ღაზი ხოსრო-ბეგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ღაზი ხოსრო-ბეგის მეჩეთი სარაევოში, რომლის ეზოშიცაა იგი დაკრძალული

ღაზი ხოსრო-ბეგი (ოსმ. غازى خسرو بیگ; ბოსნ. Gazi Husrev-beg; არებ. غازى حۆسرهو ب‍هغ; დ. 1480, სერესი, ოსმალეთის იმპერია – გ. 1541, სარაევო) — ბოსნიელი ოსმალო მხედართმთავარი, სანჯაყ-ბეგი, ბოსნიის სანჯაყის გამგებელი 15211525, 15261534 და 15361541.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხოსრო სერესში, თანამედროვე საბერძნეთის ტერიტორიაზე დაიბადა. მამამისი ფერხადი იყო ბოსნიელი ტრებინეს მხრიდან, ხოლო დედამისი იყო სელჩუკა, რომელიც გადმოცემების თანახმად ბაიაზიდის ქალიშვილი იყო.[1]

1486 წელს ფერხადი მამლუქთა სულტან ალ-აშრაფ საიფუ დ-დინ ყაით-ბაის წინააღმდეგ ომში დაიღუპა. დაქვრივებული სელჩუკაც მალევე გარდაიცვალა და ხოსრო ოსმალეთის სამეფო კარზე აღიზარდა. იხსენიება 1503 წელს, როცა ბაიაზიდის ვაჟი მეჰმედი ყირიმის სახანოს ესტუმრა დიპლომატიური დავალებით, ხოსროც მას ახლდა. 1504 წელს მეჰმედის გარდაცვალების შემდეგ ხოსრო ყირიმიდან კონსტანტინოპოლში დაბრუნდა, საიდანაც ამჯერად ალბანეთში, შკოდერის სანჯაყში გაამწესეს. თავი გამოიჩინა სამხედრო ნიჭით უნგრეთის სამეფოს წინააღმდეგ ბრძოლებში.[1]

ბელგრადის აღებისას გამოჩენილი სიმამაცის გამო იგი სულაიმანმა ბოსნიის სანჯაყ-ბეგად დანიშნა 1521 წლის 15 სექტემბერს. მისი მმართველობის დროს სარაევოში აშენდა რამდენიმე მნიშვნელოვანი მონუმენტი – ღაზი ხოსრო-ბეგის მეჩეთი, კურშუმლიას მადრასა, ზრუნავდა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, აგებდა ჩარდახიან ბაზრებს და სხვა. დააარსა საქველმოქმედო ფონდი (ვაყფი), რომელიც დღევანდელ დღესაც აქტიურია.[2] ასევე აქტიურად ეწეოდა ექსპანსიას დასავლეთით, მ. შ. თანამედროვე ხორვატიის ტერიტორიაზე. დაიკავა ქალაქები გრებენი, სოკოლი, იეზერო, ვინაცი, ვრბაშკი გრადი, ლივაჩი, კამატინი, ბოჩაცი, უდბინა, ვრანა, მოდრუჩი, პოჟეგა და სხვები.

მონაწილეობდა მოჰაჩის ბრძოლაში, სადაც აქინჯიებსა და მშვილდოსან კავალერიას მეთაურობდა. მოჰაჩის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ ოსმალებმა თანამედროვე უნგრეთის ტერიტორია დაიკავეს, იმპერიის საზღვრები ბოსნიის სანჯაყიდან მოშორებით გადავიდა. ხოსრო-ბეგს ამჯერად რეგიონში სტაბილიზაციისთვის უწევდა ბრძოლა და აჯანყებების ჩახშობა. მონაწილეობდა ჩერნოგორიაში წარმოქმნილ კონფლიქტში ისქანდარ-ბეგ ცრნოიევიჩის გარდაცვალების შემდეგ. 1541 წელს მონაწილეობდა ჩერნოგორიელი აჯანყებულების წინააღმდეგ ბრძოლაში, სადაც დაიღუპა სოფელ მოკროსთან.

ლეგენდის თანახმად, ხოსრო-ბეგი იმდენად დიდი აღნაგობის ყოფილა, რომ მისმა ჯარისკაცებმა ცხედრის ზიდვა ვეღარ მოახერხეს და მხოლოდ მისი გულღვიძლი დამარხეს ხოჯის მწვერვალთან (ბოსნ. Hodžina glavica), საიდანაც მოგვიანებით მხარე დრობნაცმა მიიღო თავისი სახელი (სერბ.-ხორ. drob / дроб შიგნეული).[3] ამ ლეგენდის რეალობასთან კავშირი დაუდგენელია, რადგან ისტორიულად სახელი დრობნაცი უფრო ადრინდელია, ხოლო ხოსრო დაკრძალულია სარაევოში, თავის მიერ აგებული მეჩეთის ეზოში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Gazi Husrev-begova biografija. Gazi Husrev-begov vakuf u Sarajevo. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-07. ციტირების თარიღი: 02/06/2015.
  2. Historijat. Gazi Husrev-begov vakuf u Sarajevo. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-07. ციტირების თარიღი: 02/06/2015.
  3. Kratka uputa u prošlost Bosne i Hercegovine (1463-1850); Safvet beg Bašagić; 1900