შაჰ-ჯაჰანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შაჰ ჯაჰანი სამეფო ტახტზე
თაჯ მაჰალი

შაჰ-ჯაჰანი სამყაროს მმართველი, 1628 წლამდე უფლისწული ხურამი (დ. 5 იანვარი, 1592, ლაჰორი — გ. 22 იანვარი 1666, აგრა) — დიდ მოგოლთა იმპერიის მმართველი (1627-1658 წლებში), განადიდა საკუთარი სახელი თაჯ-მაჰალის აგებით.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

მუმთაზ მაჰალი. XVII-XVIII სს. ნახატი

თემურ ლენგის (1336-1405) შთამომავალი, იმპერატორ ჯაჰანგირის მესამე ვაჟი. 1612 წელს დაქორწინდა მუმთაზ-მაჰალზე, რომელიც იმპერატორ ჯაჰანგირის მეუღლის დედოფალ ნურ ჯაჰანის ძმის შვილი იყო. ამ ქორწინებამ შაჰ ჯაჰანს მოუტანა სამეფო ტახტისათვის ბრძოლის მეტი შანსები. 1622-1625 წლებში უფლისწული ჰურამი აუჯანყდა საკუთარ მამას, ჯაჰანგირს. უფლისწული დამარცხდა, მაგრამ მამამ შეიწყალა იგი. ჯაჰანგირის სიკვდილის შემდეგ, უფლისწულმა მიიღო ნურ-ჯაჰანის ძმის მხარდაჭერა და 1628 წელს სათავეში ჩაუდგა დიდ მოგოლთა იმპერიას. მან თავი იმპერატორად გამოაცხადა აგრაში და მიიღო სამეფო სახელი შაჰ-ჯაჰანი. შაჰ ჯაჰანის მეფობა გამოირჩეოდა დეკანის რაჯების წინააღმდეგ დიდ მოგოლთა იმპერატორების ბრძოლებში ყველაზე თვალსაჩინო წარმატებებით. 1636 წელს მისი სახელმწიფოს შემადგენლობაში შევიდა აჰმადნაგარი, ხოლო გოლკონდამ და ბიჯაპურმა იკისრეს მდიდარი ხარკი. შაჰ ჯაჰანმა შეძლო საზღვრების გაფართოება ჩრდილო-დასავლეთითაც, სადაც 1638 წელს მოგოლები დაეუფლნენ ირანის ციხე-სიმაგრე ყანდაარს. 1646 წელს შაჰ ჯაჰანის ძალებმა მიაღწიეს ბალხას და ბადახშანს თანამედროვე ტაჯიკეთში. ძლიერების მწვერვალზე შაჰ ჯაჰანმა თავისი ქვეყნის დედაქალაქი გადაიტანა აგრადან დელიში, სადაც მან ააგო ახალი ქალაქი შაჰჯაჰანაბადი.

შაჰ ჯაჰანისა და მისი მეუღლის, ნურ ჯაჰანის განსასვენებელი ადგილია თაჯ მაჰალის მავზოლეუმი აგრაში. მმართველობის დასასრულს შაჰ ჯაჰანს მოუწია სეფევიდებთან ბრძოლებში მარცხის გადატანა და ტერიტორიების დაკარგვა. 1649 წელს ყანდაარი დაიბრუნეს სპარსელებმა.

1658 წელს გავრცელდა ხმები შაჰ ჯაჰანის გარდაცვალების შესახებ. მის ვაჟებს შორის დაიწყო ბრძოლა პირველობისთვის, რომელთა შორის გაიმარჯვა აურანგზებმა. მან საკუთარი მამა ციხეში გამოჰკეტა (ლეგენდის თანახმად — განძსაცავში), სადაგ იგი გარდაიცვალა 1666 წელს.

ისტორიკოსთა შორის არ არსებობს ერთიანობა შაჰ ჯაჰანის მოღვაწეობის შეფასებაში. მიუხედავად იმისა, რომ მისი სასახლე და ქმნილებანი ყველაზე მეტად აოცებდა ევროპელებს და მიუხედავად იმისა, რომ სწორედ შაჰ ჯაჰანს ეკუთვნოდა ისეთი ძვირფასეულობა, როგორიცაა ცნობილი კოჰინური და თემურის ლალი, არ შეიძლება უარვყოთ, რომ სპარსეთთან მისმა წარუმატებელმა ომებმა შეარყია იმპერიის სიძლიერე და დააყენა ფინანსური კრახის წინაშე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: