ყიზილბაშობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ყიზილბაშობა — ქართულ ისტორიულ წყაროებსა და ლიტერატურაში ირანული სოციალურ-პოლიტიკური სისტემის აღმნიშვნელი ტერმინი. ყიზილბაშობა დამყარდა ქართლში 1735–1744 წლებში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1735 წელს ქართლში ოსმალთა ბატონობა დასრულდა, მაგრამ დაიწყო კიდევ უფრო სასტიკი ყიზილბაშობა.

ქართლ-კახეთიდან ოსმალთა განდევნისთანავე (იხ. ოსმალობა) ერევანში მდგომმა ნადირ–შაჰმა (იგივე თამაზ ყული–ხანი) ქართლ-კახეთის თავკაცები თავისთან იხმო და ყველა დააპატიმრა. მათ შორის იყვნენ: მეფე თეიმურაზ II, მისი ძმისწული ალექსანდრე (ალი მირზა), აბელ ენდრონიკაშვილი, გივი ამილახვარი, ვახუშტი აბაშიძე, შანშე ქსნის ერისთავი, მუხრანის ბატონი. თეიმურაზს თამაზ-ხანმა გამაჰმადიანება მოსთხოვა, ხოლო გივი ამილახვარს – უფროსი ასული, რომელიც თეიმურაზ იესეს ძის (მომავალი ანტონ I კათალიკოსი) დანიშნული იყო. ორთავე მოთხოვნაზე ნადირმა უარი მიიღო. ამის გამო მან ქართველები ერთიანად დააპატიმრა. დაპატიმრების ნამდვილი მიზეზი ის იყო, რომ თამაზი ქართველებს არ ენდობოდა, მისთვის კარგად იყო ცნობილი მათი ფარული კავშირი მოსკოვის ქართულ კოლონიასთან და რუსეთის სამეფო კართან, რაც ირანის საფუძვლიან შეშფოთებას იწვევდა. ერევნიდან ნადირი აიყარა და თბილისისკენ წამოვიდა. პატიმრები გზიდან გაიპარნენ. ქართლსა და კახეთს ყიზილბაშთა რაზმები მოედვნენ, ქვეყანა ააწიოკეს, ციხეები დაანგრიეს, ხალხი აყარეს და ხორასანში გადაასახლეს. ქართლ-კახეთის გამგებლად შაჰმა სეფი-ხანი დატოვა, რომელმაც მოსახლეობას უზარმაზარი ფულადი გადასახადი, მებრძოლთა გამოყვანა და სამხედრო აღჭურვილობა შეაწერა. ასე დაიწყო აღმოსავლეთ საქართველოში ყიზილბაშთა ბატონობა.

ქართველებს ორი საშუალება ჰქონდათ ახალი მტრის წინააღმდეგ: ერთი – დიპლომატიური და მეორე – შეიარაღებული ბრძოლა. დიპლომატიურ გზას ისინი ისევ რუსეთისაკენ მიჰყავდა. აქ დიდ იმედად ესახებოდათ მოსკოვში მყოფი ვახტანგ VI და „ქრისტიანობის ქომაგი“ საიმპერატორო კარი. 1735 წელს თეიმურაზი აგზავნის ელჩობას რუსეთში იოსებ გიორგის ძე ბაგრატიონის მეთაურობით. ელჩს თეიმურაზის წერილთან ერთად კახეთის წარჩინებულების და სამღვდელოების თხოვნა მიჰქონდათ საქრისტიანოს მფარველობის თხოვნით. 1736-1738 წლებში მოსკოვის ქართულ კოლონიასთან მიწერ-მოწერა ჰქონდათ გივი ამილახვარს და შანშე ერისთავს, ვახუშტი აბაშიძეს. მათ გულუბრყვილოდ სწამდათ, რომ რუსეთი თავისთვის საზიანოდ დაარღვევდა ირანთან დადებულ შეთანხმებას და დაეხმარებოდა ერთმორწმუნე ქვეყანას.

მანამადე კი ადგილზე არ ქრებოდა აჯანყებების ცეცხლი. კახეთის აჯანყებას თეიმურაზი ხელმძღვანელობდა, ქართლისას – გივი ამილახვარი, შანშე ერისთავი, ვახუშტი აბაშიძე, თარხანი ლუარსაბი. ყიზილბაშებმა ცალ-ცალკე ააოხრეს ქსნის საერისთავო, საამილახორო, აბაშიძეთა და ფალავანდიშვილთა მამულები, მაგრამ ყველგან დიდი ზარალი ნახეს და ქართველთა წინააღმდეგობა ვერ გატეხეს. სეფი-ხანმა ხერხს მიმართა: ქართველი თავადებს ფიცით აღუთქვა უვნებლობა და ვითომცდა მოსალაპარაკებლად დაიბარა, ყველანი დააპატიმრა და ისპაჰანში გაგზავნა. დაპატიმრებას მხოლოდ შანშე ერისთავი და ვახუშტი აბაშიძე გადაურჩნენ. ნადირ-შაჰმა აჯანყებული ქართველები ყანდაარის ლაშქრობაში თან გაიყოლა და მხოლოდ ინდოეთის ლაშქრობის წინ გამოუშვა უკან.

ქართლში კი ყიზილბაშთა წინააღმდეგ აჯანყება გრძელდებოდა შანშე ერისთავის მეთაურობით.

XVIII საუკუნის 40-იანი წლებისათვის ახალი კონფლიქტი მომწიფდა რუსეთ-ირანსა და რუსეთ-ოსმალეთს შორის. ამ დროისათვის ირანმა მოასწრო ინდოეთისა და ცენტრალური აზიის დაპყრობა. ამის შემდეგ ჩრდილოეთ კასპიისპირეთში გაჭრას და ასტრახანის ხელში ჩაგდება ჰქონდა განზრახული. ამიტომ ნადირმა ომი წამოიწყო დაღესტანთან (1741-1743).

დაღესტნის ომის წინ შაჰმა ქართლის თავადები თავისთან დაიბარა და უხვი წყალობით მათი გულის მონადირებას შეეცადა. ამ დროს უბოძა ამილახვარს მეორე ვექილობა, 100 თუმანი ჯამაგირი და ქსნის საერისთავო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ამილახვარს აჯანყებული შანშეს წინააღმდეგ უნდა ემოქმედა.

ამ ომის მთელი სიმძიმე ხალხს დააწვა. შაჰის ბრძანებით ქართლი აღწერეს. გადასახადი შეაწერეს ყველაფერს, მიწას, ნარგავს, ნაგებობას, ყოველ ძირ ხეხილს, ვაზს, ბოსტანს, 10 წლის ზემოთ ყოველ მამაკაცს, პირუტყვს. ამ ამბავმა მოსახლეობას თავზარი დასცა – გლეხები თავიანთი ხელით ჩეხავდნენ ვენახს, ბაღებს და გარბოდნენ. ამ დროს მრავალი სოფელი გაუკაცრიელებულა. ნადირი უზომო რაოდენობით მოითხოვდა პურს და მის გადასაზიდად გამწევ პირუტყვს. ამას ზედ დაერთო მოუსავლიანი წლები. ქართლი შიმშილობდა.

რუსეთისათვის ირანი უკვე სახიფათო შეიქმნა. ამიტომ გააძლიერა კონტროლი ჩრდილო კავკასიაზე – აქ მდებარე რუსული ციხე-სიმაგრეების შემოწმების და ჩერქეზებთან პოლიტიკური კავშირის დამყარების მიზნით რუსეთის მთავრობამ გენერალ-ლეიტენანტი ბაქარ ბაგრატიონი ასტრახანში გააგზავნა, ყიზლარში ჯარი ჩააყენა, საქართველოში კი, აქაური პოლიტიკური სიტუაციის შესასწავლად, ქართული ესკადრონის პორუჩიკი ერემეი დავიდოვი (დავითიშვილი) მოავლინა. კასპიისპირეთში ბაქარის გამოჩენამ შაჰი დააფრთხო, ქართველებს კი ცრუ იმედი ჩაუსახა. მათ არ ესმოდათ რუსული დიპლომატიის არსი და მცდარად შეაფასეს ბაქარის ასტრახანში ყოფნა.

ქართველებისათვის ეს იყო აჯანყებისაკენ ბიძგი. ამასობაში შაჰმა კიდევ გაზარდა გადასახადები. ქართლს უკვე უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდა. 1742 წლის 11 ივლისს ქართლში დიდმა აჯანყებამ იფეთქა გივი ამილახორის ტაოსნობით, რომელიც სამ წლამდე გაგრძელდა. რუსეთის პორუჩიკი გივი ამილახვართან ცხოვრობდა და უშუალო მოსწრე გახდა ქართლში დაწყებული ახალი აჯანყებისა. გივი ამილახორი უთვლიდა ბაქარს ეხელმძღვანელა აჯანყებისათვის, ამავე დროს ის და ბეჟან ერისთავი სთხოვენ იმპერატორ ელისაბედს ბაქარის გამოგზავნას, მომენტის მნიშვნელობას განუმარტავენ გენერალ ანსეფ ტარაკანოვს და ასტრახანის გუბერნატორს ტატიშჩევს.

თავიდან აჯანყებულების ხელში იყო ქსნისა და არაგვის, ბორჯომის ხეობები, მთლიანად შიდა ქართლი, სურამი, შიდა კომუნიკაციები, ახალციხის გზები. დაღესტანთან ომში ჩაბმულმა ნადირ შაჰმა ერევნისა და განჯის ჯარები შემოიყვანა აჯანყების ჩასახშობად. მტერი დიდ ზარალს ნახულობდა, თუმცა ციხეებში გამაგრებულ მემბოხეებს დიდს ვერაფერს აკლებდნენ, მაგრამ რაც უფრო დიდხანს გრძელდებოდა აჯანყება, მით უფრო ჩანაგდებოდა ქართლი. ყიზილბაშები გზად ყველაფერს არბევდნენ, წვადნენ სოფლებს, ანადგურებდნენ მოსავალს. დაქცეული, გაპარტახებული მამულებიდან ყიზილბაშები მალუჯათს (გადასახდი) ითხოვდნენ. მოსახლეობა კვლავ გარბოდა.

დაღესტნის ექსპედიციის დროს შაჰს ძალზე გაუჭირდა, ამ დროს აჯანყებული ზურგი მის გეგმებს დიდ ზიანს აყენებდა, ამიტომ აჯანყების შესაჩერებლად ყველა ღონეს ხმარობდა – რეპრესიებს, დაპატიმრებებს, მოსყიდვას, დეზინფორმაციას. ამის შედეგად, აჯანყებულებმა თანდათან დაკარგეს პოზიციები: პეტრეს ციხე (საავალიშვილო), ბაზალეთი (არაგვის საერისთავო).

1743-1746 წლებში ნადირი ახალ ომში ებმება ოსმალეთთან და უაღრესად დაინტერესებულია ქართლის აჯანყების შეწყვეტით. ამიტომ შაჰმა გადახედა თავის საგადასახადო პოლიტიკას – ქართლს გადასახადები, ფულადიც და ნატურალურიც, შეუმცირა, ეკლესია გაათავისუფლა. შაჰის ყველაზე კომპრომისული, ამასთანავე ეფექტიანი ღონისძიება იყო კახეთის გათავისუფლება ყიზილბაშური გადასახადებისაგან. ამით მან კახეთში ცხოვრება უფრო მიმზიდველი გახადა და კახეთის მეპატრონეს, თეიმურაზს, ქართლში ბევრი მომხრე გაუჩინა.

გივი ამილახვარი ერთხანს ირან-ოსმალეთის ახალი ომის მიმდინარეობას შეჰყურებდა და რუსეთში წერილებს გზავნიდა, რომლებშიც ამიერკავკასიაში პოლიტიკური სიტუაციის შეცვლას რუსეთისათვის სასარგებლო პოზიციდან აშუქებდა. მას ჯერ კიდევ ჰქონდა სუსტი იმედი, რომ რუსეთი ომში ჩაებმებოდა. შაჰი ამილახვართან მშვიდობიან მოლაპარაკებებსაც ცდილობდა და მოციქულთა პირით უვნებლობის გარანტიებს აძლევდა. ამილახვარი შაჰს არ ნებდებოდა და აღარც შაჰის შუამავალს, თეიმურაზ კახთა მეფეს ენდობოდა.

ამ დროს თეიმურაზმა განჭვრიტა, რომ რეალური მოთამაშე ქართლ-კახეთისათვის ისევ ირანი იყო და მკაფიოდ აირჩია ირანული ორიენტაცია. გაჩნდა კახეთთან ერთად ქართლის მიღების შესაძლებლობა და თეიმურაზმა ეს შესაძლებლობა გამოიყენა. 1743 წელს, როგორც ირკვევა, თეიმურაზის დავალებით, არაგვის საერისთავოში შეთქმულებმა მოკლეს გივი ამილახვარის სიძე და მისი ერთგული თანამებრძოლები: ბეჟან ერისთავი და მისი ძმა ოტია. ამის შემდეგ, არაგვის საერისთავო თეიმურაზმა დაიჭირა. მოკლე ხანში თეიმურაზმა და ერეკლემ ქსნის საერისთავო დაიმორჩილეს. გივი ამილახვრის სამოქმედო სივრცე ძლიერ შეიზღუდა. აჯანყება კრიზისში შედიოდა.

1743 წელს ოსმალებმა ძლიერი დარტყმა მიაყენეს ნადირ შაჰს. აჯანყდა შირვანი და შემახა. ასეთ ვითარებაში აჯანყებული ამილახვარი ოსმალეთის მხრიდან დიდ მხარდაჭერას იღებს და ისიც უნებლიეთ ექცევა იმ ჯადოსნურ რკალში, საიდანაც საქართველო საუკუნეების განმავლობაში ვერ გამოდიოდა. სულ რამდენი წლის წინ ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლის წინამძღოლი ახლა იმავე ოსმალების დახმარებაზე თანხმდება საერთო მტრის წინააღმდეგ, თუმცა გამოცდილება კარნახობდა, რა ფასი ღირდა ეს დახმარება.

1744 წელს ქართლში, ვითომცდა გივი ამილახვრის დასახმარებლად, ოსმალთა დიდი ჯარი შემოდის. ამილახვარს თავის მხრივ, დაქირავებულ ლეკთა 7 ათასიანი ჯარი ედგა. ნადირ შაჰი მიხვდა, რომ ქართლში ოსმალთა შესაჩერებლად მისი დანიშნული ხანებით შეუძლებელი იყო ადგილობრივი ძალების მობილიზება და თეიმურაზსა და და ერეკლეს მიანდო ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლის წინამძღოლობა. თეიმურაზმა და ერეკლემ ყიზილბაშთა და კახეთის გაერთიანებული ძალებით მოახერხეს ოსმალებისა და ლეკების განდევნა ქართლიდან. ამ გამარჯვების სანაცვლოდ 1744 წლის ივლისში თეიმურაზმა ქართლის, ხოლო ერეკლემ კახეთის მეფობა მიიღო. „ქართველობა შეიქნა“ – ასე აფასებს ამ მოვლენას იმდროინდელი მემატიანე ისე ოსეს ძე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სეხნია ჩხეიძე, საქართველოს ცხოვრება, თფილისი, 1913.
  • ვახუშტი ბაგრატიონი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, /ქართლის ცხოვრება თბილისი, 1973, ტ. IV.
  • დავით გურამიშვილი, დავითიანი, წინასიტყვაობა ა. ბარამიძისა, თბილისი, 1980.
  • გურჯიზადე, თბილისის დაპყრობის წიგნი, თურქულიტექსტი ქართული თარგმანითა და შენიშვნებით გამოსცა ც. აბულაძემ, თბილისი, 1975.
  • პაპუნა ორბელიანი, ამბავნი ქართლისანი, ტექსტი დაადგინა, შესავალი, ლექსიკონი და კომენტარები დაურთო ელ. ცაგარეიშვილმა, თბილისი, 1981.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დ. ლომიძე, ყიზილბაშობა 1735-1749 წლების აღმოსავლეთ საქართველოში, არტანუჯი, 2007.
  • დ. ლომიძე, გივი ამილახორის პოლიტიკური მოღვაწეობის დოკუმენტები/ საისტორიო მოამბე, 49-50, თბილისი, 1984.
  • დ. ლომიძე, მასალები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიისათვის XVIII ს. მეორე მეოთხედში, მაცნე,ისტორიის სერია, 1,თბილისი,1978.
  • მ.ქიქოძე, გივი ამილახვარის პოლიტიკური მოღვაწეობა, თბილისის უნივერსიტეტის ასპირანტთა სანეცნიერო შრომების კრებული, I, 1950.
  • დ. გვრიტიშვილი,ქართველი ხალხის ბრძოლის ისტორიიდან თურქ და სპარს დამპყრობლების წინააღმდეგ XVIII ს. პირველ ნახევარში. მიმომხილველი, 1953, ნაკვ. 30, 109-131.
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, აღმოსავლეთ საქართველო XVIII საუკუნის პირველ ნახევარში, ტ. IV, 1973.
  • ნ. ბერძენიშვილი, ირან-ოსმალეთის ომი და საქართველო XVIII საუკუნის პირველ ნახევარში, საქართველოს ისტორიის საკითხები, წ. VI, 1973.