ქავთარ ქაჯიფაისძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქავთარ ქაჯიფაისძეგიორგი V ბრწყინვალის (1318-1346 წწ.) ამირეჯიბი, ფიტარეთის მთავარი ტაძრის განმაახლებელი, ბარათაშვილების საგვარეულოს დამაარსებლის, ბარათა ქაჩიბასძის წინაპარი.

ფიტარეთის (მდებარეობს ქვემო ქართლში, დღევანდელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) მარიამ ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის სამშენებლო წარწერის მიხედვით, გიორგი მეფის ამირეჯიბმა, ქავთარ ქაჯიფაისძემ, ომში “მონაგებითა საფასითა” (ნადავლი ქონებით) ააშენა ფიტარეთის ტაძარი, იყიდა ორი სოფელი - თევდორეწმინდანი და ტანძია და შესწირა ისინი ფიტარეთის მონასტერს. წარწერა, როგორც ეტყობა, იმ მიზნით, რომ უკეთ შემონახულიყო, ამოჭრილია ტაძრის სამხრეთი კარიბჭის შიგნითა კედელზე და გადანაწილებულია რამდენიმე ქვაზე. აშკარაა, წარწერა არ არის ტაძრის თანადროული და იგი შესრულებულია უკვე აშენებულ კედელზე. როგორც ტაძრის აღდგენა, ასევე მისთვის სოფლების შეწირვა დაკავშირებული ჩანს მონასტრის ქაჯიფაისძის საგვარეულოსათვის გადაცემასთან. ამ დროისათვის, როგორც ჩანს, ფიტარეთის ტაძარი დაზიანებული იყო და ახალ მფლობელს იგი აღუდგენია (ძველ ქართულში „შენება“ განხლებასაც ნიშნავდა). ამასთან, წარწერის შინაარსი, კერძოდ, ფიტარეთისათვის სოფლების შეწირვის ფაქტი იმის მაუწყებელია, ფიტარეთის მონასტერი ამ დროს მოქმედი იყო და მატერიალურ დახმარებას საჭიროებდა.

ქაჯიფაისძე-ქაჩიბასძეები დასავლეთ საქართველოდან ჩანან მოსული ქვემო ქართლში. ქავთარ ქაჩიბაისძე//ქაჯიფოისძე, მართლაც, ახალი მოსული ჩანს ქართლში და იწყებს ფეოდალური მამულის დაფუძნებას - იძენს საგვარეულო მონასტერს, ყიდულობს სოფლებს და სხვ. ამ საგვარეულოს შთამომავალია ალექსანდრე I-ის (1412-1442 წწ.) თანამედროვე ბარათა ქაჩიბაძე, რომლის ერთ-ერთი შვილის, ბარათას სახელის მიხედვით, საგვარეულო ბარათაშვილთა სახელით განაგძობს არსებობას და გაბატონებულ მდგომარეობას აღწევს ქვემო ქართლში.

ფიტარეთის ტაძარი XII-XIII საუკუნის მიჯნით თარიღდება. იგი განეკუთვნება ბეთანია-ქვათახევის ხუროთმოძღვრული ძეგლების ჯგუფს. ტაძრის გარეპერანგი ამოყვანილია ფერადი ქვებით და შემკულია ნატიფი ჩუქურთმებით. როგორც ქაჯიფაისძის წარწერა იუწყება, ფიტარეთი XIV საუკუნიდან გამხდარა ბარათაშვილების საგვარეულო საძვლე, ხოლო XVII საუკუნის მიწურულს კი იგი ყაფლანისშვილების (ბარათაშვილების ერთ-ერთი განშტოება) ხელში გადავიდა. ფიტარეთის კუთვნილი სოფელი ტანძია, რომელიც ქავთარ ქაჯიფაისძემ შესწირა ფიტარეთის მონასტერს, ყაფლანისშვილ-ორბელისშვილების რეზიდენცია გახდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ე. თაყაიშვილი, სომხით-საორბელოს წარწერები, პარიზი, 1929.
  • ვ. სილოგავა, ქვემო ქართლის წარწერები, დმანისი II, გამომცემლობა `მეცნიერება,~ თბ, 2000.
  • პ. ზაქარაია, ქართული ცენტრალურგუმბათიანი არქიტექტურა, XI-XVIII სს, გამომცემლობა `ხელოვნება~, თბ, 1978.
  • ი. ციციშვილი, ქართული არქიტექტურის ისტორია, გამომცემლობა `ხელოვნება,~ თბ, 1945.
  • ვ. ბერიძე, ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, გამომცემლობა `ხელოვნება,~ თბ, 1974.
  • გ. მჭედლიძე, `შუენიერნაშენი, გუმბათიანი~ (ფიტარეთის მონასტრის ისტორია), დიდგორი, გამომცემლობა `მეცნიერება,~ თბ, 1991.
  • გ. მჭედლიძე, ფიტარეთის მონასტრის ისტორიიდან (ფიტარეთის მონასტრის საფლავის ქვების წარწერები). მრავალთავი XVIII, თბ, 1999.