ფრაზეოლოგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფრაზეოლოგია (ბერძ. φρασεολογισμός) — არის ენათმეცნიერების დარგი, რომელიც შეისწავლის მყარ შესიტყვებებს, მათ წარმოშობა-განვითარებასა და ფუნქციონირებას ენის სისტემაში. მასში მოიაზრება ამა თუ იმ ენის მტკიცედ ჩამოყალიბებული გამონათქვამები, სიტყვათა თავისებური დაკავშირება. ასევე ამა თუ იმ მწერლის, ორატორის, ლიტერატურული მიმართულების, საზოგადოებრივი ფენისა და მისთანებისთვის დამახასიათებელი სტილისტური ხერხების ერთობლიობა.

საყოველთაოდ ცნობილია ფრაზეოლოგიის როლი და ადგილი ამა თუ იმ ენაში და ასევე ის ფაქტი, რომ ის, როგორც უჩვეულო ენობრივი მოვლენა, ენათმეცნიერთა მუდამ განსაკუთრებული ინტერესის და კვლევის საგანს წარმოადგენს. დღემდე ვერ ხერხდება და დიდ სირთულესთან არის დაკავშირებული მისი ზუსტი და ცალსახა კლასიფიცირება, რადგან მრავალი განსხვავებული, ხშირ შემთხვევაში ურთიერთგამომრიცხავი (და ზოგჯერ სრულიად მიუღებელიც) მოსაზრება არსებობს ენათმეცნიერთა შორის. მიუხედავად ენათმეცნიერთა დიდი მცდელობისა, ის ჯერ კიდევ არასაკმარისად არის შესწავლილი და გაანალიზებული. „უფრაზეოლოგიოდ, მხოლოდ ცალკეული სიტყვების მეშვეობით ძნელი, ზოგჯერ კი შეუძლებელიც კი იქნებოდა ადამიანის აზრის ნიუანსების მთელი სიმდიდრე გამოგვეხატა“ ფრაზეოლოგია მ. მიხელსონის წიგნში სამი გაგებითაა წარმოდგენილი:

  • ზოგადი გაგებით — მეცნიერება ან მეცნიერული დისციპლინა მეტყველების შესახებ.
  • ვიწრო გაგებით — მწერლის ენის განმსაზღვრელი ხერხებისა და მეთოდების თავმოყრა.
  • ფართო გაგებით — ერის მეტყველების ხერხების, მეთოდებისა და კანონების თავმოყრა.

ერთი და იმავე მასალის აღმნიშვნელად, დღეს ერთმანეთის გვერდით იხმარება სხვადასხვა ტერმინი: ფრაზეოლოგიური ერთეული, ფრაზეოლოგიური გამოთქმა, შტამპი, მყარი გამოთქმა, სტერეოტიპული გამოთქმა, იდიომი- მეტაფორული, ხატოვანი გაქვავებული და ა.შ.

ფრაზეოლოგიის შესასწავლი ობიექტის შედარებით სწორი გაგება მოცემული აქვს ვ. ვინოგრადოვს. მისი განმარტებით, ფრაზეოლოგიური მასალები სამ დიდ ჯგუფად იყოფა. ესენია: ფრაზეოლოგიური შენაზარდები, ფრაზეოლოგიური მთლიანობები და ფრაზეოლოგიური შესიტყვებები. ფრაზეოლოგიურ ფონდში ადვილია გამოვყოთ აბსოლუტურად დაუშლელ შესიტყვებათა ტიპები, რომელთა მნიშვნელობა არ არის დამოკიდებული კომპონენტების მნიშვნელობაზე. ასეთი ერთეულები ფრაზეოლოგიურ შენაზარდებად იწოდება. მოვიყვანთ ქართულ მაგალითებს: „ჩაილურის წყალი დალია,“ „ყურებზე ხახვი არ დამაჭრა,“ „თვალს წყალი დაალევინა“ და ა.შ. შენაზარდების ჯგუფში მოქცეულ ერთეულთათვის, ზოგჯერ დამახასიათებელია ლექსიკური და გრამატიკული არქაიზმები. მაგრამ ეს არაა არსებითი, იგი გამოთქმათა მცირე ჯგუფში გვხვდება.

ფრაზეოლოგიურ შენაზარდებთან ვ. ვინოგრადოვის აზრით ხატოვანი გამოთქმების დიდი ჯგუფი დგას და მას ფრაზეოლოგიური მთლიანობები ჰქვია. მაგ: კბილი დაასო, სახე ჩამოსტირის, ტუჩებზე დედის რძე არ შეშრობია და.ა.შ. აქ ზოგადი მნიშვნელობა დაკავშირებულია კომპონენტების პირდაპირ მნიშვნელობათა შეგრძნებასთან, მათ „პოტენციურ აზრთან“ როგორც განხილულიდან ჩანს, ამ ჯგუფის ძირითადი მასისათვის დამახასიათებელია ხატოვნება.ფრაზეოლოგიურ მთლიანობათა გვერდით გამოდიან შედარებით ანალიზური ტიპის შესიტყვებანი, რომლებშიც კომპონენტების ინდივიდუალობა კი არ ინთქმება მთელის მნიშვნელობით, არამედ განისაზღვრება შედარებით გამოკვეთილად. ეს არის ეგრეთ წოდებული ფრაზეოლოგიური შესიტყვებები. მაგ: „ფიცს დებს,“ „სირცხვილი ჭამა,“ „მოთმინება დაკარგა“ და ა.შ.მოტანილი იყო მაგალითები ვინოგრადოვის კლასიფიკაციის მიხედვით:

  • ფრაზეოლოგიური შენაზარდები (Phraseologische Zusammenbildungen)
  • ფრაზეოლოგიური მთლიანობანი (Phraseologische Einheiten.)
  • ფრაზეოლოგიური შესიტყვებები. (Phraseologische Verbindungen.)

არსებობს სხვა ავტორების კლასიფიკაციებიც, მაგ: გამრეკელი, ჰოფმანი, ქადაგიძე:

  • იდიომები (შესიტყვებები, მთლიანობანი) (Idiome,Zusammenbildungen, Einheiten)
  • ფრაზეოლოგიური შესიტყვებანი. (Phraseologische Fügungen.)

აგრიკოლა:

  • მარტივი ფრაზეოლოგიური შესიტყვებები (Einfache phraseologische Verbindungen)
  • სიტყვათა წყვილები (Wortpaare)
  • ფრაზეოლოგიური მთლიანობანი (Phraseologische Einheiten)
  • იდიომები (Idiome).

ბინოვიჩი, გრიშინი, ჩერნიშევა:

  • ფრაზეოლოგიური მთლიანობანი (Phraseologische Einheite)
  • ფრაზეოლოგიური შესიტყვებები (Phraseologische Verbindungen)
  • ფრაზეოლოგიური გამონათქვამები (ანდაზები, ანდაზური თქმები, ექსპრესიულ-ემოციური გამოთქმები) Phraseologische Ausdrücke (Sprichwörter,sprichwörtliche Redensarten, feste Wendungen)

თავად ვინოგრადოვიც მიდის იმ დასკვნამდე, რომ ფრაზეოლოგიურ შენაზარდსა და მთლიანობას შორის რაიმე განსხვავება არ არსებობს. „ფრაზეოლოგიურ შენაზარდსა და მთლიანობასთან საქმე გვაქვს, არა როგორ სხვადასხვა მოვლენასთან, არამედ როგორც ერთი და იმავე მოვლენის განვითარების სხვადასხვა საფეხურთან“ ლოგიკურად მყარი შესიტყვების ეს ორი ტიპი გაერთიანდა და მათ იდიომი ეწოდა. აქედან გამომდინარე, ფრაზეოლოგია წარმოგვიდგება ორ ჯგუფად: ერთია იდიომები და მეორე — ფრაზეოლოგიური შესიტყვებები.