ფლუვიოგლაციალური ნალექები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კამური ტერასები

ფლუვიოგლაციალური ნალექები (ლათ. fluvius – დინება და glacialis – ყინული) — მყინვარების დნობით წარმოქმნილი ნაკადების ნალექები — კაჭარშერეული ქვიშა, კენჭი, ხრეში, აგრეთვე ქვიშნარი და თიხნარი. დამახასიათებელია ფენობრივი, შედარებით უხეში შედგენილობა. ქმნის ფართო აკუმულაციურ ზედაპირებს — ზანდრულ ვაკეებს, რომელიც შედგება კენჭის, ხრეშისა და ქვიშისგან. ზანდრული ვაკე ჩვეულებრივ წარმოიქმნება გამოზიდვის კონუსების შერწყმის შედეგად, რომელიც წარეცხილია ფლუვიოგლაციალურ დელტებში არსებული მორენული მასალით.

ზანდრული ვაკეები ფართოდ არის გავრცელებული ისლანდიაში, ხოლო უძველესი ზანდრები დანიაში, აღმოსავლეთ ევროპის ვაკეზე, დასავლეთ ციმბირში. ფლუვიოგლაციალურ ნალექებს ახასიათებს ირიბი შრეებრიობა, მასალა სუსტადაა დახარისხებული და ნაკლებადაა დამრგვალებული. გავრცელებულია ძველი კონტინენტური გამყინვარების არეებსა და მთებში. განარჩევენ ფლუვიოგლაციალური ნალექების ორ ტიპს: მყინვარისპირასა და შიგამყინვარულს. პირველი ილექება მყინვარის შუბლის წინ, მისი კიდეებიდან გამომდინარე ნაკადებიდან და წარმოქმნის ზანდრებსა და ფლუვიოგლაციალურ ტერასებს, აგრეთვე მარგინალურსა და რადიალურ ოზებს; მეორე — მყინვარისქვეშა წყლებიდან და აჩენს რელიეფის თავისებურ ფორმებს: ოზებსა და კამებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Гляциологический словарь. - Л.: Гидрометеоиздат, 1984.