ფარსმის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფარსმის კოშკი — კოშკი მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთში, ნასოფლარ ფარსმის განაპირას, ჩრდილო-დასავლეთით. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

შენობა ოთხსართულიანია (სიმაღლე 16,5 მ), ოთხკუთხა პრიზმის ფორმისაა და ზემოთკენ მკვეთრად ვიწროვდება. ნაშენია ფიქლით - მკვრივად. წყობა მშრალია. ძეგლი დაზიანებულია: ჩამოშლილია მეორე და მესამე სართულების გადახურვა, რომლებიც ხის კოჭებზე ყოფილა გამართული. შესასვლელი პირველ სართულზე დასავლეთიდან, მიწიდან 3 მეტრის სიმაღლეზეა. კარი ბრტყელი თაღითაა გადახურული. კარის ორივე მხარეს თითო, შიგნიდან თაღოვანი და გარეთკენ მკვეთრად დავიწროვებული სათოფურია მოწყობილი. მსგავსი ორ-ორი სათოფურია აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ კედელში, ხოლო ერთი - სამხრეთ კედელში. სართული გადახურულია ჯვაროვანი კამარით, რომელშიც, სამხრეთ-დასავლეთ კუთხესთან, მოწყობილია მეორე სართულზე ასაძვრომი ხვრელი. II სართულის დასავლეთ კედელში მოწყობილია დაბალი, შეისრულთაღიანი სარკმელი, რომლის ორივე მხარეს, თითო, შიგნიდან თაღოვანი და გარეთკენ მკვეთრად დავიწროვებული, სათოფურია. მსგავსი ორ-ორი სათოფურია დანარჩენ კედლებში. III სართული მეორის ანალოგიურადაა გადაწყვეტილი. IV სართულის ოთხივე კედლის შუაში ქვის კონსოლებზე დაყრდნობილი სწორკუთხა მაშიკულია, რომელთა ზემოთ შეისრულთაღიანი სარკმელი - „სამზირი“ გრძელდება. მაშიკულების გვერდებზე თითო სათოფურია.

კოშკი გადახურულია საფეხურებიანი პირამიდისებრი სახურავით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]