შიდაგერმანული საზღვარი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შიდა გერმანული საზღვარი

შიდაგერმანული საზღვრის (გერმ. Innerdeutsche Grenze) ან გერმანულ-გერმანული საზღვრის (გერმ. Deutsch-deutsche Grenze) სახელით მოიხსენიებენ დაახლოებით 1400 კილომეტრის სიგრძის ყოფილ საზღვარს გერმანიის დემოკრატიულსა და ფედერაციულ რესპუბლიკებს შორის. საზღვარი მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გერმანიის დასავლეთის საოკუპაციო ზონისა და აღმოსავლეთის საბჭოურ ზონას შორის გამარჯვებულმა მხარეებმა რამდენიმე საერთაშორისო კონფერენციაზე შეიმუშავეს; იგივე საზღვარი შენარჩუნდა ორი გერმანული სახელმწიფოს დაარსებისას (1949). საზღვარი იწყებოდა სამხრეთში, ბავარიის, საქსონიისა და ბოჰემიის საზღვრიდან და ჩრდილოეთით ლიუბეკის ყურესთან (ბალტიის ზღვა) სრულდებოდა.

შიდაგერმანული საზღვარი გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში ოფიციალურად მოიხსენიებოდა ფედერაციულ რესპუბლიკასთან სახელმწიფო საზღვრის სახელწოდებით, მაშინ როდესაც მას გფრ-ში „ზონების საზღვარს“ ან „დემარკაციის ხაზს“ უწოდებდნენ. სახელწოდების ამგვარი სხვაობა აიხსნება იმით, რომ გფრ-ის მთავრობას „დემარკაციის ხაზი“ არ მიაჩნდა მუდმივ საზღვრად და მას ერთიანი გერმანული სახელმწიფოს დროებით გამყოფად მიიჩნევდა. 1972 წელს გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ გდრ ე. წ. „ძირითადი ხელშეკრულებით“ საკუთარ ნაწილად აღიარა და იგი საზღვარგარეთად არ მიიჩნია (თუმცა ეს ხელშეკრულება არ იქნა აღიარებული საერთაშორისო სამართლით). ამ ხელშეკრულების მიუხედავად, გდრ ყოველთვის ხაზს უსვამდა იმას, რომ შიდაგერმანული საზღვარი ორ დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოს შორის ოფიციალურ საზღვარს წარმოადგენდა.

სინამდვილეში შიდაგერმანული საზღვარი იყო არც მხოლოდ შიდასახელმწიფოებრივი და არც მხოლოდ სახელმწიფო საზღვარი, არამედ იგი ცივი ომის პერიოდში „რკინის ფარდის“ ნაწილს წარმოადგენდა. ამგვარად იგი ერთგვარი „ფრონტის ხაზი“ იყო ორ კონფლიქტურ სამხედრო ბლოკს, ნატოსა და ვარშავის პაქტს შორის, ასევე იყო გამყოფი ორი სხვადასხვა საზოგადოებრივი წყობილებისა, კაპიტალისტურ და სოციალისტურ სამყაროს შორის.

საზღვრისპირა დაახლოებით ხუთკილომეტრიანი ზოლი, რომელიც წლების განმავლობაში მუიწვდომელი იყო, იქცა გადაშენების პირას მდგარ ცხოველთა და მცენარეთა გავრცელების ოპტიმალურ არეალად. 1989 წლის ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ მცირე ხანში გერმანიის გარემოსა და ბუნების დაცვის კავშირმა და თიურინგიის თავისუფალმა მხარემ შეიმუშავეს ბუნების დაცვის პროექტი სახელწოდებით „გერმანიის მწვანე სარტყელი“, რომელიც ძირითადად სწორედ საზღვრისპირა ზოლს მოიცავდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]