შოთა შათირიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შოთა შათირიშვილი(დ. 25 აგვისტო, 1921, შუა სურები, ჩოხატაურის რაიონი — გ. 11 იანვარი, 1999, თბილისი) — ქართველი ენათმეცნიერი, პედაგოგი, მთარგმნელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი შოთა შათირიშვილი ცნობილი ქართველი ენათმეცნიერის გიორგი ახვლედიანის მოწაფე იყო. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში 1941 წლიდან. 1946 წელს დემობილიზების შემდეგ სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის დასრულების შემდგომ სწავლა განაგრძო ასპირანტურაში. 1960 წელს გახდა ი. გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის უცხოური ენების სექტორის გამგე.1974 წელს სადოქტორო დისერტაციის დაცვის შემდგომ მიენიჭა პროფესორის წოდება. გამოქვეყნებული აქვს 160 სამეცნიერო შრომა, 10 ფუნდამენტური მონოგრაფია, მათ შორის „გერმანული ენის სწავლების მეთოდიკა“, „გერმანული ფონეტიკის სწავლების მეთოდიკა“, 6 კი – საშუალო სკოლის გერმანული ენისა და გრამატიკის მოქმედი სახელმძღანელოები.