ქართველთა ეთნარქები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქართველთა ეთნარქებილეონტი მროველის მიერ „ქართლის ცხოვრებაში” მოხსენიებულ ლეგენდარულ მამამთავარს თარგამოსს ჰყავდა 8 ძე: ეგროსი; ჰაოსი; ჰეროსი; ბარდოსი; მოვაკანოსი; ლეკანოსი; კავკასოსი და ქართლოსი. აქედან ქართლოსის ძენი იყვნენ გარდაბოსი, კახოსი, კუხოსი, გაჩიოსი, მცხეთოსი. ამ უკანასკნელის - მცხეთოსის ძენი კი - უფლოსი, ოძრხოსი და ჯავახოსი, რომელთაც თავიანთი კუთვნილი მიწა-წყალი მიიღეს მამებისაგან.

ქართლოსს მიუღია თარგამოსისაგან ტერიტორია, რომელსაც აღმოსავლეთით ესაზღვრებოდა ჰერეთი და მდინარე ბერდუჯი, დასავლეთით — პონტოს ზღვა, სამხრეთით — მტკვარ-არაქსის წყალგამყოფი ბამბაკის ქედი, ჩრდილოეთით — ღადოს მთა (კავკასიონის განშტოება); მცხეთოსს — მიწა-წყალი არაგვის დასავლეთით, სპერის ზღვამდე; გარდაბოსის ტერიტორიას აღმოსავლეთით ესაზღვრებოდა მდინარე ბერდუჯი, დასავლეთით — ქ. გაჩიანი, სამხრეთით — მტკვარ-არაქსის წყალგამყოფი ბამბაკის ქედი, ჩრდილოეთით — მტკვარი.

კახოსის მიწა-წყალი ყოფილა კავკასიონსა და კახეთის მთას შორის, არაგვიდან ვიდრე ტყე-ტბამდე; კუხოსისა — არაგვიდან ჰერეთამდე, კახეთის მთასა და მტკვარს შორის; გაჩიოსისა სკვირეთის მდინარიდან, ვიდრე აბოცის თავამდე; უფლოსისა — არაგვიდან ვიდრე ტასისკარამდე და ფარავნამდე; ოძრხოსისა — ტაშისკარიდან სპერის ზღვამდე; ჯავახოსისა — ფარავნიდან მტკვრის სათავემდე.

ლეონტი მროველის მიერ შექმნილი ქართველთა ეთნარქების სქემა მწიგნობრული წარმოშობისაა, რადგან ამ სქემის თანახმად კავკასიაში თავდაპირველად ქართლოსმა მიიღო თავისი წილი მიწა-წყალი, შემდეგ კი ქართლოსის შვილები და შვილიშვილები იღებენ თავ-თავიანთ წილს და ამის გამო ლეონტი მროველის მიერ „ქართლისიანებად“ იწოდებიან. ნ. ბერძენიშვილის დაკვირვებით, მთელ ქვეყანას „ქართლი“ მხოლოდ მისი ერთ სახელმწიფოდ გადაქცევის შედეგად ეწოდა და მანამდე აქ არსებული ხევთა გაერთიანებანი, მეტ-ნაკლებად დიდსა თუ მცირე ტომებად, საკუთარ ინდივიდუალური სახელებს ატარებდნენ (კახები, კუხები, კლარჯები, ვიტერუხები, შავშები, ჯავახები…). ეს ფაქტია არეკლილი ლეონტის ლეგენდაში მცხეთოსის, მისი ძმებისა და შვილების შესახებ.

ქართველ ეთნარქთა სახელებში იმ ჰეგემონ ტომთა სახელები აისახა, რომელთაც „ქართლოსიანებად“ წოდებული ტომები გააერთიანეს კლასობრივი საზოგადოების ჩამოყალიბების გზაზე. ისტორიული პროცესი ლეონტი მროველის მიერ შემუშავებული ქართლოსიანთა სქემის პირუკუ მიმდინარეობდა, რადგან ქართლის ქვეყანა ქართლის სამეფოს სახით ხევების (მცირე სოციალური ორგანიზმების) გაერთიანებიოს შედეგად ჩამოყალიბდა. თვით ხევების გაერთიანების პროცესში ნ. ბერძენიშვილი ორ ეტაპს გამოყოფდა. პირველი ეტაპი იმ მიწა-წყალზე არსებულ ხევთა გაერთიანებას გულისხმობდა, რომელიც ლეონტი მროველის მიერ შემოსაზღვრულ ქართლოსიანთა წილი მიწა-წყლის საზღვრებში იმყოფებოდა, მეორე ეტაპი კი — ისტორიული შიდა ქართლის („ქართლოსიან“ უფროსის წილი მიწა-წყალი) მოსახლე ქართლის ტომის მმართველი სახლის მიერ დანარჩენ „ქართლოსიანთა“ მიწა-წყლის დაპყრობას, რაც ქართლის სამეფოს წარმოქმნას ნიშნავდა ქართლის ქვეყნის სახით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ. 8, თბ., 1975;
  • მამულია გ., კლასობრივი საზოგადოებისა და სახელმწიფოს ჩამოყალიბება ქართლში, თბ., 1979;
  • ფიცხელაური კ., აღმოსავლეთ საქართველოს ტომთა ისტორიის ძირითადი პრობლემები (ძვ. წ. XV—VII სს.), თბ., 1973;