უშაქრო დიაბეტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უშაქრო დიაბეტი ქრონიკული დაავადებაა, რომელსაც იწვევს ვაზოპრესინის – ორგანიზმის წყალმარილოვანი ცვლის მარეგულირებელი ერთ-ერთი მთავარი ჰორმონის – გამომუშავების შემცირება ან თირკმელზე მისი პერიფერიული ზემოქმედების დათრგუნვა. შარდსაწინააღმდეგო მოქმედების გამო ვაზოპრესინს ანტიდიურეზულ ჰორმონს უწოდებენ.

უშაქრო დიაბეტის გავრცელება[რედაქტირება]

უშაქრო დიაბეტი არცთუ ისე გავრცელებულია. ენდოკრინულ დაავადებებს შორის მისი პროცენტული მაჩვენებელი 0,5-0,7-ს უდრის (15 000-17 000-დან 1 შემთხვევა). ყოველწლიურად 1 000 000 კაცზე დაავადების ერთი ახალი შემთხვევა ვლინდება. უმეტესად მამაკაცები ავადდებიან. ბავშვებში უშაქრო დიაბეტი უპირატესად 12 წლის ასაკიდან გვხვდება.

კლინიკური ფორმები[რედაქტირება]

არსებობს უშაქრო დიაბეტის სამი ფორმა:

  • თანდაყოლილი,
  • შეძენილი,
  • იდიოპათიური.

შეძენილი თავისმხრივ შეიძლება იყოს:

  • ცენტრალური შეძენილი უშაქრო დიაბეტი,
  • თირკმლისმიერი შეძენილი უშაქრო დიაბეტი.

ცენტრალური შეძენილი უშაქრო დიაბეტის მიზეზებია: ჰიპოფიზის სრული ან ნაწილობრივი ამოკვეთა, ჰიპოფიზის სიმსივნის ოპერაციული მოცილება, ინფექციური აგენტები, ტრავმა, აუტოიმუნური ფაქტორი, რომელიც ორგანიზმში აკრძალული ცილის სინთეზით არის განპირობებული.

თირკმლისმიერ შეძენილ უშაქრო დიაბეტს იწვევს: თირკმლის ქრონიკული დაავადებები (მაგალითად, პიელონეფრიტი); ჰიპოკალემია – სისხლში კალიუმის ნაკლებობა; ცილოვანი შიმშილი – ცილების მიღების მკვეთრი შეზღუდვა; ჰიპერკალცემია – სისხლში კალციუმის სიჭარბე; ზოგირთი მედიკამენტი, მაგალითად ლითიუმის პრეპარატები, გენტამიცინი, ვინბლასტინი, კოლხიცინი, თალაზამიდი, ფუროსემიდი და სხვა.

ცნობილია იდიოპათიური უშაქრო დიაბეტიც. ასე უწოდებენ დაავადებას, რომელიც სპონტანურად ან დაუდგენელი მიზეზით ვითარდება

კლინიკური სიმპტომო კომპლექსი[რედაქტირება]

უშაქრო დიაბეტს გაძლიერებული შარდვა და წყლის უხვი სმა ახასიათებს მისი სინონიმებია უშაქრო ხშირი შარდვა, ინსიპიდური (გემოს გარეშე) დიაბეტი – diabetes isipidus. წყურვილის შეგრძნება შეიძლება იმდენად ძლიერი იყოს რომ ავადმყოფმა შეიძლება დღე ღამეში 3 დან 20 ლიტრამდე სითხე მიიღოს. შესაბამისად დიურეზიც (შარდის გამოყოფა) გაძლიერებულია. უშაქრო დიაბეტს შეიძლება ასევე ახასიათებდეს საკმაოდ მძიმე ფსიქონევროლოგიური ნიშნები: უძილობა, უგუნებობა, აგზნებადობა, თავის ტკივილი, შრომის უნარის მკვეთრი დაქვეთება.

ბავშვთა ენურეზი – ღამის უნებლიე შარდვა, რომელიც საკმაოდ არის გავრცელებული, ხშირად სწორედ უშაქრო დიაბეტით არის განპირობებული. უშაქრო დიაბეტის დროს ბავშვები უჩივიან თავის ტკივილს, ცუდად სძინავთ, აწუხებთ კანის სიმშრალე, უმადობა, არ იმატებენ წონას, ჩამორჩებიან ფიზიკური განვითარებით.

გამოკვლევის მეთოდები[რედაქტირება]

განისაზღვრება შარდის ხვედრითი წონა, სისხლისა და შარდის ოსმოლარობა, სისხლში ანტი დიურეზული ჰორმონისის ოდენობა. ტარდება შიმშილის ტესტი. ცენტრალური უშაქრო დიაბეტის შემთხვევაში მივმართავთ ჰიპოფიზის კომპიუტერულ ტომოგრაფიას ან მაგნიტურ-რეზონანსულ კვლევას.

დიფერენციული დიაგნოზი[რედაქტირება]

საჭიროა უშაქრო დიაბეტის დიფერენცირება ნერვული პოლიდიფსიისგან, რომელიც შედარებით იშვიათია და პათოლოგიური წყურვილის სინდრომს წარმოადგენს. ამ დიაგნოზის დადასტურება შესაძლებელია, როდესაც სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები უშაქრო დიაბეტს გამორიცხავს. ასეთი სახის დარღვევას უფრო ფსიქოგენური ხასიათი აქვს და შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს.

მკურნალობა[რედაქტირება]

ცენტრალური უშაქრო დიაბეტ-ის მკურნალობის პრინციპია ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპია მთელი სიცოცხლის მანძილზე. ამისთვის გამოიყენება სინთეზირებული ადჰ (დესმოპრესინი, ვაზოპრესინი, არგიპრესინი, ლიპრესინი), რომლებსაც ცხვირში იწვეთებენ ან შეისუნთქავენ. არსებობს ასევე ანტიდიურეზული საშუალება ტაბლეტების სახით (მინირინი), რომელიც საქართველოშიც არის რეგისტრირებული. თირკმლისმიერი უშაქრო დიაბეტის სამურნალოდ შეიძლება გამოიყენებულ იქნას შარდმდენი საშუალებები (მათი პარადოქსული მოქმედების ეფექტის გამო), აგრეთვე პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორები (იბუპროფენი, ინდომეტაცინი, ასპირინი). მათვე იყენებენ ცენტრალური და თირკმლისმიერი უშაქრო დიაბეტის დიფერენცირებისთვის. დიურეტიკებს დადებითი ეფექტი მხოლოდ თირკმლისმიერი უშაქრო დიაბეტის შემთხვევაში აქვს. დაავადება ადამიანის ცხოვრების წესზე გარკვეულწილად მოქმედებს, ვინაიდან ნებისმიერი ფორმის უშაქრო დიაბეტის შემთხვევაში ავადმყოფს ყოველგვარი ალკოჰოლური სასმელი ეკრძალება.