შაჰ-თამაზის მეორე ლაშქრობა საქართველოში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შაჰ-თამაზის პირველი ლაშქრობაირანის შაჰის, სეფიანთა დინასტიის წარმომადგენლის თამაზ I-ის საქართველოში ლაშქრობების ერთ-ერთი ეტაპი. ლაშქრობა გაიმართა 1547 წელს.

წინაპირობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართლის მდგომარეობა შაჰ-თამაზის პირველი ლაშქრობის შემდეგ საკმაოდ მძიმე იყო, მის მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ სამხრეთ-დასავლეთიდან მის საზღვრებს ოსმალები უახლოვდებოდნენ. მართალია ოსმალთა აგრესიის საგანი ამჯერად სამცხე იყო, მაგრამ სამცხის დაკავების შემდეგ ისინი საქართველოს სხვა ნაწილებსაც შეუტევდნენ. ამიტომ იყო, რომ ბაგრატ იმერთა მეფე ცდას არ აკლებდა, რათა ოსმალები სამცხეში არ შემოეშვა. იმერეთის მეფემ სამცხის დროებით დაკავება შეძლო და 10 წლის განმავლობაში შეუპოვარი ბრძოლით მის შენარჩუნებას ცდილობდა. ამ ბრძოლებში ბაგრატს ზურგს უმაგრებდა ლუარსაბ I, რომელსაც იმერეთის მეფემ სამცხის აღმოსავლეთი ნაწილი – ჯავახეთი დაუთმო. 1545 წელს სოხოისტასთან ბრძოლაში ლუარსაბ მეფემ თავისი ჯარით ბაგრატ მეფის მხარდამხარ იბრძოლა, მაგრამ ამ ბრძოლაში ქართლ-იმერეთის მეფეები დამარცხდნენ. ამის შემდეგ სმცხის ციხეებს დიდი ნაწილი ოსმალებმა დაიკავეს და ათაბაგად ქაიხოსრო II გამოაცხადეს (1545-1573 წწ.), მაგრამ სამცხეს ფაქტობრივად ოსმალები დაეუფლნენ და ქვეყნის საბოლოო დაპყრობის ღონისძიებების გატარებას შეუდგნენ. ქაიხოსრომ ირანს მიმართა და შაჰს ოსმალთა ძალმომრეობისაგან დაცვა და ლუარსაბის ხელთ შერჩენილი ჯავახეთის მისთვის დაბრუნება სთხოვა. შაჰ-თამაზისათვის ეს თხოვნა მეტად სასურველი იყო. მას არც ოსმალთა მიერ სამცხეში ფეხის მოკიდება აძლევდა ხელს და არც ურჩი ლუარსაბის გაძლიერება. ამიტომ ათაბაგის თხოვნას დაუყოვნებლივ გამოეხმაურა.

მიმდინარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1546 წლის ბოლოს შაჰ-თამაზი შარვანში იმყოფებოდა. აქედან თავისი ჯარით მესხეთისაკენ გაეშურა, გამოვლო ანისი, შორაგელი და ახალქალაქს მიადგა. 1547 წლის იანვარი იდგა. ისეთი ყინვები დაეჭირა, რომ მდინარე მტკვარი სრულიად გაყინულიყო. ჯავახეთში შაჰ-თამაზმა ლუარსაბის მომხრე თავადების – დიასამიძეების მამულები მოარბია და აქედან ქვემო ქართლში გადავიდა. ეს კუთხეც საშინლად ააოხრა და დიდი ტყვე-ალაფით განჯაში დაბრუნდა. ლუარსაბი, მართალია, მტრის უზარმაზარ ჯარს პირისპირ ვერ შეება, მაგრამ გამუდმებული თავდასხმებით დიდად აზარალებდა.

ამრიგად, შაჰ-თამაზმა ვერც ამჯერად შეძლო ლუარსაბის დამორჩილება, ხოლო ქართველებმა სხვადასხვა შეტაკებებში მრავალი ყიზილბაში ამოწყვიტეს. შაჰმა ტყვეები გაირეკა და ნაძარცვით ბარდასაკენ გაემართა. უკან მიმავალ შაჰს იმერეთის მეფე ბაგრატი და კახეთის მეფე ლევანი ეახლნენ. ქართლის დაუმორჩილებლობით გაწბილებული ირანის მბრძანებელი იძულებული იყო ისინი მდიდარი საჩუქრებით დაეჯილდოვებინა და მათ სიტყვიერ ერთგულებას დასჯერებოდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორია, ტ. III, თბ. 2008 წ. გვ. 166-167