ქართველი ებრაელები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქართველი ებრაელებიებრაული ხალხის ეთნოლინგვისტური ჯგუფი.[1] ქართულ ლიტერატურაში ტერმინი იხმარებოდა XI საუკუნიდან.[1] XIX საუკუნეში ტერმინმა მიიღო ფართო გავრცელება რუსეთის იმპერიაში.

ისტორია[რედაქტირება]

ქართულ ისტორიულ ტრადიციაში დამკვიდრებულია თვალსაზრისი, რომლის თანახმადაც ებრაელები ჩამოვიდნენ საქართველოში იერუსალიმის დარბევის შემდეგ ნაბუქოდონოსორის მიერ ძვ. წ. 586 წელს[1]. ებრაული ტომი არასდროს ყოფილა დაჩაგრული ქართველების მიერ.[2] 1998 წლის სექტემბერში საქართველოში ფართოდ იზეიმეს თანაცხოვრების 2600 წლისთავის.[2] ქართველი ებრაელები საუბრობენ ქართულ ენაზე, თუმცა ვაჭრებში შეიქმნა ქართულ-ებრაული ენა ყივრული.[1]

ქართველ ებრაელთა განსახლების არეალი და რაოდენობა
სულ: დაახლოებით 80 000
ისრაელი: 120 000
აშშ: 10 000
საქართველო: 7 000
ბელგია: 3 000
რუსეთი: 2 000
აზერბაიჯანი: 700


წარმოშობა[რედაქტირება]

თუმცა დღეს ქართველი ებრაელები თვითშეგნებით თავს განიხილავენ როგორც ებრაელი ხალხის ერთერთი ეთნიკური ერთეულს, მეცნიერული თვალსაზრისით არ არსებობს კონსენსუსი ამის თაობაზე. საქართველოშიც კი ისინი არ წარმოადგენდნენ მონოლითურ ეთნიკურ საზოგადოებას და სხვადასხვა კუთხის ქართველი ებრაელები ზუსტად ისევე განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, როგორ ამავე კუთხეების ქრისტიანი ქართველები. ეს განსხვავება ზირითადად შეეხებოდა მეტყველების და ყოფაცხოვრების თავისებურებებს და არა რელიგიურ ასპექტებს. ქართლელი, ლეჩხუმელი, რაჭველი და ახალციხელი ქართველი ებრაელების მეტყველება არაფრით არ დანსხვავდებოდა ადგილობრივი ქართული დიალექტებისაგან, და მხოლოდ იმერეთში (ქუთაისი, საჩხერე, კულაში)ჩამოყალიბდა ქართულ-ებრაული ენა ყივრული, რომელიც შეიცავდა მცირე რაოდერობით ებრაულ და არამეულ ენობრივ წარმონაქმნებს.

არ არსებობს თანხმობა მეცნიერულ წრეებში ქართველ ებრაელთა წარმოშობის შესახებ. ბოლო 15 წლის მანძილზე მრავალრიცხოვანი მეცნიერული გამოკვლევები ჩატარდა მათი გენეტიკური და ანთროპოლოგიური შესწავლის მიზნით. სწორედ ანთროპოლოგიური მონაცემებით, ქართველ ებრაელთა უმეტესობა არაფრით არ განსხვავდება აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს ავტოქრონული (ქართლელები, მესხები) მოსახლეობისაგან, მაგრამ საკმაოდ მკვეთრად განსხვავდებიან დასავლეთ საქართველოს მკვიდრ მოსახლეობას (მეგრელები, იმერლები, გურულები). საინტერესოა მათი გენეტიკური მონაცემებიც. მაგალითად, ქართველ ებრაელებს "ქოჰენები" არ ჰყავდათ და არც მათ Y ქრომოსომაში შეინიშნება ახლო-აღმოსავლური J-P58, J1E და J-M410 ჰაპლოტიბები რაც აშკენაზ და ესპანელ ებრაელ მამაკაცებში საკმაოდ გავრცელებულია (3). არანაკლებ საინტერესოა დედობრივი ხაზით გარდამავალი მიტოქონდრული DNA-ს მონაცემები ქართველ ებრაელებში,რამაც აჩვენა რომ ქართველი ებრაელების 51%-58% ერთი ქალის შთამომავლები არიან ( mtDNA Hg HV1a1a1 მუტაციით), რომელიც კავკასიის ტერიტორიაზე დაახლოებით 3500 წლის წინათ ცხოვრობდა (4,5). ხოლო Y-DNA (მამობრივი DNA) ქართველი მოსახლეობისა უჩვენებს იგივე ჰაპლოტიპს (Haplogroup J2) რომელიც წარმოშობით ახლო აღმოსავლეთიდანაა და აგრეთვე წინა აზიის (მათ შორის ებრაელების) მოსახლეობას ახასიათებს (6). ყოველივე ეს კი მიუთითებს რომ ქართველი ებრაელების ეთნოგენეზი ჯერ ჯერობით ძირითადად გაურკვეველია და მეცნიერული კვლევის საგანი უნდა გახდეს.

წინაფეოდალური ხანა[რედაქტირება]

რაც შეეხება ეგრედ წოდებულ ებრაელების ჩამოსახლების 26 საუკუნის ისტორიას საქართველოში, ეს დებულება მითებსა და არამეცნიერულ სპეკულაციებს უფრო ეყრდნობა, ვიდრე მეცნიერულ საბუთებს. ცხადია რომ პირველი ებრაელები საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენს წელთაღვრიცხვამდე გამოჩნდნენ, რასაც საკმაო ისტორიული და არქეოლოგიური წყაროები ადასტურებს, მაგრამ ებრაელთა დასახლება და ქართველ ებრაელთა ეთნო-რელიგიური ჯგუფის ჩამოყალიბება საუკუნეების მანძილზე გაიწელა და ალბათ 11-13 საუკუნეების მიჯნაზე დამთავრდა. საინტერესოა, რომ ქართველი ებრაელების ეგრეთ წოდებული კანონიკური ქართული ენა, რომელსაც ისინი სინაგოგებში ლოცვის დროს იყენებდნენ, სწორედ 12-13 საუკუნეების ქართულს წარმოდგენდა (პროფ. რუბენ ენუქაშვილის გამოკვლევა). მეტად მწირეა ისტორიული წყაროები ქართველ ებრაელთა რელიგიურ თავისებურებებზე მე-19-ე საუკუნემდე, და თუ ამ წყაროებს დავეყრდნობით, მათ რელიგიურ მწარმსს მნიშვნელოვანი მეტაფორმოზები უნდა განეცადა საქართველოში დამკვიდრებიდან ვიდრე დღემდე. მაგალითად, ადრეულ ხანაში ქრისტიანობის იდეოლოგიური საყრდენი ქართლში სწორედ მცხეთის ებრაული მოსახლეობა უნდა ყოფილიყო. თუმცა ამ ადრინდელ ხანაში ებრაელთა რელიგია იუდაიზმი პროზელიტიზმით გამოირჩეოდა და საკმაოდ პოპულარულ რელიგიად ითვლებოდა გვიანდელ ელინურ და რომაულ სამყაროში. ცნობილია, რომ ებრაელი კოლონისტები მაშინ დიდი ენთუზიაზმით ავრცელებდნენ თავიანთ მოძღვრებას სხვადასხვა ხალხებში და იმდროინდელი იბერიაც იმ ძველი სამყაროს ინტეგრალური ნაწილი იყო. ძნელია დღეს იმის შეფასება თუ რა რაოდენობის ებრაელი ლტოლვილი თუ კოლონისტი დასახლდა ქართლში და არც ის არაა ცნობილი რა ინტენსივობით მიმდინარეობდა მათი მისიონური მოღვაწეობა იმდროინდელი ქართლის მოსახლეობაში. ფაქტია, რომ ადრეფეოდალურ ეპოქაში ებრაელები უკვე ქართლის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდნენ, რაც არ შეიძლება მხოლოდ მათი იეჰუდას სახელმწიფოდან ემიგრაციით აიხსნას. შემდგომ პერიოდებში კი მათ შორის ქრისტიანული და ყარაიმული სარწმუნოებების გავრცელება შეიძლება მიუთითებდეს ქართველი ებრაელების ეთნიკურ კავშირს ადგილობრივ ქართულ მოსახლეობასთან, რომელიც შესაძლოა უფრო ადრე ებრაული პროზელიტისმის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა.

ძველი ქართული ისტორიოგრაფიული წყაროები ძალიან მწირე ინფორმაციას იძლევიან ქართველი ებრაელების შესახებ წინაფეოდალურ საქართველოში. ერთ-ერთი ეპიზოდის მიხედვით, რომელიც შემოგვინახა "ქართლის ცხოვრებამ", ქართველი ებრაელები პირველნი იყვნენ, ვინც იმდროინდელ იბერიაში ქრისტიანული რელიგია შემოიტანა. საერთაშორისო ისტორიული გამოკვლევების შედეგად, დაახლოებით ორი საუკუნის განმავლობაში არსებობდა მცხეთაში ეგრეთ წოდებული ებრაულ-ქრისტიანული სექტა. ალბათ, ამ სექტის დაარსების ისტორიაზე მოუთხრობს "ქართლის ცხოვრება" როდესაც გადმოგვცემს ამბავს ორი ქართველი ებრაელის, ელიოზ კარსნელის და ლონგინოზ მცხეთელის შესახებ. გადმოცემით, როდესაც იერუსალიმიდან საქართველოში ჩამოვიდნენ ელჩები ქრისტეს მოსალოდნელი დასჯის ცნობით, ეს ორი ქართველი ებრაელი გაემგზავრა იერუსალიმს როგორც დელეგატები. ელიოზის დედა შეევედრა თავის შვილს არ მიეღო მონაწილეობა ამ საქმეში, რომელიც დანაშაულად ჩაითვლებოდა. როდესაც იერუსალიმში ქრისტე ჯვარს აცვეს, ლონგინოზის დედამ იგრძნო ეს ამბავი და გარდაიცვალა. ქართველი ებრაელები დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყანაში და თან ჩამოიტანეს იესოს პერანგი, რომელიც მათ რომაელ ჯარისკაცს გამოართვეს. ელიოზის დამ სიდონიამ პერანგი გულში ჩაიკრა და მაშინვე გარდაიცვალა. თქმულების მიხედვით, ქრისტეს ეს მოსასხამი დამარხულია ელიოზის დასთან ერთად მცხეთაში, იმ ადგილზე, სადაც შემდგომ სვეტიცხოვლის ტაძარი აღიმართა. აღსანიშნავია, რომ მცხეთაში მომხდარი ამბის გამო - ქართველები არ მიიჩნევენ ქართველ ებრაელებს ქრისტეს ჯვარცმაში მონაწილეებად. ალბათ ამანაც განაპირობა, რომ საქართველოში საუკუნეების განმავლობაში რელიგიური ანტისემიტიზმი არ შეინიშნებოდა.[წყარო არ არის მითითებული 55 დღე]

ფეოდალური საქართველო[რედაქტირება]

არაბული დაპყრობების პერიოდში, აღმოსავლეთ საქართველო დროებით დიდი არაბული ხალიფატის ნაწილს წარმოადგენდა, და ამიტომაც ბაბილონიდან შემოსულმა რელიგიურმა გავლენამ გადამწყვეტი როლი ითამაშა თალმუდისტურ-რაბინისტული იუდაიზმის გავრცელების პროცესზე საქართველოში, რამაც განაპირობა ქართველი ებრაელების განცალკევებული ეთნორელიგიური ერთეულის ჩამოყალიბება. ამავე პერიოდშივე ჩამოყალიბდა ეგრეთ წოდებული აბუ იმრან ალ ტიფლისის ყარაიმული სექტა, რომელმაც დაახლოებით 300 წელი იარსება. უცნობია თუ რა ბედი ეწიათ ამ სექტის მიმდევართ, რომლებისთვისაც მიუღებელი იყო თალმუდისტური იუდაიზმის დოგმატები. სამწუხაროდ ძალიან ცოტა რამაა ცნობილი ქართველ ებრაელთა შესახებ შუა საუკუნეების საქართველოში. არ არსებობს ისტორიული დიკუმენტები რომლებიც აღწერავენ მათი მდგომარეობის შესახებ საქართველოს აღზევების პერიოდში (1089–1213 წლები). მარკო პოლო, რომელმაც ჩინეთში მოგზაურობისას თბილისი მოინახულა 1272 წელს, წერს რომ "თბილისში ცხოვრობენ ძირითადად ქრისტიანი ქართველები და სომხები, აგრეთვე მუსულმანები და ებრაელები". მონგოლთა შემოსევამ და ქვეყნის ეკონომიურ-სოციალურმა დაცემამ აიძულა ქართველ ებრაელთა უმეტესობა დასავლეთ საქართველოში გადასულიყო. ამავე პერიოდიდან იწყება ებრაელთა რიცხვის მნიშვნელოვნად შემცირება საქართველოში, ხოლო 15-16 საუკუნის გაუთავებელი ომების და პოლიტიკურ ეკონომიკური ქაოსის პირობებში ქართველ ებრაელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ყირიმის სახანოში და ოსმალეთის იმპერიაში გადასახლდა. მე 17 საუკუნეში კი შაჰ აბას II-მ ათასობით კახელი ქართველი ებრაელი ქრისტიან ქართველთან ერთად ფერეიდანში გადაასახლა და აიძულა ისლამი მიეღო.

საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში[რედაქტირება]

რუსეთის იმპერიის მიერ ქართული სახელმწიფოების გაუქმეებამ და საქართველოს ტერიტორიის ანექსიამ მკვეთრად შეცვალა ქართველ ებრაელთა მდგომარეობა. თავდაპირველად რუსული ადმინისტრაცია ქართველ ებრაელებს ქართველებისაგან ვერ განასხვავებდა და მათ "იუდაისტური სჯულის ქართველებად" განიხილავდა, რომლებზეც არ უნდა გავრცელებულიყო რუსეთის იმპერიის მიერ აშკენაზ ებრაელებზე დაწესებული შეზღუდვები. მაგრამ შემდგომ რუსულმა ადმინისტრაციამ და რუსეთის მართლმადიდებურმა ეკლესიამ დაიწყეს ანტისემიტური კანონმდებრივი შეზღუდვების და ანტისემიტური იდეოლოგიის გავრცელება თბილისის და ქუთაისის გუბერნიებში. მათ შესძლეს დაენერგათ რელიგიური შეუწყნარებლობის და ანტაგონიზმის ფონი მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში და შეეთითხნათ ეგრედ წოდებული რიტუალური სისხლის აღების საქმეები მე 19-ე საუკუნის 70-ან წლებში, რასაც ანტიებრაული განწყობილებები და ექსცესები მოჰყვა. საინტერესოა რომ ამგვარ განწყობილებებს რუსეთის ადმინისტრაცია იყენებდა თვით ქართული ეროვნული თვითშეგნების და თვითგამორკვევის განვითარების ხელისშემშლელ ფაქტორად.[საჭიროებს წყაროს მითითებას]

მაგრამ რუსეთთან შეერთებას სხვა დადებითი ფაქტორებიც მოჰყვა. დაიწყო საქართველოს ეკონომიკური სტაბილიზაცია, ქალაქების და ინფრასტრუქტურის საკმაოდ ჩქარი განვითარება. იმის გამო რომ კავკასია რუსეთმა ეგრედ წოდებულ "черта оседлости"-ს არეალს შეუერთა, დაიწყო ევროპელ ებრაელთა გადმოსვლა და დასახლება საქართველოს სწრაფად განვითარებად ქალაქებში (ძირითადად ბათუმში და თბილისში). ეს აშკენაზი ებრაელები ძირითადად თავისუფალ პროფესიებს ფლობდნენ (ექიმები, ფარმაცევტები, ფოტოგრაფები, მკერავები, მესაათეები, იუველირები, მშენებარე ინჟინრები, მწარმოებლები), რასაც საკმაოდ დიდი როლი ჰქონდა საქართველოს იმდროინდელ ეკონომიკაში.

უნდა აღინიშნოს რომ ურთიერთობა ქართველ ებრაელთა და ახლად ჩამოსახლებულ აშკენაზ ებრაელთა შორის საკმაოდ დაძაბული იყო. აშკენაზები ქართველ ებრაელებს პრიმიტიულ საზოგადოებად განიხილავდნედ და ქართველი ხალხის ინტეგრალურ ნაწილად თვლიდნენ. ყოფა-ცხოვრებით და ყოველდღიური ტრადიციებით ქართველი ებრაელები არაფრით არ გამოირჩეოდნედ ადგილობრივი ქართველებისაგან, და ზოგჯერ უფრო მეტადაც იცავდნენ ძველ ქართულ წარმართულ ტრადიციურ გადმონაშთებს, ვიდრე ქრისტიანი ან მუსლიმი ქართველები. დიდი იყო აგრეთვე რელიგიურ-კულტურული და პოლიტიკური ბარიერი ამ ორ ებრაულ ჯგუფს შორის. მაშინ ქართველი ებრაელების იუდაიზმი რელიგიური ლიბერალიზმით გამოირჩეოდა და მათთვის უცხო იყო ის რელიგიური გავლენა რაც ამ რელიგიამ განიცადა აღმოსავლეთ ევროპაში 17-19 საუკუნეებში ხასიდიზმის და ლიტვური ებრაული ფუნდამენტალიზმის სახით. უფრო მეტიც, მე 19 საუკუნის 80-ან წლებამე ქართველ ებრაელთა რელიაგიურ შეხედულებებზე ძალიან დიდი იყო ყარაიმული რელიგიის გავლენა, რომელიც ძველ აღთქმას გადამწყვეტ უპირატესობას აძლევდა და ამცირებდა ან მთლიანად უარყოფდა ზეპირი ტრადიციების და თალმუდის მნიშვნელობას.

ყოველივე ეს განაპირობებდა ამ ორი ებრაული თემის ურთიერთშეუთავსებლობას და განცალკევებულ ეთნო-რელიგიურ საზოგადოებად თანაცხოვრებას. ამისდა მიუხედავად, ამ თანაცხოვრებამ განაპირობა სიონისტური იდეების გავრცელება ქართველ ებრაელთა შორის. თავდაპირველად სიონიზმი ქართველ ებრაელებში რელიგიურ-მესიანისტურ საფუძველს ემყარებოდა და არა პოლიტიკურს. ამან განაპირობა ასობით ქუთაისელი ქართველი ებრაელი ოჯახის გადასახლება 1880-იან წლებში იერუსალიმში. მათ იქ "გურჯების" უბანი დააარსეს და მაშინდელი იერუსალიმის ებრაული მოსახლეობის საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდნენ.

ევროპული იდეებისა და პოლიტიკური მოძრაობების გავრცელებამ საქართველოში შესაძლო გახადა პირველი სიონისტური მოძრაობის დაარსება თბილისში 1897 წელს "ჰასქალა"-ს (განათლება) მოძრაობის მიმდევართა შორის. ამ მოძრაობის მიზანი იყო ებრაელთა შორის ებრაული კულტურისა და თვითშეგნების განვითარება, შემდგომ მათი ისრაელში გადასახლების და პოლიტიკური თვითგამორკვევის მიზნით.

სოციალური სტრუქტურა[რედაქტირება]

ადრე ფეოდალურ ხანამდე სოციალური სტრუქტურით ქართველი ებრაელები არაფრით არ განსხვავდებოდნენ მათი მეზობელი ქართველებისაგან, თუმცა მათი აბსოლუტური უმრავლესობა ბატონყმობის პერიოდში საზოგადოების ყველაზე დაბას ფენებში მოექცნენ და უუფლებო ყმათა მასას შეადგენდნენ. ისინი ძირითადად მიწათმოქმედებით და ხელოსნობით იყვნენ დაკავებულნი და იჯარას უხდიდნენ თავიანთ ბატონებს (ეკლესიას ან ადგილობრივ ფეოდალებს). მხოლოდ ბატონყმობის გაუქმების შემდგომ დაიწყო მათი კონცენტრაცია ქალაქურ ცენტრებში და ვაჭრობითა და სხვა თავისუფალი პროფესიებით დაკავება. შესაძლებელია ითქვას, რომ ქართველი ებრაელების რელიგიურ-სოციალური სეგრეგაცია ძირითადი ქართული მოსახლეობისაგან აშკარა ფაქტი იყო და საქართველოს სხვადასხვა ისტორიულ პერიოდებში მხოლოდ სიმძაფრეს იცვლიდა. ძალიან მწირე ისტორიული წყაროებია ქართველ ებრაელთა ფაქტობრივ მდგომარეობაზე 18-საუკუნემდე, მაგრამ ნათელია, რომ ქართულ სახელმწიფოებში ებრაელების მიმართ არ ყოფილა რაიმე მიზანმიმართული დევნა არ შევიწროება რელიგიურ ან ეთნიკურ ნიადაგზე. მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის და რუსეთთან შეერთების შემდეგ, როდესაც რუსეთის ადმინისტრაციამ 19 საუკუნის 70-თიან წლებში საქართველო გადააქცია ანტესემიტური აქციების პოლიგონად (საჩხერეს ებრაელთა საქმე, შემდომში კი მრავალრიცხოვანი ანტისემიტური ექსცესები დასავლეთ საქართველოში, დაგეგმილი და განხორციელებული ცარისტული უშიშროების სამსახურების მიერ). მიუხედავად ამ ხელოვნურად დანერგილი კონფლიქტების მცდელობებისა, ქართველი ხალხი განსაკუთრებულ ტოლერანტულობას ინარჩუნებდა მათ მეზობელი ებრაელების მიმართ. უფრო მეტიც, ქართველი ინტელიგენცია შეუპოვრად ამხილებდა ამ მცდელობებს და ილაშქრებდა მათ წინააღმდეგ. განსაკუთრებით აღსანიშნავია ილია ჭავჭავაძის წერილები, სადაც სჩანს, რომ ამ უდიდესმა მოაზროვნემ ნახევარი საუკუნით ადრე განსჭვრიტა და იწინასწარმეტყველა ევროპელი ებრაელების კატასტროფა.

თვით ქართველი ებრაელები მკვეთრად გამოჰყოფდნენ თავიანთ თავს არა მარტო ქართველებისაგან (რელიგიური ნიშნის მიხედვით), არამედ სხვა არაქართველი ებრაელებისაგან (ეთნიკური ნიშნით). სოციალურად კი ისინი დახურულ კასტებს წარმოადგენდნენ და თავიანთ თავს განიხილავდნენ როგორც "ჩვენებურები". საინტერესოა რომ ამავე ტერმინით გაემიჯნებოდნენ ქართველი მუსლიმი ქრისტიანი ქართველებისაგან. ამის მიუხედავად, ქართველი ებრაელები განუმეორებლივად ერთგული რჩებოდნენ საქართველოს სამეფო კარის და და ქართული სახელმწიფოებრიობის მიმართ. უფრო მეტიც, საქართველოს პერიფერიულ რაიონებში ისინი ქართული სახელმწიფოებრიობის და ქართული ენის ძირითად საყრდენებადაც გვევლინებოდნენ ისტორიის გარკვეულ პერიოდებში (მაგალითად, ცხინვალის და ახალციხის მოსახლეობის თითქმის ნახევარს ქართველი ებრაელები შეადგენდნენ და ქართული ენისა და კულტურის ძირითადი საყრდენიც სწორედ ისინი იყვნენ (რუსეთის და ოსმალეთის იმპერიების ოკუპაციის პირობებში). ასევე იყო შუა საუკუნეების აფხაზეთში (გაგრის ქართული ებრაული თემი)). ქართველ ებრაელთა ეთნოპოლიტიკური ინტეგრაციის ხარისხი ქართულ სახელმწიფოში იმდენად დიდი იყო, რომ ისინი შესაძლოა ქართველი ხალხის განუყოფელ ეთნორელიგიურ ნაწილადაც განიხილებოდეს. მით უმეტეს, რომ საქართველოში სხვა ასეთი ეთნორელიგიური ჯგუფების წარმოქმნა (მუსლიმი ქართველები,გრიგორიანი და კათოლიკე ქართველები) დამახასიათებელი იყო საქართველოს სახელმწიფოებრივი დეზინტეგრაციისა და დაკნინების პირობებში.

ქართული ნაციონალიზმის წარმოშობასთან ერთად, ქართველი ინტელიგენციის დიდი ნაწილი (ქართული ეთნოცენტრიზმის წარმომადგენლები) ქართველ ებრაელებს განიხილავდნენ როგორც ქართველი ხალხის განუყოფელ ნაწილს. მაგალითად, იაკობ გოგებაშვილი თავის დედა ენას "ყველა სარწმუნოების ქართველთათვის" ქმნიდა; ქართველი სოციალ დემოკრატები კი ქართველ ებრაელებს "მოსეს რჯულის ქართველებად" განიხილავდნენ. თუმცა მეოცე საუკუნის დასაწყისში იყო გარკვეული ნაწილი თვით ქუთაისელ ქართველ ებრაელთა შორის (ხანანაშვილების ჯგუფი), რომლებიც ასიმილატორულ რელსებზე იდგნენ და თავს ქართველებად მოიხსენიებდნენ, მაგრამ ამ კონცეფციამ დამარცხება განიცადა ებრაული თვითშეგნებისა და პოლიტიკური სიონიზმის წინაშე, რომელმაც ქართველ ებრაელთა შორის ფეხი 20 საუკუნის 10-ან წლებში მოიკიდა. ამ პროცესებზე გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია საქართველოში ლიტველი და იერუსალიმელი ებრაული სექტების მისიონერულმა საქმიანობამ (რაბი ხვოლესი ცხინვალში, რაბი ელიაშვილი ქუთაისში) 19 საუკუნის დასასრულსა და 20 საუკუნის დასაწყისში.

დღეს ქართველი ებრაელების უმრავლესობა ისრაელშია და მათი ისრაელის სხვა ებრაელ მოსახლეობასთან ინტეგრაციის და ასიმილაციის პროცესი თანდათან ჩქარდება. ის იგივე პროცესია, რასაც ადგილი აქვს თურქეთში მუსლიმი ქართველებისა ("ჩვენებურები") და თურქეთის ძირითად მოსახლეობას შორის. სამწუხაროდ, განმანათლებითი ინფრასტრუქტურის უქონლობის გამო ძნელდება ქართული ენისადა და ქართული ტრადიციების მომავალ თაობაზე გადაცემა, თუმცა აშკარად სჩანს ახალგაზრდების დაინტერესება შეინარჩუნოს ქართული ენა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ჭიჭინაძე ზ., «ქართველი ებრაელები საქართველოში», თბ., 1990
  • მეტრეველი რ., «ებრაელები საქართველოში», თბ., 2002
  • მამისთვალიშვილი ე., «ქართველ ებრაელთა ისტორია», თბ., 1995
  • ციციაშვილი ა., «ებრაელები და საქართველო», თბ., 2003
  • დანიელ ხანანაშვილის შესავალი წერილი წიგნისათვის, «საქართველოს რაბინები, რელიგია და ისტორია», ისრაელი, 2000.
  • აჯიაშვილი ჯ., «გამოიღვიძე, ქნარო», თბ., 1992
  • იველაშვილი თ., ცაგარეიშვილი თ., «გვიხმობს მამული მამა-პაპათა», თბ., 1995
  • ბოსტანაშვილი შ., «საქართველოში ებრაელთა დამკვიდრების 26 საუკუნე», თბ., 1998

სქოლიო[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • 3. Skorecki K, Selig S, Blazer S, et al. (1997). "Y chromosomes of Jewish priests". Nature 385 (6611): 32
  • # 4. Behar DM, Metspalu E, Kivisild T, et al. (2008). MacAulay, Vincent. ed. "Counting the founders: the matrilineal genetic ancestry of the Jewish Diaspora". PLoS ONE 3 (4): e2062. Bibcode 2008PLoSO...3.2062B. doi:10.1371/journal.pone.0002062. PMC 2323359. PMID 18446216.
  • # 5. Thomas MG, Weale ME, Jones AL, et al. (June 2002). "Founding mothers of Jewish communities: geographically separated Jewish groups were independently founded by very few female ancestors". American Journal of Human Genetics 70 (6): 1411–1420. doi:10.1086/340609. PMC 379128. PMID 11992249.
  • # 6. Vincenza Battaglia, Simona Fornarino, Nadia Al-Zahery, Anna Olivieri, Maria Pala, Natalie M. Myres, Roy J. King, Siiri Rootsi, Damir Marjanovic, Dragan Primorac, Rifat Hadziselimovic, Stojko Vidovic, Katia Drobnic, Naser Durmishi, Antonio Torroni, Augusta Silvana Santachiara-Benerecetti, Peter A. Underhill, and Ornella Semino. "Y-chromosomal evidence of the cultural diffusion of agriculture in southeast Europe." European Journal of Human Genetics 17 (2009): pages 820-830.