ფადეი ბელინსგაუზენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფადეი ბელინსგაუზენი

ფადეი ბელინსგაუზენი
დაბადების სახელი ფადეი ბელინსგაუზენი
დაბადების თარიღი 9 სექტემბერი/20 სექტემბერი 1778
კუნძული ეზელი, ამჟამად კუნძული საარემაა, ესტონეთი
გარდაცვალების თარიღი 13 იანვარი/25 იანვარი 1852
კრონშტადტი
საქმიანობა ზღვაოსანი

ფადეი ფადეის ძე ბელინსგაუზენი[1] (დაბადებისას: ფაბიან გოტლიბ თადეუს ფონ ბელინსგაუზენი; დ. 20 სექტემბერი [ძვ. სტ. 9 სექტემბერი], 1778, კუნძული ეზელი, ამჟამად კუნძული საარემაა, ესტონეთი — გ. 25 იანვარი [ძვ. სტ. 13 იანვარი ], 1852, კრონშტადტი) — რუსი ზღვაოსანი, ადმირალი. 1803-1806 წლებში მონაწილეობდა გემ „ნადეჟდით“ დედამიწის გარშემო ჩატარებულ პირველ რუსულ მოგზაურობაში, რომლის ექსპედიციის მეთაური იყო ივანე კრუზენშტერნი. 1819-1821 წლებში ხელმძღვანელობდა კარჭაპებით „ვოსტოკით“ (მეთაური ბელინსგაუზენი) და „მირნით“ (მეთაური მიხეილ ლაზარევი) დედამიწის გარშემო მოგზაურობას, რომლის მიზანი იყო უცნობი მიწების აღმოჩენა ანტარქტიკაში. 1819 წელს მათ აღმოაჩინეს ატლანტის ოკეანის ანტარქტიკული ნაწილის რამდენიმე კუნძული, 1820 წლის 16 (28) იანვარს ანტარქტიდა. რამდენიმეჯერ მიუახლოვდნენ მის ყინულოვან ნაპირებს და დაასკვნეს, რომ ეს იყო „ყინულოვანი კონტინენტი“. 1821 წელს აღმოაჩინეს კუნძული, რომელსაც პეტრე I-ის სახელი უწოდეს, და ნაპირი, რომელსაც ალექსანდრე I-ის მიწა დაერქვა. ექსპედიციამ აღმოაჩინა აგრეთვე მრავალი კუნძული წყნარი ოკეანის ტროპიკულ ნაწილში. 1821 წლის 24 ივლისს (5 აგვისტოს) 751-დღიანი მოგზაურობის შემდეგ, გემები კრონშტადტში დაბრუნდნენ. 1828–1829 წლებში ბელინსგაუზენი მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომში. 1839 წლიდან იყო კრონშტადტის სამხედრო გუბერნატორი.

ბელინსგაუზენის სახელს ატარებს ზღვა და ქვაბული წყნარ ოკეანეში, კონცხი სამხრეთ სახალინზე, კუნძული ტუამოტუს არქიპელაგში და შელფური მყინვარი ანტარქტიდაში. ბელინსგაუზენმა თავისი მოგზაურობა აღწერა წიგნში: «ორი გამოკვლევა სამხრეთ ყინულოვან ოკეანეში და დედამიწის ირგვლივ მოგზაურობა 1819-21 განმავლობაში კარჭაპებით „ვოსტოკ“ და „მირნი...“» (1931; მე-3 გამოცემა 1960).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 286-287.
  • Болотников Н. Я., Фаддей Фаддеевич Беллинсгаузен и Михаил Петрович Лазарев, в кн.: Русские мореплаватели, М., 1953.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]