ქვემო მანჰეტენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქვემო მანჰეტენი

ქვემო მანჰეტენი (ინგლ. Lower Manhattan) — ქალაქ ნიუ-იორკის ძირითადი კუნძული მანჰეტენის უკიდურესი სამხრეთი ნაწილი, მისი კომერციული და მმართველობის ცენტრი.

ყველაზე გავრცელებული განსაზღვრებით ქვემო მანჰეტენი ანუ "დაუნტაუნი" შემოისაზღვრება მე-14 ქუჩით ჩრდილოეთით, მდინარე ჰუდზონით დასავლეთით, ისტ-რივერით აღმოსავლეთით და ნიუ-იორკის ყურით სამხრეთით. როდესაც ამ ტერმინში ქვემო მანჰეტენის ბიზნეს უბანი და მისი შემოგარენი მოიაზრება, ჩრდილოეთის საზღვრად როგორც წესი მიიჩნევენ კანალ სტრიტს.

ქვემო მანჰეტენის ბიზნეს უბანი ჩემბერს სტრიტის ქვევით მდებარე არემარის ბირთვს წარმოადგენს. ის მოიცავს საფინანსო უბანს, რომელსაც ასევე უოლ სტრიტს უწოდებენ, და მსოფლიო სავაჭრო ცენტრს. კუნძულის სამხრეთ კიდეზე ბატერი-პარკია; სიტი ჰოლი (მერია) საფინანსო უბნის ჩრდილოეთითაა. ასევე ჩემბერს სტრიტის სამხრეთითაა ბატერი პარკ სიტის დაგეგმილი უბანი და საუზ სტრიტის საზღვაო პორტის ისტორიული უბანი. ტრიბეკას უბანი ჩემბერსს დასავლეთით ესაზღვრება; ხოლო ქუჩის აღმოსავლეთ ბოლოში გიგანტური მანჰეტენის მუნიციპალური შენობაა. ჩემბერსისა და ბრუკლინის ხიდის ჩრდილოეთით და კანალ სტრიტის სამხრეთით მდებარეობს ნიუ-იორკის უძველესი ჩინეთის უბანი. ამ უბანში ასევე მდებარეობს მრავალი სასამართლო და მუნიციპალური დაწესებულება. უბანს ჩრდილოეთით კანალ სტრიტის მიმდებარედ ესაზღვრება სოჰო, მიტპაკინგ დისტრიქტი, ვესტ ვილიჯი, გრინვიჩ ვილიჯი, ლიტლ-იტალი, ნოლიტა და ისტ-ვილიჯი.

ქვემო მანჰეტენის ბიზნეს უბანი სიდიდით მეოთხე ცენტრალური ბიზნეს უბანია აშშ-ში, მიდტაუნ მანჰეტენის, ჩიკაგოს ლუპის და ვაშინგტონის შემდეგ. მსოფლიო სავაჭრო ცენტრის დანგრევამდე ეს უბანი სიდიდით მესამე იყო. მოსალოდნელია, რომ ეს უბანი მესამე ადგილს დაიბრუნებს ფრიდომ ტაუერის მშენებლობის დასრულების შემდეგ, რომელმაც დაახლოებით იმდენივე კომერციული ფართი უნდა შესძინოს უბანს, რამდენიც მსოფლიო სავაჭრო ცენტრს ჰქონდა.