უენდელ მერედით სტენლი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სტენლი.

უენდელ მერედიტ სტენლი (ინგლ. Wendell Meredith Stanley; (დ. 16 აგვისტო, 1904, რიჯევილი, ინდიანას შტატი – გ. 15 ივნისი, 1971, სალამანკა, ესპანეთი) – ამერიკელი ვირუსოლოგი და პროფესორი, ნობელის პრემიის ლაურეატი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

1926 წელს დაამთავრა ერლემის კოლეჯი (რიჩმონდი, ინდიანას შტატი). 1929 წლიდან მუშაობდა ილინოისის უნივერსიტეტში, 1930 წლიდან - მიუნხენის უნივერსიტეტში. 1931 წელს დაბრუნდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სამედიცინო კვლევების როკფელერის ინსტიტუტში (ნიუ-იორკი) სამუშაოდ, 1932 წლიდან გადავიდა პრინსტონის იმავე როკფელერის სახელობის ინსტიტუტში. 1948 წლიდან უენდელ სტენლი ბერკლის უნივერსიტეტის (კალიფორნია) პროფესორია. 1941 წელს არჩეულ იქნა ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერებათა აკადემიის, ხოლო 1963 წელს ნიუ-იურკის მეცნიერებათა აკადემიის წევრად.

1946 წელს უენდელ სტენლიმ ჯ.ნორტროპთან და ჯ.სამნერთან ერთად მიიღო ნობელის პრემია ქიმიაში.

კვლევა[რედაქტირება]

უენდელ სტენლის კვლევის სფერო ვირუსოლოგია იყო. მან პირველმა, 1935 წელს მოახერხა თამბაქოს ვირუსის გამოკრისტალება და ზედმიწევნით შესწავლა. წინამორბედთა შრომათა გაანალიზებისას იგი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ თამბაქოს მოზაიკის ვირუსი ცილოვანი მოლეკულა იყო. საკუთარი მოსაზრების დასადასტურებლად მეცნიერმა უმძიმესი შრომა გასწია. მან დაიწყო იმით, რომ შეაგროვა ვირუსით დაავადებული ერთი ტონა თამბაქოს ფურცელი. იგი ამ ფურცლებს წურავდა, წვენს ასუფთავებდა და მასში შემავალ ცილას იკვლევდა. შედეგად სტენლიმ მიიღო ერთი სუფრის კოვზი მიკროსკოპული ნემსისებრი კრისტალები. ამ კრისტალების ყოველმხრივი შემოწმებით მან დაამტკიცა, რომ ისინი მთლიანად ცილისაგან შედგებიან და არაფერს შეიცავენ, გარდა თამბაქოს მოზაიკის ვირუსისა. ვირუსოლოგიისათვის ამ ექსპერიმენტს კოლოსალური მნიშვნელობა ჰქონდა. ფაქტობრიად, ამ კვლევამ პრინციპული გარდატეხა შეიტანა ვირუსების შესწავლის საქმეში. სტენლის მიერ გამოკრისტალებული თამბაქოს მოზაიკის ვირუსი პირველი ვირუსია, რომელზე მანიპულაციები და შემდგომი კვლევები გახდა შესაძლებელი. გარდა ამისა, სტენლის წყალობით დღეს უკვე საბოლოოდ დამტკიცებულია, რომ ვირუსი შედგება ორი ნივთიერებისაგან - ცილისა და ნუკლეინის მჟავისაგან.

ნაშრომები[რედაქტირება]

სტენლის ნაშრომი "ვირუსები და სიცოცხლის ბუნება", რომელიც მან თავის კოლეგა ე.ეველენთან ერთად დაწერა, ვირუსოლოგიაში კლასიკად ითვლება. ქართულ ენაზე წიგნი ალექსი მთვარელიძემ თარგმნა და გამოსცა გამომცემლობა "ნაკადულმა" 1969 წელს.