ფილოთეოზ ათონელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფილოთეოზ ათონელიმართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 5 დეკემბერი, ახალი სტილით — 18 დეკემბერი.

ღირსი ფილოთეოზ ათონელი ელატიაში დაიბადა. თურქების შიშით მისი მშობლები მაკედონიაში, ქრისოპოლში გადასახლდნენ. მალე წმიდანის მამა გარდაიცვალა. ყრმა ფილოთეოზი ძმასთან ერთად თურქებმა შეიპყრეს და საპყრობილეში ჩააგდეს, საიდანაც თავად ღვთისმშობელმა გამოიხსნა სასწაულებრივად. ყოვლადწმიდა ქალწული ბავშვებს დედის სახით გამოეცხადა და ქალაქ ნეაპოლის (მცირე აზია) ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში მიიყვანა. აქ ძმები ბერად აღიკვეცნენ.

გავიდა წლები. ფილოთეოზის დედა, ევდოკია, რომელსაც მთელი ამ დროის მანძილზე არაფერი სმენოდა შვილების შესახებ, ღვთის საკვირველი განგებულებით, ნეაპოლშივე ჩავიდა და დედათა მონასტერში მონაზვნად შედგა. რამდენიმე ხნის შემდეგ იგი სხვა თანამოსაგრე დედებთან ერთად იმ სავანეში მოხვდა ტაძრის დღესასწაულზე, სადაც მისი ძეები მოღვაწეობდნენ, მათ მაშინვე იცნეს ერთმანეთი, გაკვირვებულმა და გახარებულმა დედამ შვილებს ჰკითხა, აქ როგორ აღმოჩნდითო. შვილებმა უპასუხეს: „ეს შენ უკეთ უწყი; განა თავად არ მოგვიყვანე აქ საპყრობილიდან გამოხსნის შემდეგ?!“ ევდოკია დარწმუნდა, რომ ღვთისმშობელმა მისი მხურვალე ლოცვები უპასუხოდ არ დატოვა.

დედის გარდაცვალების შემდეგ ფილოთეოზმა ათონის წმიდა მთას მიაშურა, სადაც ჯერ დიონისეს მონასტრის ძმობაში შევიდა, შემდეგ კი სრული მდუმარებისთვის განმარტოვდა. გამუდმებული ლოცვითი ღვაწლით ღირსმა მამამ სულიერ სრულყოფილებას მიაღწია და განჭვრეტის მადლი მოიგო. ოთხმოცდაოთხი წლის ასაკში უფლის რჩეულმა მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. სიკვდილის წინ წმიდანმა თავის მოწაფეებს სთხოვა, მისი ცხედარი არ დაეკრძალათ და უპატიოდ დაეგდოთ ტყეში, ფრინველებისა და მხეცების საჯიჯგნად. ძმებმა შეასრულეს მოძღვრის კურთხევა, მაგრამ მას შემდეგ, რაც უფალმა საკვირველი ნათებით განადიდა თავისი რჩეულის წმიდა ნეშტი, იგი პატივით გადააბრძანეს სავანეში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.