შვედეთის ეკონომიკა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შვედეთის ეკონომიკა — მრავალფეროვანი და განვითარებული ეკონომიკური სისტემა, რომელიც უმთავრესად ხე-ტყეს, ჰიდრორესურსსა და რკინის მადანს ეყრდნობა. ეს ყოველივე ეკონომიკის სარესურსო ბაზას წარმოადგენს და საგარეო ვაჭრობაზეა ორიენტირდება. მრეწველობის ძირითადი დარგებია მანქანათმშენებლობა, ტელეკომუნიკაციები, ფარმაცევტიკა, მეტყევეობა, რკინის მოპოვება და ფოლადის გამოდნობა, მიკროინსტრუმენტების, ქიმიური პროდუქციისა და საშინაო მოხმარების საქონლის წარმოება.

მთელი მეოცე საუკუნის განმავლობაში შვედეთი ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა, ამიტომ მეურნეობის კაპიტალისტური სისტემის პირობებში მოსახლეობისათვის ცხოვრების უმაღლესი დონის მიღწევა შეძლო, რაც მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებასა და საყოველთაო სოცუზრუნველყოფას ეფუძნება.

ქვეყანას თანამედროვე ინფრასტრუქტურა, მოწინავე შიდა და გარეკომუნიკაციები და მაღალკვალიფიციური მუშახელი გააჩნია. ეკონომიკის წამყვანი რესურსებია ტყე, ჰიდროენერგია და რკინის საბადოები. ეკონომიკა მეტწილად გარევაჭრობაზეა მიმართული. დაახლოებით 90 % პროდუქციისა იწარმოება ისეთი კერძო კომპანიების მიერ, როგორებიცაა Ericsson AB , Alfa Laval Group, IKEA, ამათგან ნახეარი მანქანათმშენებლობითაა დაკავებული. სოფლის მეურნეობაში იწარმოება მხოლოდ 2 % ეშპ.

მკაცრი საფინანსო დისციპლინისადმი სახელმწიფოს მისწრაფებამ 2001 წელს ბიუჯეტის პროფიციტამდე მიიყვანა ქვეყანა, 2002 წ. გლობალური ეკონომიკური ვარდნის, შემოსავლების კლებისა და ხარჯების ზრდის მიზეზით ბიუჯეტი ორჯერ შემცირდა.

შვედეთის ცენტრალური ბანკი ცდილობს ვალუტის კურსი დაასტაბილუროს და ინფლაციის დონე 2%-ზე შეინარჩუნოს.

ეშპ ზრდამ 2005 წელს 2,7 % შეადგინა (2004 — 3,7 %). 2001 წლიდან მოყოლებული ქვეყანაში უმუშევრობის ზრდა შეინიშნებოდა, რამაც 2010 წლის მარტში, ოფიციალური მონაცემებით 9,1 %-ს მიაღწია.

ქვეყნის საერთო ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან შემადგენლად კავშირგაბმულობა და ტრანსპორტი რჩება.

ეკონომიკური სასწაული[რედაქტირება]

XX საუკუნეში შვედეთში ისეთი რამ მოხდა, რასაც ხშირად „ეკონომიკურ სასწაულს“ უწოდებენ. რამდენიმე ათწლეულში ჩამორჩენილი აგრარული ქვეყანა მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს და ზეგანვითარებულ სახელმწიფოდ გადაიქცა.

ასეთი უპრეცედენტო განვითარების საფუძვლად შესაძლებელია ერთი მხრივ ჩრდილოეთ შვედეთის ბუნებრივი სიმდიდრე — ტყე, მადანი და ჰიდრორესურსები დასახელდეს — ისეთი რევოლუციური შვედური გამოგონებებისა და მათ შემდგომი განვითარება-ექსპლუატაციის მხარდამხარ, როგორებიცაა ორთქლის ტურბინა, ბურთულასაკისარი, აირშუქურები, ტელეფონი, რძის სეპარატორი, უსაფრთხო ასანთი, რეგულირებადი ბიჯის სანიჩბავი ხრახნი, „ტეტრაპაკის“ შეფუთვა და სხვა. ტექნიკურად მოწინავე მრეწველობა დღემდე შვედეთის ეკონომიკის წამყვანი ბირთვია.