უილიამ ჯილბერტ გრეისი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Ranji 1897 page 171 W. G. Grace playing forward defensively.jpg

უილიამ ჯილბერტ გრეისი (დ. 18 ივლისი, 1848 – გ. 23 ოქტომბერი, 1915) — ინგლისელი მოყვარული კრიკეტის მოთამაშე. აღიარებულია ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ. უბადლო სპორტსმენი და წარმოსადეგი გარეგნობის მქონე გრეისი ვიქტორიანული ინგლისის სიამაყე იყო. უილიამ გრეისს უდიდესი წვლილი მიუძღვის კრიკეტის, როგორც სპორტის სახეობის, მთელი მსოფლიოს მასშტაბით პოპულარიზაციაში.

უილიამ ჯილბერტ გრეისმა და მისმა ორმა ძმამ კრიკეტის თამაში ადრეულ ბავშვობაში ისწავლეს. მათი პირველი მასწავლებელი დედა იყო. მისის გრეისი ჩინებული მწვრთნელი გამოდგა, რადგან შემდგომში სამივე ძმა მშობლიური საგრაფოს, გლოსტერშირის, კრიკეტის ძირითად გუნდში მიიღეს.

გრეისი პირველ ადგილზე მუდამ კრიკეტს აყენებდა. პირად ცხოვრებას სპორტისთვის ხელი არ უნდა შეეშალა. 1893 წელს იგი დაოჯახდა და თაფლობის თვე ავსტრალიაში გაატარა, რადგან იქ ტურნირი იმართებოდა.

გრეისი განათლებით ექიმი იყო, თუმცა მის ძირითად საქმინაობად მაინც კრიკეტი დარჩა. მან პირველი სერიოზული მატჩი 16 წლისამ ითამაშა და 60 წლამდე ამ სპორტისთვის თავი არ დაუნებებია. ამ ხნის განმავლობაში გრეისმა თამაშის ყველა ასპექტში ახალი სტანდარტები დაამკვიდრა. იგი შეუდარებელი მომგერიებელი იყო, თუმცა მიმწოდებლისა და მოედნის მოთამაშის როლშიც არანაკლებ კარგად გამოდიოდა.

თავისი სპორტული კარიერის განმავლობაში გრეისმა 54 896 ქულა მოიპოვა (მათ შორის, 126–ჯერ — ასეულები), აიღო 2 876 კარი და ხელით გააჩერა 877 ბურთი. 1871 წლის სეზონზე იგი თითო თამაშში საშუალოდ 78,25 ბურთს იგერიებდა, რაც ორჯერ აღემატებოდა ინგლისის მეორე საუკეთესო მოთამაშის შედეგს, ხოლო 1876 წლის სეზონში თავის გუნდს 344,177 და 318 ქულა მოუტანა პირველი ლიგის მატჩების ზედიზედ სამ ინინგში. გრეისი გლოსტერშირის საგრაფოს ნაკრების კაპიტანი იყო და ქვეყნის ჩემპიონატში არაერთხელ მოიპოვა განმარჯვება საკუთარ გუნდთან ერთად. მან 13–ჯერ ითამაშა ინგლისის ნაკრების კაპიტნად ავსტრალიის წინააღმდეგ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]