ფაზა იბერიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფაზა იბერიელივახტანგ გორგასლის შთამომავალი, სარდალი ბიზანტიის საიმპერატორო კარზე, ქართველი სარდლის პერან იბერიელის ძმისწული და ბაკურის ბიძაშვილი. იბრძოდა ოსტგუთების წინააღმდეგ.

ფაზა იბერიელის შესახებ ცნობებს გვაწვდის ისტორიკოსი პროკოფი კესარიელი. იგი ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანე I-ის (527-565) კარზე დაწინაურებული სამხედრო მოღვაწე იყო. ფაზა იბერიელის სახელი პირველად გვხვდება 542 წელს, როდესაც იუსტინიანე იმპერატორმა იტალიის პრეფექტად დანიშნა მაქსიმიანე, მისცა მას ფლოტი, რომელზედაც აიყვანა ჯარი, შედგენილი თრაკიელებისა და სომხებისაგან. თრაკიელთა ჯარს მეთაურობდა ჰეროდიანე, ხოლო სომხებისას ფაზა სარდალი. იგი იბრძოდა ოსტგუთების წინააღმდეგ. ოსტგუთთა მეფე ტოტილა სათავეში ჩაუდგა ანტიბიზანტიურ აჯანყებას იტალიაში და რამდენიმე სერიოზულ გამარჯვებასაც მიაღწია ბიზანტიელების წინააღმდეგ ბრძოლაში. ერთ-ერთი ბრძოლის დროს ამინდი შეიცვალა. ზღვაზე ქარიშხალი ამოვარდა და რომაელთა ხომალდები ჩაიძირა. მაგრამ ჰეროდიანემ და ფაზა იბერიელმა ნაპირზე გამოსვლა მოასწრეს და გადარჩნენ.

547 წელს ფაზა იბერიელი ცხენოსანთა ჯარით გაიგზავნა ქალაქ ტარინტის მახლობლად გუთების წინააღმდეგ საბრძოლველად. ამ ბრძოლაში ფაზა იბერიელის სარდლობით ბიზანტიელებმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს გუთებზე. ბიზანტიელებმა სიფრთხილე მოადუნეს და სანოვაგის საშოვნელად მახლობელ დასახლებებში გაიფანტნენ, რითაც ისარგებლა ტოტილამ და შეუტია ბიზანტიელთა მცირე ჯგუფს. ფაზა იბერიელი ამ დროს თავის კარავში ისვენებდა, მასთან გუთები შეცვივდნენ და მოკლეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ. ტექსტები ქართული თარგმანითურთ გამოსცა ს. ყაუხჩიშვილმა, ტ. II, თბ., 1965 წ.
  • გ. ტივაძე, ოსტგუთების სამეფო, ფეოდალიზმის გენეზისი დასავლეთ ევროპაში, I, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბ., 1959 წ.