic ან Scottish Gaelic) — კელტური ენების გელური ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენელი. მოსაუბრეები კელტური წარმოშობის ხალხი გელები არიან, რომლებიც ტრადიციულად მთიან შოტლანდიასა და ჰებრიდის კუნძულებზე ცხოვრობენ. გელურ ენაზე მოსაუბრეთა რაოდენობა შოტლანდიაში 58 652 ადამიანია (2001 წლის აღწერით), 500-1000 კაცამდე ცხოვრობს კანადაში. ეს ენა არ უნდა აგვერიოს ანგლო-შოტლანდიურში (Scots), რომელიც გერმანიკული ენაა და ახლო მონათესავეა ინგლისური ენისა. სწორედ ამ ენაზე წერდა რობერტ ბერნსი. ქვემო შოტლანდიაშიც ამ ენაზე საუბრობს მოსახლეობის დიდი ნაწილი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თანამედროვე შოტლანდიის ტერიტორიაზე კელტურ ენებზე საუბრობდნენ ბრიტები, რომლებიც შოტლანდიის დაბლობის სამხრეთით იყვნენ დასახლებულნი; ქალაქი ედინბურგიც ნაწილობრივ მათი დაარსებულია. სწორედ თანამედროვე შოტლანდიის ტერიტორიაზე შეიქმნა ბრიტულ ენებზე არსებული ერთ-ერთი უძველესი ლიტერატურული ძეგლი - ანეირინის „გოდოდინი“. ბრიტები შოტლანდიაში ალბათ VI საუკუნემდე გასტანდნენ, მაგრამ თანდათან ანგლოსაქსებმა სამხრეთის გავლენის ქვეშ მოაქციეს ისინი, დასავლეთიდან კი ირლანდიელებმა შეავიწროვეს, ეს უკანასკნელნი მეტწილად დალ-რიადის სამეფოდან, ოლსტერიდან იყვნენ, რომელიც კუნძულის ჩრდილოეთით იყო განთავსებული. ირლანდიელთა ბრიტანეთში გადასახლება ჯერ კიდევ IV საუკუნეში დაიწყო, თუმცა, მათი მოსახლეობა უელსში ვერ შენარჩუნდა, შოტლანდიასა და მენის კუნძულზე კი ძირითად ეთნიკურ ბირთვად იქცა. შოტლანდიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე იონის კუნძული ირლანდიის სამღვდელოების ერთ-ერთ ცენტრად იქცა. აქ დიდი მონასტერიც ააგეს, რომელიც წმინდა კოლუმბის ან კოლუმ კილეს სახელს უკავშირდება.

დაახლოებით XV საუკუნის შუა წლებამდე მთიან შოტლანდიასა და ირლანდიას საერთო ლიტერატურული ტრადიცია გააჩნდათ, და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შოტლანდიური ენაც სწორედ ამ ხანებში იწყებს გამოცალკევებას. შოტლანდიურს კი თავის მხრივ, XVII საუკუნეში გამოეყო მენის ენა.

შოტლანდიური ენა დღემდე ახლო დგას ჩრდილოირლანდიურ დიალექტებთან, ხოლო შოტლანდიურის სამხრეთული დიალექტები მათთან ერთად შეადგენენ დიალექტურ კონტინუუმს. ამდენად კუნძულ რატლინის დიალექტს ვერც საკუთრივ შოტლანდიურს ვუწოდებთ, ვერც ირლანდიურს. გარკვეულწილად ჩრდილოეთისა და სამხრეთის დიალექტები ეწინააღმდეგებიან კიდეც ერთმანეთს, ასე მაგალითად, შოტლანდიურსა და ოლსტერულში უარყოფითი ნაწილაკია —cha, ხოლო კონაქტისა და მუნსტერის დიალექტებში ეს ნაწილაკია — ní.

შოტლანდიის დაბლობში ინგლისური ენის გავლენითა და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე (მათ შორის ჰებრიდებზეც) ვიკინგთა შემოსევების გამოისობით შოტლანდიური ენის პოზიცია დაქვეითდა. ენამ გარდა ინგლისურისა, სკანდინავიური ენების გავლენაც განიცადა. გარდა ლექსიკური ნასესხობებისა, შოტლანდიურმა ენამ სხვა სახის მსგავსებაც შეიძინა ამ ენებთან. მაგალითად, მჟღერი და ყრუ თანხმოვნების დაპირისპირების ადგილი დაიკავა სხვა არაფშვინიერთა და ყრუ ფშვინიერთა ოპოზიციამ; მსგავსი მოვლენები ფიქსირდება ირლანდიურში, ფარერებისა და კონტინენტური სკანდინავიის ენებში.

შოტლანდიურს დიდი ხნის მანძილზე, როგორც სხვა კელტურ ენებს, არავითარი სტატუსი არ გააჩნდა, პირიქით, იდევნებოდა კიდეც (1872 წლის აქტი განათლების შესახებ კრძალავდა არათუ შოტლანდიურად სწავლებას, არამედ საუბარსაც კი ამ ენაზე). თუმცა, XX საუკუნის მიწურულს ვითარება შეიცვალა და შოტლანდიის პარლამენტის დაარსებასთან ერთად ენამაც შეიძინა მთელი რეგიონის ოფიციალური ენის სტატუსი. 2005 წელს გაიხსნა პირველი საშუალო სკოლა, სადაც გაკვეთილები მხოლოდ შოტლანდიურად ტარდება. გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, 2001 წლის მონაცემებით, შოტლანდიური ენის მცოდნე 11%-ით შემცირებულია, ვიდრე 1991 წელს იყო. ამდენად, შოტლანდიური ენა სერიოზული საფრთხის ქვეშ იმყოფება. სიტუაციის გასაუმჯობესებლად შოტლანდიურ ენაზე გადმოიცემა ტელე და რადიოგადაცემები, გამოიცემა წიგნები და გაზეთები, ჩამოყალიბებულია მოძრაობა საყოფაცხოვრებო პირობებში მისი უფრო მეტად გამოყენების მიზნით. ამ ეტაპზე შოტლანდიური პოზიციებს უფრო ღირსეულად ჰებრიდის კუნძულებზე ინარჩუნებს, ისიც მოხუცებულთა შორის. XVII საუკუნიდან შოტლანდიელთა კანადაში ემიგრაცია გაძლიერდა. მათი უმეტესობა ჰუძონის არხზე სამუშაოდ მიდიოდა. ერთი პერიოდი შოტლანდიურ ენაზე მოლაპარაკენი კანადაში ინგლისურისა და ფრანგულის შემდეგ მესამე ადგილს იკავებდნენ. დღესდღეობით კი კანადაში შოტლანდიურ ენაზე მოხუცებულები თუ საუბრობენ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]