ფსიქე (მითოლოგია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეროსი და ფსიქე, ანტონიო კანოვას ნამუშევარი. 1808.

ფსიქე, ფსიქეა (ძველბერძ. Ψυχή — სული, სუნთქვა) — ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ადამიანის სულის განსახიერება. წარმოდგენილი ჰყავდათ როგორც პეპელა, ან მშვენიერი, ნაზი (პეპლისფრთიანი) ქალწული. ეროსის სატრფო. მითის სხვადასხვა ვერსიით, ეროსი ხან მისი მიჯნურია, ხან მისი მტანჯველი (ჩირაღდნის ალზე წვავს, ფრთებს აძრობს და სხვა). ლუციუს აპულეიუსმა თავის „მეტამორფოზებში“ შეაერთა ამ მითის სხვადასხვა ელემენტი და შექმნა მშვენიერი ზღაპარი (პლატონის ალეგორიების მსგავსად) ადამიანის სულის ბედზე, რომელიც მრავალ განსაცდელს უძლებს და განწმენდილი უკვდავებას აღწევს. ნოველის მიხედვით, ფსიქე მეფის ასულია, რომელსაც ეროსი გაუმიჯნურდა ისე, რომ ფსიქემ არ იცოდა ვინ იყო მისი სატრფო. შურიანი დების შთაგონებით ფსიქე გადაწყვეტს, იხილოს სატრფოს სახე, რის გამოც მას ეროსი დასჯის და მიატოვებს. ფსიქე მრავალ ტანჯვას და განსაცდელს უძლებს ეროსის ძებნაში, საბოლოოდ კი ცოდვებისგან განწმენდილი, თავისი სიმტკიცითა და ერთგულებით მარადიულად უერთდება ეროსს. მათი სიყვარულის ნაყოფს — ასულს — ბედნიერება ჰქვია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]