ფეროშენადნობები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფეროშენადნობები (ლათ. ferrum - რკინა და შენადნობი) — მეტალურგიული წარმოების ნახევარპროდუქტები - რკინის შენადნობები სილიციუმთან, მანგანუმთან, ქრომთან, მოლიბდენთან, ვანადიუმთან და სხვა ელემენტებთან, რომელსაც იყენებენ ფოლადის წარმოებაში თხევადი ლითონის განჟანგვისა და ლეგირებისთვის, მავნე მინარევების შესაკრავად, ლითონისათვის საჭირო სტრუქტურისა და თვისებების მისანიჭებლად, აგრეთვე სხვა სახის ფეროშენადნობების (ე.წ გადასამუშავებელი ფეროშენადნობები) მისაღებად. ფეროშენადნობებს პირობითად მიაკუთვნებენ ისეთ შენადნობებს, რომელიც რკინას შეიცავს მინარევების სახით (მაგალითად: სილიკომანგანუმი, სილიკოკალციუმი), და ზოგიერთ ტექნიკურად სუფთა ლითონსა და არალითონს (ლითონური მანგანუმი, ლითონური ქრომი, კრისტალური სილიციუმი). ეგრეთ წოდებული კომპლექსური ფეროშენადნობები შეიცავს მრავალ კომპონენტს (მაგალითად: Ca-Mn-Si-Cr, Al-Mn-Si და სხვა).

რკინის თანხლებით ფეროშენადნობების ძირითადი ელემენტების (Mn, Cr და სხვა) ჟანგეულების აღდგენა მიმდინარეობს უფრო დაბალ ტემპერატურაზე, შედარებით სწრაფად, სრულად და ნაკლები ენერგეტიკული დანახარჯით. ფეროშენადნობების დნობის ტემპერატურა (მცირე გამონაკლისების გარდა) სუფთა ლითონების დნობის ტემპერატურაზე უფრო დაბალია. ეს გარემოება ხელს უწყობს მათ ხსნადობას თხევად ფოლადში შეტანისას, ამცირებს ძირითადი ელემენტების ამოწვას. ფეროშენადნობებში კომპონენტთა სტანდარტულ შემცველობას განაპირობებს ნედლეულის ქიმიური შემადგენლობა, ფეროშენადნობების გამოდნობის პირობები და მათი შეტანა თხევად ფოლადში. ყველაზე გავრცელებული ფეროშენადნობებია ფეროსილიციუმი, ფერომანგანუმი, სილიკომანგანუმი, ფეროქრომი, სილიკოქრომი და სხვა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]