ქანაანელები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქანაანელები — უძველესი სემიტური მოსახლეობა სირია-პალესტინისა და ფინიკიის ტერიტორიაზე ბრინჯაოსა და ადრინდელ რკინის ხანაში. ქანაანელები თავდაპირველად მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდნენ. ბინადარ ცხოვრებაზე გადასვლის შემდეგ ქალაქები დააარსეს. ზოგიერთ ძველ დასახლებას ახალი სემიტური სახელები შეარქვეს — იერიქონი (შეადარეთ ძველი სემიტური მთვარის ღვთაება „იარიხი“; ბიბლოსი იგივე „ბუბლა“ ან „გებალ“ ქანაანურ-სემიტურად „გამაგრებულ ადგილს“, „მხარეს“ აღნიშნავს და სხვა).

ავტოქთონური არასემიტი ტომების დამორჩილების შემდეგ ქანაანური მოსახლეობა გაბატონდა მთელ რეგიონში, რომელსაც ქანაანი უწოდეს. დროთა განმავლობაში მოხდა მოსახლეობის დიფერენცირება, რაც გამოწვეული იყო ერთიანი ქანაანური ენის ცალკეულ დიალექტებად დაყოფით. უძველეს ქანაანურ ფენას ქმნიდნენ ებლაელები (ებლაიტები), მოგვიანებით გამოცალკევდნენ უგარითელები, ამორეველები, ფინიკიელები, ებრაელები, მოაბელები და სხვა. ქანაანელთა მეურნეობის ძირითადი დარგები მიწათმოქმედება და მესაქონლეობა იყო. დიდი ადგილი ეკავა ვაჭრობასა და ხელოსნობას. ქანაანელები სხვადასხვა დროს სხვადასხვაგვარ დამწერლობას იყენებდნენ (ე.წ. სინის დამწერლობას, ეგვიპტურ იეროგლიფებს, აქადურ ლურსმულს). ქანაანელთა თითოეულ თემს, დასახლებას, ტომს თავისი მფარველი ღვთაება ჰყავდა, რომელსაც ბაალი („ბატონი“, „უფალი“) ეწოდებოდა.

მოგვიანებით ტერმინ ქანაანელებს მხოლოდ ფინიკიელთა და ჩრდილოეთ აფრიკაში ფინიკიის კოლონიის მცხოვრებთა აღსანიშნავად იყენებდნენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]