ქიმერა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქიმერა
არეცოს ქიმერა, ერტუსკული ბრინჯაოს ქანდაკება


ქიმერა (Chimaira, "ნორჩი თხა", ლათ. Chimaera.) — ცეცხლისმფრქვეველი ურჩხული, რომელსაც ჰქონდა ლომის თავ-მკერდი, თხის ტანი და გველეშაპის ბოლო, ან სამი თავი: ლომის, თხისა და დრაკონის. ჰესიოდეს მიხედვით ეს თავისებური საზარელი უწმინდური ტიფონისა და ექიდნეს ასულია, გუდავს და სპობს ყოველ ცოცხალ არსებას, აპარტახებს ქვეყანას. ცხოვრობდა ფრიგიაში, ლიბიაში, ეგვიპტეში, ინდოეთში თუ კარიაში, სადაც თითქოს მეფე ამისუდაროსმა გაზარდა და ბელეროფონტმა მოკლა ფრთოსანი რაშის პეგასის დახმარებით. ჰომეროსის დახასიათებით, "წინამო ლომისა აქვს", უკან დრაკონია. პრაგმატიკული თვალსაზრისით, ესაა ცეცხლისმფრქვეველი მთა, რაც მც. აზიაში მრავლადაა.

არაა სწორი "ქიმერები". ურჩხული ქიმერა ერთია.

ხელოვნებაში ამ სახეს თვალსაჩინო ადგილი უჭირავს. უხვადაა კორინთულ და ატიკურ ვაზებზე, მონეტებზე. გამოსახულია ბრინჯაოს თასებზე. ეტრუსკებს ბრინჯაოს ქანდაკი ჩამოუსხამთ. განსაკუთრებით ფართოდ აისახება ბელეროფონტის და ქიმერას ბრძოლა, როგორც კეთილისა და ბოროტის, - ქრისტეს და ანტიქრისტეს შეტაკება. იყენებენ შენობის სამკაულად (პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი). წიგნის მხატვრობაში - ლომდრაკონია, ზურგზე თხის თავით, ან გველისკუდიანი ფრთოსანი ლომი (XII ს., ლუვრი), ან კიდევ ჰარპიების მსგავსი ფრთოსანი ქალია. ფლორენციის არქეოლოგიურ მუზეუმში ინახება პირღია ლომი, ბრინჯაოს ქანდაკი, რომლის კუდიც გველია. ლომს კუდი აუდრეკია და ზურგზე ამოზრდილ გველისკისრიან თხის რქას ხრავს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • აკაკი გელოვანი – მითოლოგიური ლექსიკონი, გამომცემლობა საბჭოთა საქართველო, თბილისი, 1983