ფრანც ბოასი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფრანც ბოასი

ფრანც ბოასი (გერმ. Franz Boas, დ. 9 ივლისი, 1858, მინდენი — გ. 21 დეკემბერი, 1942, ნიუ-იორკი) — თანამედროვე ანთროპოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი („ამერიკული ანთროპოლოგიის მამა“). მან საფუძველი ჩაუყარა ისტორიული ეთნოლოგიის სკოლას და განსაზღვრა ამერიკული ანთროპოლოგიური აზრის განვითარება XIX საუკუნის მიწურულიდან XX საუკუმის შუა ხანებამდე („ეთნოლოგიის არქიტექტორი“).

ბოასის გავლენა მრავალმხრივი იყო — ინსტიტუციონალური, ინტელექტუალური და პიროვნული. ტაილორისა და დირკჰაიმის მსგავსად მან გადამწყვეტი როლი ითამაშა ანთროპოლოგიის აკადემიურ დისციპლინად ჩამოყალიბებაში. ასოციაციებისა და ჟურნალების დაარსებაში.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ფრანც ბოასი დაიბადა 1858 წლის 9 ივლისს, ვესტფალიაში (ახლანდელ ჩრდილოეთ-დასავლეთ გერმანიაში), ქ. მინდენში; მდიდარ ებრაულ ოჯახში. მის ოჯახურ გარემოცვაში, როგორც თავად წერდა, 1848 წლის რევოლუციის იდეები — საყოველთაო საარჩევნო უფლება, პრესის თავისუფლება და ლიბერალურ-დემოკრატიული იდეები — აქტუალური იყო. რაც შეეხება მისი მშობლების რელიგიურ მრწამსს, იგი აღნიშნავდა, რომ მათ შეინარჩუნეს ემოციური კავშირი იუდაიზმთან ისე, რომ მან ვერ იქონია გავლენა მათ ინტელექტუალურ თავისუფლებაზე. როგორც თავად ბოასი აღნიშნავდა, ამ გარემოებებმა განსაზღვრა მისი ანთროპოლოგია და სოციალური აქტივობა.

ბოასმა თავდაპირველი განათლება მშობლიურ ქალაქში მიიღო, ხოლო შემდეგ სხვადასხვა უნივერსიტეტებში სწავლობდა ფიზიკას, მათემატიკასა და გეოგრაფიას. ბოასმა დოქტორის ხარისხი 1881 წელს, 23 წლის ასაკში, ფიზიკაში მიიღო. მისი სადოქტორო ნაშრომი წყლის ფერს ეხებოდა.

ერთწლიანი სამხედრო სამსახურის შემდეგ ბოასს სურდა ადამიანთა საზოგადოებების შესწავლა, მაგრამ არ გააჩნდა ფინანსური მხარდაჭერა. რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, 1883 წლის ივნისშიიგი შეუერთდა გერმანულ ექსპედიციას არქტიკაში. იგი მიზნად ისახავდა ინუიტების (ესკიმოსების) საზოგადოების შესწავლას იმის დასადგენად, თუ რამდენად იყო შესაძლებელი ხალხის ცხოვრებისა და გარემოს ურტიერტმიმარტების განსაზღვრა ერთი კონკრეტული და არცთუ მარტივი მაგალითის გამოკვლევით. მან 1 წელი გაატარა ბაფინის კუნძულზე კანადის არქტიკაში და 50º ყინვის პირობებში ბაფინის სანაპიროს მთელ ხაზზე შეაგროვა ინუიტების ლეგენდები. შეისწავლა მათი რიტუალები და ცერემონიები. საბოლოო ჯამში, ბოასი უკმაყოფილო იყო თავისი ეთნოგრაფიული გამოკვლევით და მას „უმნიშვნელოდ“ მიიჩნევდა და „იმედგაცრუებას“ უწოდებდა. თუმცა აღიარებდა, რომ არქტიკაში გატარებულმა 1 წელმა დიდი გავლენა იქონია მისი შეხედულებების ფორმირებაზე.

არქტიკიდან დაბრუნების შემდეგ ფრანცმა რამდენიმეჯერ წარუმატებლად სცადა სამსახურისა და სტიპენდიის მოპოვება ა.შ.შ.-ში. 1886 წლის შემოდგომაზე ის ბრიტანეთის კოლუმბიის სამხ. ნაწილში მუშაობდა ჟურნალისათვის „კანადის გეოლოგიური მიმოხილვა“. იქ მან მცირე გამოკვლევა ჩაატარა კუნძულ ვანკუვერის მოსახლეობაში. 1887 წელს ბოასი ნიუ-იორკში დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო რედაქტორის ასისტენტის თანამდებობაზე ჟურნალში „მეცნიერება“ (Science), დაქორწინდა და მიიღო მოქალაქეობა.

1888 წელს მეცნიერების განვითარების ბრიტანულმა ასოციაციამ (British Association for Advancemenent of Science) თხოვნით მიმართა ბოასს. შეეგროვებინა ეთნოგრაფიული მასალა ჩრ.-დას. სანაპიროდან. პირველი წარმატებული ექსპედიციის შემდეგ, 1889 წელს, ამავე ასოციაციამ დააფინანსა მეორე საველე კვლევა ჩრ.-დას. სანაპიროზე, რომლის დროსაც ბოასმა შეისწავლა ადგილობრივი ენები, შეაგროვა ანთროპომეტრული მონაცემები და შეისწავლა სოციალური ორგანიზაციის ფორმები კვაკიუტლისა და ციმშიანის ტომებში. 1889 წელს ბოასმა სწავლება დაიწყო კლარკის უნივერსიტეტში, სადაც მისი ხელმძღვანელობით პირველად მიანიჭეს დოქტორის ხარისხი ანთროპოლგიაში. 1992 წელს კლარკის უნივერსიტეტში არსებული ფინანსური სირთულეების გამო ბევრმა თანამშრომელმა, მათ შორის ბოასმაც, დატოვა ის.

1895 წელს ფრანცმა თანამდებობა მიიღო ბუნებრივი ისტორიის ამერიკულ მუზეუმში. 1896 წელს მან კოლუმბიის კოლეჯში ფიზიკური ანთროპოლოგიის სწავლება დაიწყო. 1899 პროფესორის თანამდებობა მიიღო კოლუმბიის უნვერსიტეტში. 1900 წელს კი არჩეულ იქნა მეცნიერებათა ნაციონალურ აკადემიაში. მან ხელი შეუწყო ამერიკის ანთღოპოლოგიური ასოციაციის ჩამოყალიბებას და განაახლა ჟურნალი „ამერიკული ანთროპოლოგი“ (American Anthropologist). 1917 მან დააარსა „ამერიკული ლინგვისტიკის საერთაშორისო ჟურნალი“, რომელიც დღესაც გამოდის. ხელი შეუწყო არქეოლოგიური სკოლის დაარსებას მეხიკოში. გარდა ამისა, ხელმძღვანელობდა ექსპედიციებს ჩრ.-დას. სანაპიროზე და სისტემატურად აქვეყნებდა ნაშრომებს.

ბოასს 6 წიგნი და 700-ზე მეტი სტატია ეკუთვნის. მისი ნაშრომების უმრავლესობა არქტიკისა და ჩრ.-დას.-ის სანაპიროს გამოკვლევას ეხება. მან უდიდესი წვლილი შეიტანა ენის კვლევაშიც. 4 ათწლეულის მანძილზე ის ორ სემინარს ატარებდა კოლუმბიის უნივერსიტეტშჳ: პირველი ეხებოდა სტატისტიკურ მეთოდებს, ხოლო მეორე — ჩრ. ამერიკის ინდიელთა ენებს. მან შეიმუშავა სამუშაო გეგმა, რომელიც ადგილობრივი ამერიკული ენების შესწავლას ისახავდა მიზნად.

ფრანც ბოასი გარდაიცვალა 1942 წლის 21 დეკემბერს, ქალაქ ნიუ-იორკში.