ქინძათი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ქინძათი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი ხაშურის მუნიციპალიტეტი
თემი ალი
კოორდინატები 42°05′39″ ჩ. გ. 43°39′40″ ა. გ. / 42.09417° ჩ. გ. 43.66111° ა. გ. / 42.09417; 43.66111
ცენტრის სიმაღლე 820
მოსახლეობა 304[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,7 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ქინძათი — საქართველო
ქინძათი
ქინძათი — შიდა ქართლი
ქინძათი
ქინძათი — ხაშურის მუნიციპალიტეტი
ქინძათი

ქინძათისოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ხაშურის მუნიციპალიტეტში (ალის თემი), შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე ჭერათხევის (სურამულას მარცხენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 820 მეტრზე, ხაშურიდან 22 კმ. სოფლიდან 1,5 კმ-ზე დგას წმინდა გიორგის ეკლესია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქინძათი ერთ-ერთი უძველესი სოფელია. მას იცნობს ვახუშტი ბატონიშვილი და დატანილი აქვს რუკაზე. ასევე იცნობს იოანე ბატონიშვილიც. იგი აფიქსირებს ქინძათს ალის წყლის ხეობის სოფლებში, თუმცა ამ დროს (XVIII საუკუნის 90-იანი წლები) აქ მოსახლეობა არ ჩანს.

ქინძათი მოიხსენიება ისტორიული და ეკონომიკური ხასიათის არაერთ დოკუმენტში. ალექსანდრე დიდის (1412-1442 წწ.) სიგელის მიხედვით, „ქინძათს მურაჩაშვილს ივანეზას თექვსმეტი კოკა ღვინო და ორი ზურგიელი და ათი კოდი პური“ უნდა გაეღო ულუმბის მონასტრისათვის. იგი ბაგრატიონ-დავითიშვილების მამულია. 1715 წლის 27 თებერვალს, ქართლის მეფე იესე ელიზბარ დავითიშვილისა და გიორგი რამაზიშვილის (დავითიშვილების ერთ-ერთი შტოა) მამულის საქმეზე განჩინებით ქინძათს აკუთვნებს ელიზბარ დავითიშვილს. ელიზბარ და კონსტანტინე დავითიშვილების გაყრის განჩინებით (1716-1724 წწ.) „...ქინძათის ზუარი ელისბარს დარჩა“.

რუისის სამწყსოს 1715 წლის დავთარში აქ დაფიქსირებულია 6 კომლი გლეხი (გოშვარიშვილი, მრაჭველი (2), ქოჩორაძე (3).

ქინძათი გვხვდება უფრო ადრინდელ აღწერებშიც. ზემო ქართლის სადროშოს აღწერის დავთრის (XVII ს. დამდეგი) მიხედვით, ქინძათში 11 კომლი მოსახლეა (მრაჭველი, ზურაბაშვილი, დათაშვილი, შერმაზანაშვილი, ალუმასშვილი, ტაგანაშვილი...). გვხვდება აყრილი გლეხიც (ალექსიშვილი).

XVII საუკუნის მეორე ნახევრის ზემო ქართლის სადროშოს აღწერის დავთრის მიხედვით, ქინძათი საუფლისწულო მამულია. აქ სახლობენ ქართველები და სომხები. დავთარში 13 კომლია აღწერილი (მაისურაძე (2), ტერტერაშვილი, ბიბილური, ზღუდრელისშვილი (2), პარუბეგაშვილი, ქოჩორაძე, ქიმერიძე, ტაგანაშვილი, ჯანიასშვილი, ინასარიძე...).

ქინძათი გვხვდება აღწერის სხვა დოკუმენტებშიც, რომლებშიც თითქმის იგივე გვარები და კომლთა რაოდენობაა (11-დან 14-მდე) დაფიქსირებული. ზემოთ აღნიშნულ გვარებთან ერთად დოკუმენტებში გვხვდება რამდენიმე სხვა გვარიც, კერძოდ, შავალაშვილი, ნურალაშვილი, გურაბანიძე, მურადაშვილი...

ქინძათში 1728 წელს დაფიქსირებული 17 კომლი, ყველა იხდის ოსმალურ გადსახადს 7820 ახჩის ოდენობით.

1865 წელს ქინძათში 9 კომლი ცხოვრობს (8 სახელმწიფო და 1 დროებით ვალდებული), 1886 წლის აღწერით, აქ უკვე 29 კომლი მოსახლეა (105 კაცი და 89 ქალი, სულ 194 კაცი). აქედან 20 კომლი ქართველია, ხოლო 9 კომლი - სომეხი.

ქინძათში ამჟამად სახლობენ გვარები: ბარბაქაძე, გაგნიძე, დარბაიძე, ენჯიბაძე, ინასარიძე, კურტანიძე, მიქელაძე, მულაძე, ნოზაძე, საყვარელიძე, ტეფნაძე, ქიტიაშვილი, ხაჩიძე...

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 374 ადამიანი.[2] 2014 წელს კი ფიქსირდება კლება, სოფელში ცხოვრობს 304 კაცი, საიდანაც 150 მამაკაცია, ხოლო 154 ქალი.[1]

აღწერის წელი მოსახლეობა
2002[3][4] 374
2014[1] 304

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლაცაბიძე თ., ხაშურის მუნიციპალიტეტის ისტორია ტოპონიმებში, გაზ., „ხაშურის მოამბე“, № 30, 5 აგვისტო, 2019, გვ., 5

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. 2002 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2016-07-02.
  3. pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2016-07-02.
  4. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.