ფრანს ჰალსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ავტოპორტრეტი

ფრანს ჰალსი (დ. 1581 და 1585 შორის, ანტვერპენი — გ. 26 აგვისტო, 1666, ჰარლემი), ჰოლანდიელი ფერმწერი. ფლამანდიელი ფეიქრის შვილი. ცხოვრობდა ჰარლემში. 1616 მოინახულა ანტვერპენი. სწავლობდა კ. ვან მანდერთან (1600-1603), 1610-იდან ოსტატი.

ჰალსის ხელოვნებისათვის დამახასიათებელია დემოკრატიზმი, ხალხური ტიპებისადმი ცხოველი ინტერესი, ასახა ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ჰოლანდიელი ხალხის სულიერი სიმტკიცე; ჰოლანდიური ხელოვნება გაამდიდრა ადამიანთა გრძნობების გამოსახვისა და მოდელის შინაგანი სამყაროს ჩვენების საშუალებებით; იყენებდა თავისუფალ, ტემპერამენტულ მონასმებს. ადრინდელი პერიოდის ნამუშევრებში („წმინდა გიორგის მსროლელთა ასეულის ოფიცერთა ბანკეტი“, 1616, ფ. ჰალსის მუზეუმი, ჰარლემი) ნიშანდობლივია თბილი ტონებისაკენ სწრაფვა, მძიმე, მსუყე მონასმების საშუალებით ფორმათა გულდასმითი მოდელირება. 1620-იან წლებში პორტრეტებთან ერთად ხატავდა ჟანრულ სცენებსა და ცალკეულ რელიგიურ კომპოზიციებს („ლუკა მახარებელი“, „მათე მახარებელი“, დაახლოებით 1623-1625, დასავლეთ ევროპისა და აღმოსავლეთის ხელოვნებუს მუზეუმი, ოდესა). 1620-1630-იანი წლებში პორტრეტებში ჰალსმა შექმნა ჰოლანდიური ტიპების საინტერესო გალერეა, გააფართოვა მოდელების სოციალური წრე.

"წმინდა გიორგის მსროლელთა ასეულის ოფიცერთა ბანკეტი"
„ვ. ვან ჰეიტჰეიზენის“ პორტრეტი

ბურჟუაზიის წარმომადგენლებიდან („ვ. ვან ჰეიტჰეიზენი“, დაახლოებით 1625-1636, სახელმწიფო მუზეუმი, ვადუცი) დეკლასირებულ ელემენტებამდე, რომლებიც წარმოსახა როგორც ხალხის ენერგიის ნამდვილი მატარებელნი („ბოშა ქალი“, ლუვრი, პარიზი; „მულატი“, სახვითი ხელოვნების მუზეუმი, ლაიფციგი, - ორივე - დაახლოებით 1630). ამავე პერიოდში მხატვარმა ჯგუფური პორტრეტის რადიკალური რეფორმა მოახდინა, უარყო კომპოზიციათა პირობითობა და ნაწარმოებებში შეიტანა ცხოვრებისეული სიტუაციები ("წმინდა ადრიანის მსროლელთა ასეულის ოფიცერთა ბანკეტი", დაახლოებით 1623-1627, ფ. ჰალსის მუზეუმი, ჰარლემი და სხვ.). 1640-იანი წლები პორტრეტებში ღრმავდება ფსიქოლოგიური დახასიათება ("წმინდა ელისაბედის ჰოსპიტლის რეგენტები", 1641, იქვე; ახალგაზრდა კაცის პორტრეტი, დაახლოებით 1642-1650, ერმიტაჟი, სანქტ-პეტერბურგი დ სხვ.). ამ ნამუშევრების კოლორიტი უკვე მოვერცხლისფრო-რუხი ტონალობისაა. ჰალსის გვიანდელი ნამუშევრები შესრულებულია ძალზე თავისუფალი მანერით და გადაწყვეტილია ძუნწი ფერადოვანი გამით, აგებულია შავ-თეთრი ფერების კონტრასტებზე ("შავტანსაცმლიანი კაცი", დაახლოებით 1650-1652, ერმიტაჟი, პეტერბურგი და სხვ.); ზოგიერთ მათგანში იგრძნობა ღრმა პესიმიზმი ("მოხუცებულთა თავშესაფრის რეგენტები", 1664, ფ. ჰალსის მუზეუმი, ჰარლემი).

ჰალსი გარდაიცვალა სიღარიბეში, დავრდომილთა სახლში. იგი ევროპული რეალისტური მხატვრობის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელია; მის შემოქმედებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჰოლანდიური ფერწერის შემდგომი განვითარებისათვის. მისი გავლენა განიცადეს ა. ბრაუერმა, ძმებმა ა. და ი. ოსტადეებმა, ი. სტენმა და სხვებმა.

ლიტერატურა[რედაქტირება]