ალექსი შიუკაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან შიუკაშვილი, ალექსი)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ შიუკაშვილი.
შიუკაშვილის ერთ-ერთი წიგნი

ალექსი ვლადიმერის ძე შიუკაშვილი, შიუკოვი (დ. 3 მარტი [ ძვ. სტ. 19 თებერვალი], 1893, თბილისი — გ. 9 დეკემბერი, 1985, მოსკოვი) — სამამულო ავიაციის ერთი პიონერთაგანი და პირველი ქართველი მფრინავი, ავიაციის პოლკოვნიკი, სკკპ წევრი 1943-იდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიმნაზისტმა შიუკაშვილმა 1908 წლის 5 მაისს რუსეთის იმპერიაში პირველმა იფრინა თავისი კონსტრუქციის პლანერით. აფრინდა მახათის მთიდან (თბილისი). 1912 წელს შექმნა ორიგინალური კონსტრუქციის თვითმფრინავი „უტკა“, შემდეგ მოქანავე ფრთებიანი საცდელი თვითმფრინავი. მან პირველმა მსოფლიოში შექმნა და გამოიყენა სამთვლიანი შასი (წინა თვალი ასაკეცი ჰქონდა). 1941 წელს დაამთავრა გატჩინის ოფიცერთა საავიაციო სკოლა.

შიუკაშვილი პირველი მსოფლიო ომის მონაწილეა, გიორგის ჯვრის კავალერი. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ იყო მოსკოვის დაცვის ავიაციის უფროსი, კავკასიის არმიის საჰაერი ფლოტის უფროსი და სხვა. სამოქალაქო ომის პერიოდში ხელმძღვანელობდა აღმოსავლეთისა და თურქესტანის ფრონტის ავიაციას. 1923 წელს დაბრუნდა თბილისში.

შიუკაშვილი იყო ამიერკავკასიის აეროფლოტის დაარსების ინიციატორი და მისი ხელმძღვანელი. დიდი სამამულო ომის პერიოდში (1941-1945) ხელმძღვანელობდა სამხედრო-საჰაერო ძალების (სსძ) ობიექტების თავდაცვას. ომის შემდეგ იყო სსძ შტაბის სარედაქციო-საგანონცემლო განყოფილების უფროსი, მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტის (მაი) სამხედრო კათედრის მასწავლებელი. არის მრავალი სტატიისა და წიგნის ავტორი ავიაციის დარგში, მათ შორისაა სახელმძღვანელო „ავიაციის საფუძვლები“ (რუსულ ენაზე).

დაჯილდოებულია წითელი დროშის ორდენით, სამამულო ომის I ხარისხის ორდენით, წითელი ვარსკვლავის ორდენითა და მედლებით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 9.
  • Немирова М. А., Авалиани Ю. С., Сквозь годы на крыльях, Тб., 1973.