ფერდინან ფოში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფერდინან ფოში

ფერდინან ფოში (ფრანგ. Ferdinand Foch; დ. 2 ოქტომბერი, 1851, ტარბი, საფრანგეთი — გ. 20 მარტი, 1929, პარიზი) — ფრანგი სამხედრო მოღვაწე, საფრანგეთის მარშალი პირველ მსოფლიო ომში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფერდინან ფოში ერთადერთი ადამიანია საფრანგეთის ისტორიაში, რომელიც სამი სახელმწიფოს (საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი) მარშალი გახდა. გერმანია-საფრანგეთის 1870-1871 წლების ომის დროს იგი მე-4 საზის ინფანტერიის პოლკში მსახურობდა. მომდევნო წელს მან უმაღლესი პოლიტექნიკური სკოლა დაამთავრა და 1873 წელს არტილერიის ოფიცერი გახდა. იგი მცირე ხნის განმავლობაში ლეიტენანტად მსახურობდა 24-ე საარტილერიო პოლკში და შემდგომ სწავლა განაგრძო „უმაღლეს სამხედრო სასწავლებელში“ (ფრანგ.: École Supérieure de Guerre), რომლის დამთავრების შემდეგაც მან აქვე დაიცვა სადოქტორო და საპროფესორო ხარისხები სტრატეგიის განხრით და 1908 წელს ამავე სასწავლებლის კომენდანტი გახდა. გარდა წმინდა სამხედრო თეორიული სამსახურისა ფოში პრაქტიკული განხრითაც მუშაობდა. 1907 წელს იგი ბრიგადენგენერალი გახდა და 1911 წელს დივიზიის სარდლის პოსტი მიიღო. 1913 წელს ფერდინან ფოში მე-20 არმიული კორპუსის მთავარსარდლად დაინიშნა ნანსიში.

პირველ მსოფლიო ომში მან, როგორც კორპუსის მეთაურმა მონაწილეობა მიიღო ლოთარინგიაში განხორციელებულ წარუმატებელ შეტევაში. მარნის ბრძოლაში ფოში IX არმიას ხელმძღვანელობდა და კოორდინაციას უწევდა მოკავშირეთა რამდენიმე არმიას. 1915-1916 წლებში არტუასა და მდ. სომთან გამართული რამდენიმე წარუმატებელი ოპერაციის შემდეგ იგი ფრანგული გენშტაბის მხარდაჭერით ვეღარ სარგებლობდა. 1917 წელს მან შეძლო თავის თავის რეაბილიტირება და გენერალმა პეტენმა გენშტაბის შეფის თანამდებობაც კი ჩააბარა.

1918 წელს გერმანელთა საგაზაფხულო შეტევის დროს ფოში მოკავშირეთათვის შეუცვლელი ადამიანი გახდა. მას მარშალის წოდება მიანიჭეს და მთელი დასავლეთის ფრონტის მთავარსარდლობა ჩააბარეს. მას პატივად ხვდა 1918 წლის 11 ნოემბერს კომპიენის ტყეში გერმანიის იმპერიის უსიტყვო კაპიტულაცია მიეღო. პირველ მსოფლიო ომში გაღებული წვლილისატვის მარშალმა პილსუდსკიმ მას პოლონეთის მარშლის წოდება მიანიჭა. 1921 წელს ფერდინან ფოში სამხედრო სამსახურიდან გადადგა, თუმც საფრანგეთის მთავრობის მრჩეველის პოსტი დაიტოვა.

სამხედრო თეორია და პრაქტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფერდინან ფოშმა მრავალი სამხედრო თეორიული ნაშრომი გამოაქვეყნა. იგი განიცდიდა კლაუზევიცის დიდ გავლენას და მის თეორიას პრაქტიკაში ახორციელებდა. იგი სამხედროთა ე.წ. კონსერვატორულ ფრთას ეკუთვნოდა. მაშინ როცა მარშალი პეტენი ცდილობდა გერმანელთა შოკური თავდასხმების წინააღმდეგ მობილური თავდაცვის გზების გამონახვას, ფოში თითოეული გოჯი მიწის დაცვას მოითხოვდა.

იგი ასევე ზერელედ აფასებდა ტანკებისა და ავიაციის, ოგორც გადამწყვეტი ძალის ომში გამოყენებას. მიუხედავად მისი თეორიის მცდარობისა ომი გერმანიამ ვერ მოიგო, მაგრამ ფოში ასი ათასობის უმიზნო მსხვერპლის მიზეზი გახდა.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფერდინან ფოში მრავალი სამხედრო ორდენით დაჯილდოვდა. 1921 წელს იგი საფრანგეთის აკადემიის წევრი გახდა. მთელ საფრანგეთში მას მრავალი ძეგლი დაუდგეს, მისი სახელი უწოდეს ვაზის ერთ-ერთ ჯიშსა და საფრანგეთის ფლოტის ავიამზიდს.

ნაშრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „Les principes de la guerre" (1903) („ომის პრინციპები“)
  • „La conduite de la guerre" (1904) („ომის წარმოება“)
  • „Mémoire pour servir à l'histoire de la guerre 1914-1918“ (1918) („1914-1918 წლებში ომში სამსახურის მოგონებები“)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]