ქვევრსამარხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქვევრსამარხი — ინჰუმაციური სამარხის ერთ-ერთი სახე, როდესაც მიცვალებულს ათავსებენ ქვევრში ან თიხის სხვა ჭურჭელში. ქვევრსამარხები ცნობილია დინასტიამდელ ეგვიპტეში, ძვ. წ. III-II ათასწლეულების ანატოლიასა (ალაჯაჰოიუქი, ალიშარი) და ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებში (პირენესა და აპენინის ნახევარკუნძულები, მატერიკული საბერძნეთი, კვიპროსი, კრეტა, სარდინია, კიკლადები, მცირე აზიის დასავლეთი ნაწილი), გვიანდელი ელამური ხანის სუსაში, ტროადაში (ძვ. წ. VII-III საუკუნეები), ანატოლიაში (ელინისტური ხანა), ყირიმში (ძვ. წ. I საუკუნე), სამხრეთ ამერიკაში (I ათასწლეული). ანტიკური წყაროების მონაცემების მიხედვით, მიცვალებულებს თიხის ჭურჭელში მარხავდნენ ბალეარის კუნძულებზე (ძვ. წ. I საუკუნე) და იტალიაშიც (I საუკუნე).

ქვევრსამარხები საქართველოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოში ქვევრსამარხები გავრცელდა ძვ. წ. IV საუკუნის დასასრულს და კოლხეთში არსებობდა ძვ. წ. I საუკუნემდე (დაბლაგომი, დაფნარი, ზემო ფარცხმა, ფარცხანაყანევი, ჭოგნარი, ნოქალაქევი და სხვა). ქართლში აღმოჩენილი ზოგიერთი ქვევრსამარხი (თეთრიწყარო, კავთისხევი და სხვა) ადრინდელი ელინისტური ხანით თარიღდება, ყველა სხვა კი ძვ. წ. II-ახ. წ. I საუკუნეებით (არკნეთი, ზემო ავჭალა, დიღომი, მცხეთა, სამთავრო, მთა ქართლი, კარსანი და სხვა). კახეთის ტერიტორიაზე გავრცელებული ქვევრსამარხები ალაზან-ალოილუთეფეს კულტურას განეკუთვნება. საქართველოში სამარხად იყენებდნენ სამეურნეო დანიშნულების ჩვეულებრივ ქვევრებს – კოლხეთში რუხი თიხისას, ქართლ-კახეთში – წითლადგამომწვარს (ერთ შემთხვევაში მოხატულიც აღმოჩნდა); ჩვილ ბავშვებს ზოგჯერ ორყურა დერგებით მარხავდნენ. კოლხეთში დადასტურებულია სამარხისათვის სპეციალურად დამზადებული ქვევრების გამოყენების რამდენიმე შემთხვევა. ადრინდელი ელინისტური ხანის კოლხეთში ქვევრებს უმეტესად ვერტიკალურად, პირქვე ფლავდნენ. წინასწარ შუაზე გადახერხილი ქვევრის ჩაპირქვავებულ ზედა ნაწილში ათავსებდნენ ხელფეხმოკეცილ მიცვალებულებს გვერდზე, თავით დასავლეთისაკენ, და ზევიდან ქვევრის ქვედა ნაწილს ახურავდნენ, აღმოსავლეთ საქართველოში და გვიანდელი ელინისტური ხანის კოლხეთში სამარხი ქვევრები ჰორიზონტულად იყო დაწვენილი, სამხრეთიდან ჩრდილოეთის ან, იშვიათად, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით. მიცვალებულებს მარხავდნენ უმეტესად ცალ-ცალკე, იშვიათად - წყვილად. ცნობილია კოლექტიური ქვევრსამარხებიც (ციხიაგორა).

სამარხეული მასალა საკმაოდ ღარიბულია: თიხის თითო-ოროლა ჭურჭელი, ბრინჯაოს ზარაკები, სამაჯურები, ბეჭდები, იშვიათად საკისრე რკალები, ბრინჯაოსა და ვერცხლის სასაფეთქლე რგოლები და საყურეები, მინისა და იშვიათად, ქვის მძივები. კოლხეთში ქვევრსამარხებში ხშირად გვხვდება მონეტები - კოლხური თეთრის წვრილი ნომინალები; აღმოსავლეთ საქართველოში მონეტები იშვიათად გვხვდება, სამთავროს ქვევრსამარხებში 5 პართული მონეტა აღმოჩნდა (ძვ. წ. I საუკუნე). შედარებით უფრო მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანია კახეთის ქვევრსამარხების არქეოლოგიური მასალა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]