ფიტარეთის მონასტერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფიტარეთის ღვთისმშობლის ტაძარი
Phitareti.jpg

ფიტარეთის მონასტერი მდებარეობა საქართველო

Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°28′44″ ჩ. გ. 44°19′11″ ა. გ. / 41.47889° ჩ. გ. 44.31972° ა. გ. / 41.47889; 44.31972
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია ქვემო ქართლი
რაიონი თეთრი წყარო
ადგილმდებარეობა ხრამის ხეობა
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი ჯვარ-გუმბათოვანი
თარიღდება 1213-1222
დეტალები
გუმბათი 1

ფიტარეთის მონასტერი — მონასტერი საქართველოში, მდებარეობს ქვემო ქართლის მხარის თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მდინარე ქციის ხეობაში. თბილისიდან 100 კმ.-ის დაშორებით, თეთრი წყაროდან სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით 12 კმ-ში. მონასტერი მოქმედია, შედის მანგლისისა და წალკის ეპარქიის დაქვემდებარებაში. მონასტრის აშენება ლაშა-გიორგის მეფობის პერიოდს უკავშირდება და 1213-1222 წლებით თარიღდება. სამონასტრო კომპლექსის შემადგენლობაში შედის: ეკლესია, სამრეკლო, მარანი, გალავანი, ბაქანი, საძვალე და სხვადასხვა სამეურნეო დანიშნულების შენობათა მეტ-ნაკლებად დაზიანებული ნაგებობები.

მონასტრის მთავარი წარწერიდან ირკვევა კომპლექსი XIV საუკუნეში აღუდგენია გიორგი ბრწყინვალის ამირეჯიბს ქავთარ ქაჯიფაისძეს, რომელიც ბარათაშვილების წინაპარი იყო. სამონასტრო კომპლექსი შემდეგი საუკუნეების მანძილზეც სწორედ ბარათაშვილ-ორბელიანთა (ორბელიშვილთა) საკუთრება იყო. მონასტერი მათ საძვალე სასაფლაოდ ითვლება, რადგან აქ დასაფლავებულია ამ საგვარეულოს რამდენიმე წარმომადგენელი.

მდებარეობა[რედაქტირება]

მონასტერი ღრმა ხეობაში დგას და მაღალი მთებითაა შემოსაზღვრული. ტაძრის სამხრეთ-დასავლეთით არსებულ რელიეფზე სოფელი ყოფილა შეფენილი, სადაც ძველი, მცირე მასშტაბის ნასახლარების ნაშთებიღაა შემორჩენილი.

ვახუშტი ბაგრატიონი მონასტრის მდებარეობის შესახებ წერს:

ვიკიციტატა
„„...არს მონასტერი ფიტარეთს, შუენიერნაშენი; გუმბათიანი, შუენიერს ადგილს. ზის წინამძღუარი. მის ქუეით ერთვის ქციას ფოცხვერიანის - ხევი, ვენახიანი, ხილიანი...“[1]

სამონასტრო კომპლექსის მთავარი ნაგებობაა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, გარდა ამისა სამონასტრო კომპლექსის შემადგენლობაში შედის: სამრეკლო, მარანი, გალავანი, ბაქანი, საძვალე და სხვადასხვა სამეურნეო დანიშნულების შენობათა მეტ-ნაკლებად დაზიანებული ნაგებობები. კომპლექსს შემოვლებული აქვს ორი გალავანი – ძველი და ახალი, რომელთაგან ახალი, სათოფურებიანი უკეთ არის შემონახული და XVII-XVIII სს. თარიღდება, ხოლო ძველი XII-XIII სს. განეკუთვნება და მისი დიდი ნაწილი დაზიანებულია.[2]

აშენების თარიღი[რედაქტირება]

დახვეწილი ფორმებისა და შესანიშნავი რელიეფებით შემკული ეკლესიის აგების თარიღთან დაკავშირებით თითქმის მთელი საუკუნის განმავლობაში (XIX-XX სს.) არამართებული დასკვნა არსებობდა. ტაძარს XIV საუკუნით ათარიღებდნენ, რაც კარიბჭის შიდა კედელზე მოთავსებულ ასომთავრულ წარწერაში, მოხსენიებულ მეფეთ-მეფე გიორგის — გიორგი V ბრწყინვალესთან (1318-1346 წწ.) გაიგივების ტრადიციით იყო განპირობებული. ეკლესიის აგების ზუსტი თარიღი, ცოტა მოგვიანებით, პირველად დაადგინა აკად. გიორგი ჩუბინაშვილმა. მან ტაძრის სტილისტური ანალიზის საფუძველზე დაასაბუთა, რომ ფიტარეთი XII-XIII საუკუნეთა მიჯნას განეკუთვნება. საბოლოოდ მისი აშენება თამარის შემდეგ ლაშა-გიორგის მეფობის პერიოდს დაუკავშირეს და 1213-1222 წლებით დაათარიღეს.[2][3]

მონასტრის ისტორია[რედაქტირება]

XIII საუკუნის დასაწყისში აშენებული მონასტერი, როგორც მონასტრის მთავარი წარწერიდან ირკვევა კომპლექსი XIV საუკუნეში აღუდგენია გიორგი ბრწყინვალის ამირეჯიბს ქავთარ ქაჯიფაისძეს, რომელიც ბარათაშვილების წინაპარი იყო.[2].

XVI საუკუნის პირველ ნახევარში ფიტარეთი გიორგი ბარათაშვილს ეკუთვნოდა, 1536 წლიდან ორბელ ბარათაშვილს, რომლის მემკვიდრეს ყაფლან ორბელის შვილს 1627-1671 წლებში, ქართლის მდივანბეგსა და სახლთუხუცესს, დავა ჰქონია მონასტრის გამო მეჯინიბეთუხუცეს პაატა გერმანოზის ძე ბარათაშვილთან (გერმანოზიშვილების წინაპარი). დავა ყაფლანის სასარგებლოდ გადაწყვეტილა.

XVII-XVIII სს. მიჯნაზე აუგიათ მონასტრის მარანი, რომელიც მის წინამღძვარს იობ ფიტარეთელს მიეწერება. ახალი შენობა არა მარტო მარნის, არამედ საცხოვრებელისა და თავდაცვით ფუნქციებსაც ასრულებდა. იმ დროიდან მტერთა გახშირებული თარეშის გამო ფიტარეთი დაცარიელდა. ძველ მემატიანეთა უწყებით ფიტარეთი ლეკებსაც კი დაურბევიათ. 1752 წ.

ვიკიციტატა
„„აიღეს ციხე ფიტარეთისა ლეკთა და იავარჰყვეს საქონელი ურიცხვი საყდრისა, წაასხეს ტყვე ფრიადი.“[4]

ამ პერიოდისათვის მონასტერი თავდაცვით ფუნქციასაც ასრულებდა, მისი ქვისგან ნაგები გალავანი ციხის ზღუდედ ითვლებოდა. ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით XVIII ს. შუა წლებში ფიტარეთში ჯერ კიდევ იყო წინამძღვარი, შემდეგ ხანაში კი გაუკაცრიელებულ მონასტერს და მთელ ამ მხარეს მკვიდრი მოსახლე კარგა ხანს ვერ დაუბრუნდა.

ჩვენამდე მოღწეული ცნობებით განსაკუთრებით XVII-XVIII სს. მიჯნაზე, 1696-1730 წლებში მონასტერს გამორჩეული წინამძღვარი — იობი ჰყოლია. იგი ვახტანგ VI-თან და სულხან-საბა ორბელიანთან ძალზედ დაახლოებული პირი ყოფილა. ფიტარეთის მონასტერს ადრიდანვე მდიდარი ბიბილიოთეკა ჰქონდა. მტერთა ამაოხრებელ თარეშს გადაურჩა სახარება, რომელიც ასლან ორბელაშვილმა და მისმა მეუღლემ თამარ დიასამიძემ 1673 წელს დაამზადებინეს იესე ბედისმწერლიშვილს და მონასტერს შესწირეს. ხელნაწერთა ინსტიტუტში ასევე დავანებულია ფიტარეთის ძლისპირები, - გადაწერილი XVII საუკუნეში ფიტარეთის ძველ საგალობელთა კრებულიდან, რომელშიც შემონახულისა ნევმატური ნიშნები, რასაც ძველი ქართული სანოტო სისტემის შესწავლისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

XVIII საუკუნის I ნახევრიდან დაწყებული ჯერ ოსმალობამ და მერე ყიზილბაშობამ მთლიანად ააოხრა ქართლი, საბარათიანო მოიშალა და გაპარტახდა, ამას თან დაერთო საბარათიანოს ტერიტორიაზე მიმდინარე შინაფეოდალური ომები. ლეკების გაუთავებელმა ლაშქრობამ კი საბოლოოდ დაამთავრა სომხით-საბარათიანოს განადგურება. ამ პერიოდში აოხრდა ფიტარეთის მონასტერიც, ლეკის ჯარი ფიტარეთის მონასტრის ციხეშიც კი მდგარა.[4]. ფიტარეთის უკანასკნელი წინამძღვარი თბილისში გადავიდა საცხოვრებლად. XVIII საუკუნის II ნახევრიდან ფიტარეტის ტაძარი გაუქმებულა, ხოლო ფიტარეთის სამონასტრო სენიორია დაცარიელებულია და მიტოვებულია.

XX საუკუნის დასაწყისში მღვდელი ზაქარია გულისაშვილი გულისტკივილით მოგვითხრობს ფიტარეთის მწარე ბედის შესახებ: „ეს სამონასტრო კომპლექსი ბეზაკ ორბელიანს მიუყიდია ვიღაც რუსისათვის 300 თუმნად. იმ რუსმა პეტერბურგშივე ეს მონასტერი მიჰყიდა ვიღაც თაიროვს. ეს თაიროვი გამხდარა ბატონ-პატრონი აქაურობისა. მის მოურავს სომეხ ასატურას ფიტარეთის დანგრევაც მოუნდომებია, მაგრამ აღარ შეუსრულებია, ჩვენდა საბედნიეროდ, თავისი ბოროტი დანაქადნი: "მეჯავრება და დავანგრევ ამ ტაძარსო".[5]

მონასტრის არქიტექტურა[6][რედაქტირება]

ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსი ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის, სამრეკლოს, ბაქნის, გალავნისა და სხვა დამხმარე ნაგებობებისგან შედგება.

ეკლესია[რედაქტირება]

ეკლესია საშუალო ზომის, XII-XIII სს. მიჯნის ქართული გუმბათიანი ეკლესიების ტიპს განეკუთვნება და განეკუთვნება ბეთანია–ქვათახევის ეკლესიათა ხუროთმოძღვულ ტიპს, ამას ძეგლის არქიტექტურული ანალიზი ცხადყოფს[7]

ფიტარეთის ტაძრის გეგმა თითქმის კვადრატულია. კარიბჭე სამხრეთიდან ჰქონდა და დღემდეც ასე მოაღწია. ტაძრის შიდა სივრცეს აღმოსავლეთით ფარგლავს სამნაწილიანი საკურთხეველი, რომლის ცენტრში აფსიდია მოთავსებული, გვერდებზე კი სადიაკვნე და სამკვეთლოა. აფსიდი დარბაზიდან ღრმა ბემით არის გამოყოფილი. საკურთხევლის ცენტრში ტრაპეზის ნარჩენებია. თვით აფსიდს ერთი საფეხური უვლის და მთავარი სარკმლის ქვეშ სამსაფეხურიანი ჩამოსასხდომია მღვდელმთავართათვის. იქვე, განაპირებში, საშუალო სიმაღლის თითო ნიშია. ბემასთან კარებით იყო დაკავშირებული სადიაკვნე და სამკვეთლო (სადიაკვნეს კარი გვიან ამოუშენეს). გვერდითი ნაწილები ორსართულიანია. თითოეულ მათგანს თითო კარი აქვს ბემისა და ცენტრალური სივრცის მხრიდან გაჭრილი. ყველა არქიტრაული გადახურვითაა.

სადიაკვნეს გეგმა კვადრატს უახლოვდება. მისი გვერდის კედლები თაღებითაა დამუშავებული, ხოლო მთლიანად კამარითაა გადახურული. სადიაკვნეს აღმოსავლეთის ნაწილი ღრმა და განიერი აფსიდით მთავრდება. აფსიდის გვერდებზე თითო მოზრდილი ნიშია. განათების წყაროა აღმოსავლეთით მდებარე ერთადერთი სარკმელი. სამკვეთლო გადაწყვეტითა და პროპორციით ახლოს დგას ზემოაღწერილთან. სათავსის ოთკუთხა ნაწილი სიგანაზეა გაწეული და კამარითაა გადახურული. მისი გვერდის კედლები თაღებითაა დამუშავებული. ღრმა აფსიდის ცენტრში მცირე ზომის სარკმელია, ხოლო მის გვერდებზე თითო ნიშია. როგორც აქ, ისე სადიაკვნეშიც, დარბაზიდან შემოსასვლელის თავზე ტიმპანია მოწყობილი.

ტაძრის ცენტრალური ნაწილი გუმბათქვეშა სივრცეა. გუმბათი საკურთხევლის კუთხეებსა და დასავლეთით მდგარ ორ პილონს ეყრდნობა. გუმბათქვეშა თაღები შეისრული მოხაზულობისაა. თაღები გუმბათის ძირს გამავალ სარტყლამდე სამ-სამ საფეხურს აკეთებს. უკანსკნელი მათგანი კი ლილვოვანია და ცენტრებში მარყუჟი იქმნება. თვით სარტყელი რთული პროფილისაა და საკმაოდ შვერილი. გუმბათის მაღალი ცილინდრიც სარტყლითვე მთავრდება, მხოლოდ ქვედა სარტყელთან იგი მარტივპროფილიანია. ტაძრის გეგმის ჯვრული მოხაზულობა, რომელიც შიგნით იქმნება, გარდა საკურთხევლისა, სწორკუთხა მოხაზულობისაა. მათი გადამხურავი კამარები (აღმოსავლეთი ბემა) შეისრული ფორმისაა. კამარები ერთნაირი სიბრტყითაა მოქცეული, თაღების გარეშე. ასევე, გუმბათის საყრდენებთან პილასტრები არ არის გამოყოფილი. იმპოსტები კი ოთხივე კუთხეში საკმაოდ მეტყველია.

ტაძრის დასავლეთის მკლავი გვერდითა ნავებს შეისრული ფორმის თაღებით უერთდება. ეს თაღები რთული პროფილის მქონე იმპოსტებს ეყრდნობა, ხოლო პილასტრები – სწორკუთხა ბაზისებს. რაც შეეხება გვერდითა მოკლე ნავებს, ისინი გადახურულია სიზუსტეს მოკლებული ცილინდრული კამარებით.

ეკლესიას, თავიდანვე ერთადერთი შესასვლელი ჰქონდა, რომელიც მდებარეობს სამხრეთი მკლავის დასავლეთის კუთხეში, მისი გადახურვა სწორკუთხაა, შიგნიდან ტიმპანით.

გუმბათის ხედი ტაძრის შიგნიდან

ტაძრის ინტერიერს სხვადასხვა დონეზე განლაგებული სარკმლები ანათებს. ამ შემთხვევაში მთავარი გუმბათია. მის ყელში თორმეტი სარკმელია. სამ-სამი საკრმელი კი აღმოსავლეთისაა და გვერდით მკლავებში მოუთავსებიათ. მათ შორის მხოლოდ ის განსხვავებაა, რომ აღმოსავლეთით სამივე სარკმელი მაღალია და ერთ რიგზე განალაგებული.

კარიბჭე სამი ნაწილისაგან შედგება. მთავარს წარმოადგენს ცენტრი, რომელიც გარედან ღიაა და შიგნით ტაძრის კარს ესაზღვრება. კარიბჭის ამ ნაწილის პარადულობას ხაზს უსვამს კამარის დამუშავება რვა სხივით. კარიბჭის დასავლეთის მონაკვეთი არ არის ღრმა. მისი სამივე კედელი ყრუა. კარიბჭის აღმოსავლეთის მონაკვეთი ეგვტერს უჭირავს. მისი გეგმა, კვადრატს მიახლოებული სწორკუთხედია. მას დეკორატიული თითქმის არაფერი აქვს. ეგვტერში შესასვლელი მხოლოდ კარიბჭიდანაა. განათებისთვის ორი სარკმელია. ფიტარეთის ტაძრის აღმოსავლეთის ფასადი შემოსილია იშვიათად თლილი კვადრებით. ოსტატს აქა-იქ უცდია ჰორიზონტალური რიგების დაცვა.

აღმოსავლეთის ფასადი

ტაძრის აღმოსავლეთის ფასადის მორთულობა კონცენტრირებულია ცენტრზე, ჯვრის მკლავის არეში. ღრმა და მაღალ ნიშებს შემოუყვება შეწყვილებული ნიშები. ნიშების თაღებს ვიწრო ჩუქურთმოვანი არშია და ფესტონები ამშვენებს. ფესტონები დაზიანებულია. ჩუქურთმიანია აგრეთვე მარჯვენა ნიშის პლაფონი, მარცხენა კი გლუვზედაპირიანია. ფასადზე შვიდი სარკმელია განლაგებული. ამათგან მთავარია ცენტრალური. იგი შემოფარგლულია ფართო არშიით და გრეხილი ლილვებითაა შემოსაზღვრული. ფასადის მორთულობის ელემენტების მეტი ნაწილი, თავმოყრილია ზედა ნაწილში, მთავარი სარკმლიდან კარნიზამდე. აქ ძირითადია ის სწორკუთხა ჯვარი, რომელიც აგვირგვინებს ფასადს. ჯვარი რთულადაა მორთული. ჯვრის ქვედა მკლავი შიგნით ორნამენტითაა დაფარული. მთლიანად ჯვრის საყრდენად კი გამოყენებულია სარკმლის თავსართი, რომელიც სარკმლიდან მოცილებულია, ხოლო მათ მაკავშირებლად გამოყენებულია სხივებრ განლაგებული ქვები. თავსართის ზედაპირიც ჩუქურთმითაა დაფარული. გარდა ამისა ამ ფასადს ამშვენებს ჯვრის ფუძის გვერდებზე ამოკვეთილი ლომების გამოსახულება.

მოპირდაპირე, დასავლეთის ფასადი აბრისით აღმოსავლეთისას ჰგავს, მაგრამ გადაწყვეტით მისგან დიდად განსხვავდება. აქ მორთულობა მხოლოდ ზედა რეგისტრზეა განლაგებული, ქვედა კი შიშველი სიბრტყეა. ამ ფასადის მორთულობა დაკავშირებულია სარკმლებთან. მთავარი ამ შემთხვევაში ცენტრალური, მაღალი და ვიწრო, სარკმელია.

სამხრეთი ფასადის ნაწილი კარიბჭის თავზე

მეტად პარადულად გამოიყურება სამხრეთის ფასადი. აქაა მოთავსებული ტაძრის კორპუსიდან წინ წამოწეული კარიბჭე და ფასადის ზედა რეგისტრზე განლაგებული მდიდრული მორთულობა. თვით ფასადის ქვედა ნაწილი კარნიზის დონემდე, თავისუფალია. ზემოთ კი მორთულობა შეწყვილებულ სარკმელთანაა დაკავშირებული. სარკმელებთან ერთად, მორთულობის მთავარ აქცენტს ქმნის მათ შორის ჩამჯდარი მკლავგაშლილი ჯვარი. მისი გრძელი ქვედა ღეროს კვარცხლბეკი “გოლგოთას” საფეხურებია. ერთნაირი სიგანის ჯვრის მკლავები ჩუქურთმებითაა დაფარული და წვრილი გრეხილი შემოფარგლავს.

კარიბჭე სამხრეთის მხრიდან სამნაწილიანია. შუაზე ორფერდა სახურავიანი აწეული ნაწილია, გვერდებზე კი, პირველის საწინააღმდეგოდ მიმართული, თითო ქანობია. კარიბჭეს მხოლოდ ფასადი აქვს დამუშავებული. დასავლეთის მხარე შიშველია, ხოლო აღმოსავლეთისაზე მხოლოდ წრიული სარკმელია მოჩუქურთმებული. მოპირდაპირე ჩრდილოეთის ფასადი სხვებზე ნაკლებადაა მორთული, მაგრამ უპრეტენზიოც არ არის. ზედა ნაწილის მორთულობა ფასადს საზეიმო ხასიათს ანიჭებს.

გუმბათის ყელი

გუმბათის ყელი ერთიანი ცილინდრული მასაა. მის ყელში გაჭრილია თორმეტი ვიწრო და მაღალი სარკმელი, მათ ირგლივ უვლის ორნამენტების ფართო არშია, ყოველი სარკმლის არეს სამ-სამი ლილვისაგან შემდგარი პილასტრები პილასტრები შემოსაზღვრავს. თაღები კი ორ-ორი ლილვითაა მიღებული. პილასტრები გლუვზედაპირიანია, ხოლო თაღები – გრეხილოვანი. ბაზისები და კაპიტელები რთულადაა მორთული. თაღედი მთლიანად ეყრდნობა სხვადასხვა ელემენტებისაგან შედგენილ სარტყელს. თაღედს ზემოთ უშუალოდ გასდევს ორი ლენტით მიღებული ფრიზი. ფრიზის ზემოთ კი ორსაფეხურიანი კარნიზია გაწყობილი. ფაქტობრივად, იგი გუმბათს აგვირგვინებს. კოპების რიგში, რომელიც მიჰყვება თაღედს, ზოგი კოპია და ზოგიც ადამიანის თავის გამოსახულება. ტაძარი თავიდანვე ლორფინით იყო გადახურული. მას სხვადასხვა დროს რესტავრაციაც გაუკეთდა, მაგრამ აღდგენისას ყოველთვის მხოლოდ ქვას იყენებდნენ და ჩვენამდეც ასე მოაღწია.

ტაძარი თავიდანვე ლორფინით იყო გადახურული. მას სხვადასხვა დროს რესტავრაციაც გაუკეთდა, მაგრამ აღდგენისას ყოველთვის მხოლოდ ქვას იყენებდნენ და ჩვენამდეც ასე მოაღწია.

სამრეკლო[რედაქტირება]

სამრეკლო ტაძრის გალავანშია ჩაშენებული. იგი სამსართულიანია. პირველ სართულზე სამონასტრო კომპლექსის შესასვლელია, მეორე სართულზე სათავსოა სამხრეთის კედელში ორი ვიწრო სარკმლით, ხოლო მესამე სართულზე სამრეკლოა ოთხივე მხრიდან ორთაღიანი გახსნილი კედლებით.

მარანი[რედაქტირება]

მარანი 1696 წელს აუგია იობ ფიტარეთელს, იგი დგას ტაძრის ჩრდილოეთით ქვედა ტერასაზე. მარანი საკმაოდ დიდი შენობაა, რაც იმის მაუწყებელია, რომ მონასტრის მეურნეობა ამ დროისათვის ჯერ ისევ ღონიერია. მარნის აშენების შესახებ მარნის ჩრდილოეთ კედელზე ჩატანებული თეთრ ქვაზეა ამოკვეთილი წარწერა გვამცნობს.

გარდა მარანისა შემორჩენილია ნანგრევები, რომლებიც ალბათ, სამეურნეო და საკულტო დანიშნულებისა უნდა ყოფილიყო.

ფრესკები[რედაქტირება]

ფიტარეთის ტაძრის მთელი შიდა სივრცე დაფარულია კედლის მდიდარი მხატვრობით, ფრესკები ამჟამად ძალზე დაზიანებულია და ფრაგმენტულად არის შემორჩენილი.[8]

წარწერები[რედაქტირება]

ფიტარეთის წარწერები პირველად მარი ბროსემ[9] გამოაქვეყნა, შემდეგში მის შესახებ წერდა ექვთიმე თაყაიშვილიც[10]. ამის შემდეგ არნიშნულ წარწერაზე მრავალმა ისტორიკოსმა თუ ხელოვნებათნმცოდნემ გაამახვილა ყურადღება, მათ შორის პარმენ ზაქარაიამ[11], გულიკო მჭედლიძემ[12] და ა. შ.

ამ წარწერასაც და შესაბამისად ძეგლსაც და მთლიანად სამონასტრო ანსამბლსაც წარწერის პირველი გამომცემლები გიორგი ბრწყინვალეს აკუთვნებდნენ, მაგრამ პარმენ ზაქარაიას მიერ დადგენილ იქნა, რომ მონასტერი აშენებულია ლაშა-გიორგის მეფობის პერიოდში (1213-1222 წწ.)[11]

ტაძრის კარიბჭის შიდა კედელზე არსებული უფრო ადრინდელი წარწერა კი მის სავარაუდო ქტიტორს ამირეჯიბ ქავთარ ქაჯიფაჲსძეს იხსენიებს:

ვიკიციტატა
„„ქ. სახელითა მამისათა, ძისითა და სულისა წმიდისათა, რომელნი საუკუნეთგან სათნო ეყვნეს ქრისტეს ღმერთსა ჩუენსა ღირს ვიქმენ მინდობითა ღრმთისაითა, მე, ქავთარ ქაჯიფაისძე ამირეჯიბი თვითმპყრობელისა, ძლიერის მეფეთ მეფისა გიორგისი, აღშენებად ამის მონასტრისა და საყდრისა დედისა ღმრთისა. არაი ვისი ჰრთავს თჳნიერ ჩემისა ლაშქრისა და ჴრმლითა მოგებულისა. ვიყიდენ ტანძიაჲ და თევდორეწმინდანი ჩემითავე ხრმლითა მონაგებითა საფასითა. მათვე ღმრთივ სანატრელთა დიდთა მეფეთა ჩუენთა საბედნიეროდ, შევსწირენ მას ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელსა ფიტარეთისასა სალოცველად მეფობისა მათისა და ცოდვილისა სულისა ჩემისა და მშობელთა და ძმათა და მომავალთა ჩემთათვის“.[10]

როგორც აღნიშნული წარწერიდან ირკვევა ქავთარ ამირეჯიბს „ჴრმლით მოგებულით“ უყიდია ტანძია და თევდორეწმინდანი და ფიტარეთის საყდრისთვის შეუწირავს.

ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსიდან კიდევ ერთი წარწერაა ცნობილი. წარწერა მარნის ჩრდილოეთ კედელზე ჩატანებულ თეთრ ქვაზეა ამოკვეთილი.

ვიკიციტატა
„ყოვლად პატიოსანო და საშინელო ფიტარეთის ღვთისმშობელო, ულხინე სულსა ფრიად ცოდვილისასა იობისასა, რომელმან აღვაშენე მარანი ესე ქკს ტპდ (1696 წ.), შენდობას იტყოდით სამადლოს.[13]

ამ წარწერაში მოხსენიებული იობი არის მონასტრის უკანასკნელი წინამძღვარი, რომელიც იობ ფიტარეთელის სახელით არის ცნობილი.[2]

საფლავის ქვების წარწერები[რედაქტირება]

ისტორიული დოკუმენტების მიხედვით ფიტარეთის მონასტერი ბარათაშვილების კუთვნილება იყო, ხოლო მონასტრის გამო ყაფლან, პაატა და პაპუნა ბარათაშვილების დავის შემდეგ, რომელიც ყაფლანის სასარგებლოდ დამთავრდა, ფიტარეთის მონასტერში უკვე ყაფლანის შთამომავლები ყაფლანისშვილ-ორბელისშვილები იმარხებიან.

ტაძრის ინტერიერში დაცულია რამდენიმე საფლავის ქვა ისტორიული ცნობების შემცველი წარწერებით.

ფიტარეთში არიან დაკრძალულნი:

ვიკიციტატა
„ქრისტე, შეიწყალე პატრონი ყაფლანი. ქ. წყალობითა და შეწევნითა ღმრთისაიტა მე, ორბელის შვილმან მეორედ შევამკე მონასტერი ესე. ბარსა და მთაში მტრისგან გაოხრებული მკვიდრი მამული ჩემი აღვაშენე ჲა (61) სოფელი, და ამას გარეთ შენი მამებარა სოფელი იზ (17). ესე ყოველი დავუტოვე ზეთა ჩემთა ე (5) და დავემკვიდრე ამას საფლავსა შინა, ქორონიკონსა ტნთ (1671)“.[14]
ვიკიციტატა
„მე, დიდის ორბელის შვილის, ბატონის ყაფლანის უხუცესი ძე, სომხითის მოურავი, საორბელოს პატრონი, საბარათიანოს დიდი თავადი, მეფის გიორგის დედისძმა, ბატონი პაპუნა გარდავიცვალე და ძე არა მესვა, არცა ასული. ესოდენი დიდების პატრონი ამ მცირე საფლავსა დავემკვიდრე, შეძვრად ხელს ნუ მყოფთ, შენდობას მიბრძანებდეთ, გევედრები, ამინ ქრონიკონსა ტოზ (1689).[15]
ვიკიციტატა
„ [მე პაპუნა] ორბელისშვ[ილის] მეუღლე [ბანგი[ჯასპი ყოფილი] [მ]ონაზონი ბარბარე და[ს]ქემოსანი ფებრონია შენდობას ჰყოფდეთ ჩემ ჩოდვილისათვის, რათა თქვენცა მოგეტევნეს ცოდვანი თქვენნი. ამინ. დაიწერა ქკსა ტპთ (1701), სეკდენბრ[ის] იზ (17). გარდავიცვალე.“
ვიკიციტატა
„ბაგრატიონთა ასული და დიდის ორბელის სძალი, სოვლხანის მეუღლე ბატონი დრჯნ, ამას დავემკვიდრე ქკსა ტოა (1683).“
  • ყაფლან ბარათშვილის ძის, გიორგის რძალი (მისი ძის პაპუნას ცოლი) ანა ავალიშვილი:
ვიკიციტატა
„ქკს ტპდ(1706) ქ. მე ავალისშვილის ასული და ორბელისშვილის პატრონის პაპუას მეუღლე, ბატონი ანა დავიმარხე.“
  • ყაფლან ბარათაშვილის შვილიშვილის ქაიხოსრო ორბელიშვილის პირველი მეუღლე თინათინი
ვიკიციტატა
„ ქ. მოიხსენიე, უფალო, ორბელისშვილის მოლარეთუხუცეს ქაიხოსროს თანამეცხედრე თინათინ, ამ სამარეს დავემკვიდრე. ვინც წაიკითხოთ შენდობა ყავთ.“
  • და მისი მეორე მეუღლე ლელა ამირეჯიბი, ქმრის გარდაცვალების შემდეგ მონაზონი ელისაბედი:
ვიკიციტატა
„ქ. რომელმან მიწისაგან შექმნენ და დაბადენ კაცნი და მუნვე მიწად მიიქცევა, უჩინე აწ მეცა ბრძანებიტა შენიტა, მივიცვალე სოფლისაგან ამისაგან, ამირეჯიბის ასული და ორბელისშვილის ქაიხოსროს მეუღლე ლელა ყოფილი, მონაზონი ელისაბედი და სქემოსანი ეკატერინე შენდობას იტყოდით ქრონიკონსა ტჟ (1702), ღვინობისთვის ცხრასა.“

ფიტარეთის საფლავის ქვების წარწერებიდან განსაკუთრებით გამოირჩევა მოწითალო ფერის ქვა, რომელსაც ლამაზი ასომთავრული ხვეულით აწერია:

ვიკიციტატა
„ესე არს განსასუენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე, ამას დავემკვიდრო, რამეთუ მთნავს ესე.“

როგორც ექვთიმე თაყაიშვილი ვარაუდობს ეს უნდა იყოს ს.-ს. ორბელიანის მამის ვახტანგის განსასვენებელი.[10]

ფოტოგალერეა[რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ვ. ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა, ტ. IV, თბ., 1973 წ.
  • გ. მჭედლიძე, ფიტარეთის მონასტერი, თბ. 2009 წ.
  • ე. თაყაიშვილი, სომხით-საორბელიანოს წარწერები, ნაწ. II, პარიზი, 1929 წ.
  • პ. ზაქარაია, ქართული ხუროთმოძღვრება, XI-XVIII სს. თბ., 1990 წ.
  • გ. მჭედლიძე, ფიტარეთი, დიდგორი, თბ., 1991
  • ვ. ბერიძე, ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974 წ.
  • გ. ჩიტაია, ფიტარეთისა და გუდარეხის საფლავის ქვები, საქართველოს მუზეუმის მოამბე, ტ. III, 1926 წ.
  • პაპუნა ორბელიანი, ამბავნი ქართლისანი, თბ. 1981 წ.
  • ფიტარეთი – საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბიბლიოგრაფიული ლექსიკონი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. ვ. ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა, ტ. IV, თბ., 1973 წ. გვ. 323
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 გ. მჭედლიძე, ფიტარეთის მონასტერი, თბ. 2009 წ.
  3. www.dzeglebi.ge: ფიტარეთი – ისტორიული მიმოხილვა
  4. 4.0 4.1 პაპუნა ორბელიანი, ამბავნი ქართლისანი, თბ. 1981 წ., გვ. 200
  5. ზაქარია გულისაშვილი, დიდებული ფიტარეთის ტაძარი, გაზ. ივერია, 1903 წ. # 167
  6. www.dzeglebi.ge – ფიტარეთის მონასტრის არქიტექტურული აღწერა
  7. ვ. ბერიძე, ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974 წ., გვ. 154
  8. www.orthodoxy.ge – ფიტარეთი
  9. M. Brosset, Leltres de M. Bartholomei, p. 113-116, taf III.
  10. 10.0 10.1 10.2 ე. თაყაიშვილი, სომხით-საორბელიანოს წარწერები, ნაწ. II, პარიზი, 1929, გვ. 86-88
  11. 11.0 11.1 პ. ზაქარაია, ქართული ხუროთმოძღვრება, XI-XVIII სს. თბ., 1990, გვ. 97
  12. გ. მჭედლიძე, ფიტარეთი, დიდგორი, თბ., 1991, გვ. 105-106
  13. გ. ჩიტაია, ფიტარეთისა და გუდარეხის საფლავის ქვები, საქართველოს მუზეუმის მოამბე, ტ. III, 1926 წ. გვ. 118
  14. გ. ჩიტაია, ფიტარეთისა და გუდარეხის საფლავის ქვები, საქართველოს მუზეუმის მოამბე, ტ. III, 1926 წ. გვ. 118
  15. გ. მჭედლიძე, ფიტარეთის მონასტრის ისტორიიდან (ფიტარეთის საფლავის ქვების წარწერები), მრავალთავი, XVIII, თბ. 1990 წ., გვ. 458